„უახლოეს თვეებში გადავწყვეტთ“ - ფაშინიანი სომხეთის ახალი ატომური ელექტროსადგურის მოდელის არჩევაზე
ფაშინიანი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანიმა განაცხადა, რომ მთავრობამ ახალი ატომური ელექტროსადგურის ტექნოლოგიისა და მოდელის არჩევასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა.
„ადრე მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა მოდულურ ატომურ ელექტროსადგურზე უფრო მძლავრი სადგური. ეს იყო ჩვენი პოზიცია. მაგრამ ახლა უნდა გვესმოდეს, რომ მოდულური სადგური, დიდი ალბათობით, საკმარისი არ იქნება ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი განმარტებით, პოზიციის შეცვლა ხელოვნური ინტელექტის ფაბრიკების მშენებლობას უკავშირდება. ახლა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობა გაჩნდა.
ახალი ატომური ელექტროსადგურისთვის ყველაზე შესაფერის ტექნოლოგიაზე მსჯელობა გრძელდება. სომხეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 2027 წლის ბოლომდე შეძლებს.
ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორის, ალექსეი ლიხაჩოვის ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის მხარის წინადადებები განიხილეს.
ამჟამად სომხეთში მუშაობენ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივებაზე. რუსეთის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობდა სადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისა და მოდერნიზაციის სამუშაოებში. სადგური თავდაპირველად 1977 წელს ამოქმედდა.
ამასთან, ერევანი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთანაც განიხილავს. პრემიერ-მინისტრს ბოლო პერიოდში არაერთხელ განუცხადებია, რომ ატომური ენერგეტიკის საკითხი სომხეთისთვის გეოპოლიტიკურ არჩევანს არ წარმოადგენს: „ჩვენ მივიღებთ იმ წინადადებას, რომელიც ჩვენთვის საუკეთესო იქნება“.
- “თუ რუსეთი სამხედრო ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით” — ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრა შეაჯამა
- ერევანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემების დაკავშირების პოტენციალს განიხილავს
- როგორ ჩაიარა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიულმა ვიზიტმა სომხეთში. დეტალები და შეფასებები
ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის წინადადებას მიიღებენ
ახალი ატომური ელექტროსადგურის ტექნოლოგიის არჩევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერამდე სომხეთი ელექტროენერგიის ჭარბი წარმოების მქონე ქვეყანა იყო.
„გვიწევდა ფიქრი, სად მიგვემართა ელექტროენერგიის ეს ჭარბი მოცულობა. ერთი წლის შემდეგ სომხეთი ელექტროენერგიის დეფიციტის მქონე ქვეყნად იქცა“, – განაცხადა მან.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ამ პერიოდში სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ორი ფაბრიკა აშენდა:
„საქმე ისაა, რომ უკვე დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე, სომხეთი ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. ანუ ეს პროექტები მთლიანად შთანთქავს ჩვენ ხელთ არსებულ ჭარბ ელექტროენერგიას. შესაბამისად, უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედოთ შემდგომ“.
პრემიერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს თვეებში იქნება მიღებული. უფრო მეტიც, ფაშინიანმა განმარტა, რომ შესაძლოა რუსეთის მიერ წარმოდგენილი წინადადებაც მიიღონ:
„სავსებით შესაძლებელია, რომ 1000 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან საკითხი ექსპერტული შეფასების ეტაპზეა“.
„ბლოკი უნდა იყოს მინიმუმ ერთი, მინიმუმ 1 გიგავატის სიმძლავრით“ – ლიხაჩოვი
ერევანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის წინადადების ზოგიერთი დეტალი ჟურნალისტებს „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი ლიხაჩოვმა გააცნო. მისი თქმით, სომხეთი ატომურ ენერგეტიკაზე კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში გააგრძელებს დაყრდნობას. შესაბამისად, რუსეთი უახლოეს თვეებში ახალი ენერგობლოკის მშენებლობასთან დაკავშირებით „ყველაზე კონკურენტუნარიან წინადადებას“ ჩამოაყალიბებს.
„ჩვენი გაგებით, ეს ბლოკი უნდა იყოს მინიმუმ ერთი, მინიმუმ 1 გიგავატის სიმძლავრით“, – განაცხადა ლიხაჩოვმა.
მისი თქმით, საუბარია ВВЭР-1000 ტიპის რეაქტორზე – წყლის წნევიანი ენერგეტიკული რეაქტორზე, რომლის სიმძლავრე 1000 მგვტ-ია.
„როსატომის“ ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს წინადადება „საუკეთესოა, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებობს“. მან ასევე აღნიშნა, რომ „როსატომმა“ სწორედ ВВЭР ტიპის რეაქტორები ააშენა და ამჟამად აშენებს ინდოეთსა და ირანში:
„მათში შერწყმულია როგორც ძალიან მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობა, კერძოდ, ელექტროენერგიის დაბალი ღირებულება, ისე თაობა 3+-ისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ყველა სისტემა“.
ერევანში „როსატომის“ გენერალურ დირექტორთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაშინიანმა და ლიხაჩოვმა განიხილეს:
- სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მოქმედი, მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაზე მიმდინარე სამუშაოები;
- რუსეთის მხარის წინადადებები ახალი ენერგობლოკის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ამასთან, პრემიერმა ლიხაჩოვს აცნობა, რომ სომხეთის მთავრობა აგრძელებს სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული წინადადებების განხილვასაც.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებების საფუძველზე იქნება მიღებული. კერძოდ, გათვალისწინებული იქნება ფასი, ხარისხი, უსაფრთხოება, ვადები და გარანტიები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ალექსეი ლიხაჩოვმა სომეხ პარტნიორებთან თანამშრომლობა კონსტრუქციულად შეაფასა. გარდა ამისა, „როსატომის“ ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია წარადგინა არა მხოლოდ მაღალი სიმძლავრის ВВЭР ტიპის რეაქტორის, არამედ მცირე და საშუალო სიმძლავრის რეაქტორების მშენებლობის შესახებაც. თუმცა, პრემიერ-მინისტრის აპარატს ამ წინადადებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.