აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელს შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯონ
აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელის განაჩენი
აფხაზეთში რუსი ტურისტის, ამინა ბიკბოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს რეციდივისტად არ განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ მას წარსულში სექსუალური ძალადობის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის უკვე ჰქონდა მისჯილი. მიზეზი ისაა, რომ მაშინ ედგარ აბუხბა არასრულწლოვანი იყო. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ თანამშრომელმა, იურისტმა საიდ გეზერდავამ განუცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სასჯელს შეუფარდებს მას სასამართლო.
„აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც მკვლელობას ეხება, სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მაქსიმუმ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ნაწილი გაცილებით მკაცრია – 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.
ამასთან, თავისუფლების აღკვეთის ვადასთან დაკავშირებით ერთი ნიუანსია: „ქაღალდზე“ შეიძლება 12 ან 15 წელი ეწეროს, მაგრამ აფხაზეთის კანონმდებლობით ვადების გამოთვლის სისტემის გათვალისწინებით, შესაძლოა, მან სასჯელის სახით მხოლოდ რვა წელი მოიხადოს“, – განაცხადა საიდ გეზერდავამ.
თუმცა იურისტმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა, რომლებთანაც მას საუბარი ჰქონდა, განაცხადეს, რომ სასამართლოს ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ექნება და ეს განაჩენის გამოტანისას სასჯელის ვადაზე გავლენას მოახდენს.

26 წლის ორენბურგელმა მცხოვრებმა (რუსეთი) დასასვენებლად გაგრაში ჩასვლისას გაიცნო ადგილობრივი 25 წლის მცხოვრები, ხილით მოვაჭრე ედგარ აბუხბა.
გაცნობის შემდეგ ისინი რამდენიმე დღე ტელეფონით მიმოწერას განაგრძობდნენ. შემდეგ, 24 სექტემბერს, ამინას მეგობრის თქმით, ბიჭმა გოგონა ყავაზე დაპატიჟა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და ახლობლებთან კავშირიც აღარ ჰქონია.
შვილის გაუჩინარებით შეშფოთებულმა მშობლებმა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
ერთი დღის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ის ედგარ აბუხბა აღმოჩნდა.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მცხოვრები ედგარ აბუხბა ორენბურგის ოლქიდან 26 წლის ტურისტის, ამინა ბიკბოვას მკვლელობის ეჭვმიტანილად დააკავეს. გოგონა სამი დღის განმავლობაში ახლობლებთან კავშირზე არ გასულა.
გამოძიების ინფორმაციით, აბუხბამ გოგონას მკვლელობა აღიარა. 29 სექტემბერს გაგრის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2019 წლის ივლისში აბუხბამ კიდევ ერთი რუსი ტურისტის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული. მან ქალი გააუპატიურა და სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ის შრომისუუნარო გახდა. აბუხბამ მას ტელეფონი, ფული და სამკაულები მოჰპარა. 2021 წელს მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა უკვე 2024 წლის თებერვალში საპატიმრო დატოვა.
აბუხბას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. 7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმე რაიონული პროკურატურიდან აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცა.
ამინა ბიკბოვას მამამ „კავკაზსკი უზელს“ განუცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ოჯახს ამინას ცხედრის გადასვენებაში დაეხმარა. გოგონა 2 ოქტომბერს დაკრძალეს. მისი თქმით, ორენბურგის ოლქის ხელისუფლებას ოჯახისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია.
აფხაზეთში ტურისტების მონაწილეობით კონფლიქტები ადრეც არაერთხელ მომხდარა. უახლოესი ცნობილი შემთხვევა 26 აგვისტოს რიწის ტბასთან მოხდა, სადაც ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება იყო. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმა ტურისტმა რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა მიიღო, აფხაზეთის სამი მცხოვრები კი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
2 აგვისტოს სოხუმში თავს დაესხნენ ჩერქესკიდან დასასვენებლად ჩასულ ქალს. ის ტვინის შერყევითა და სხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- რუსმა ტურისტებმა აფხაზეთში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ქვები დაუშინეს
- რუსი ტურისტი აფხაზეთში შიშველი ტორსის გამო დაჭრეს – რატომ ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება საქმის მიჩქმალვას?
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას