14 წელი ხელისუფლებაში: როგორ აფასებენ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდს ექსპერტები
ქართული ოცნების 14 წელი
1-ელ ოქტომბერს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წელი შესრულდა. დღეს მმართველი პარტიის 14 წლიანი პერიოდის შეფასებები მკვეთრად განსხვავებულია იმისგან, რაც თუნდათ 5 წლის წინ იყო.
ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი იმ პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ხოლო არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და საგარეო კურსზე არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე მიუთითებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლები შეიძლება ნორმალურად შეფასდეს, თუმცა დღეს, მისი თქმით, ქვეყანა „სრული დიქტატურის“ პირობებშია და დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად აღარ ფუნქციონირებს.
დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე კი საუბრობს იმ ცვლილებებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან, ნატო-სა და დასავლეთთან ურთიერთობებში 2012 წლის შემდეგ გამოიკვეთა.
როგორ აფასებენ „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას თავად პროცესის მონაწილეები და რა შეიცვალა ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ?

სანდრო ბარამიძე: საბოლოო ჯამში, ეს 14 წელი არის ის, რომ ყველაფერი დაიწყო დაპირებებით – ადამიანის უფლებების დაცვით, არნახული დემოკრატიის მშენებლობით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფით, ეკონომიკური აღმავლობით და ა.შ. ასეთი დაპირებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში.
ვიტყოდი, რომ პირველი წლები იყო ნორმალური. იყო გარკვეული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში ვცდილობდით დემოკრატიულ გარდაქმნებს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა ჯერ გაჩერდა, შემდეგ შეიცვალა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და დღეს ჩვენ გვაქვს სრული დიქტატურა, ერთი ადამიანის დიქტატურა, რომელიც ამ ქვეყანას მართავს კულუარებიდან თავისი ამფსონების მეშვეობით.
ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს არც ხელისუფლებათა დანაწილება და გამიჯვნა, არც ურთიერთშეკავებისა და კონტროლის მექანიზმები, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო არც საერთო სასამართლოების სახით და არც საკონსტიტუციო სასამართლოს სახით, დემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია საშინელი წნეხის ქვეშაა. მეტიც, ერთ დროს ძალიან მრავალფეროვანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება სულს ღაფავს.
არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი გამართულად აღარ ფუნქციონირებს, ოპოზიციურ პარტიებს გაუქმებით ემუქრება, პოლიტიკური ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, დანარჩენებს კი ახალი ბრალი წაუყენეს და მრავალი წლით ციხე ემუქრებათ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით. ადამიანებს ყოველდღიურად იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის თუ „ფეისბუქში“ ამა თუ იმ ფორმის განცხადებისთვის…
ერთი სიტყვით, გვაქვს სრული დიქტატურა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება, თუმცა რაღაც პერიოდი კოშმარი, რაც მათ დამართეს ქვეყანას, გრძელდება.“

გიგი გიგიაძე: 2012 წელს საქართველო იყო ევროკავშირის, ევროპის, ნატო-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო პარტნიორი, ყველაზე სწრაფად ტრანფსორმირებადი ქვეყანა. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსწავლე გუნდში, რომელსაც ერქვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრები”.
საქართველო იყო ყველაზე მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, საქართველო იყო რეალურად ევროკავშირისა და ნატო-ს დასაყრდენი ამ რეგიონში, საქართველო ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო-საწვრთნელ სამშვიდობო მისიებში, რომელსაც ახორციელებდა როგორც ერთი ორგანიზაცია, ასევე, მეორე და საქართველო იყო ყველაზე დიდი ნათელი წერტილი აღმოსავლეთ ევროპაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რეალურად ჰქონდა სურვილი, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები.
დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენ გვაქვს სრულიად საპირისპირო რეალობა – საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე დისტანცირებული, ყველაზე მეტად შორს მყოფი ქვეყანა ევროკავშირისა და დასავლეთისგან. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც საქართველომ დაკარგა ყველა მონაპოვარი, რომელიც გვქონდა ამ გზაზე. საქართველოს აღარავინ აღარ აღიქვამს, როგორც რეალურ კანდიდატს, რეალურ რეფორმატორს, რეალურ მოწინავე ჯგუფში მყოფ ქვეყანას.
საქართველოსთან მიმართებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიიღება საკმაოდ მკაცრი სანქციები და საკმაოდ უარყოფითი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვაქვს ძალიან უარყოფითი შეფასება უამრავი მაჩვენებლის მიხედვით და ეს სიახლე არ არის, ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უკუსვლა.
ჩამოყალიბდა ვაკუუმი, რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს საგარეო კურსი ყოველთვის იყო ძალიან ცხადი, ყოველთვის განსაზღვრული იყო, საით ვმოძრაობდით. ეს ყველასთვის ცხადი იყო, განსაკუთრებით ირანისთვის. აქამდე ვერასდროს ვერავინ, ვერც ირანის ელჩი და ვერც ვერცერთი წარმომადგენელი ვერ გაბედავდა მსგავსი რიტორიკით საუბარს საქართველოსთან, ვერავინ გაბედავდა მსგავსი განცხადებების გაკეთებასა და მსგავსი მუქარების გაჟღერებას იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცოდა, ვის გვერდით ვიდექით ჩვენ, ვინ იყვნენ ჩვენი პარტნიორები და ვის გუნდში მოვიაზრებოდით.
მას შემდეგ, რაც მოხდა საქართველოს დაშორება და კატასტროფული დისტანცირება ევროპისგან, ევროკავშირისგან და დასავლეთისგან, გაჩნდა ძალიან ბუნებრივი ვაკუუმი, რომლის შევსებასაც ახლა ირანი თავისი გავლენით ცდილობს.
ირანი ძალიან კარგად ხვდება, რომ ახლა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ აქ საკუთარი ყოფნა გააძლიეროს.
ირანის ელჩი უკვე აღარ ერიდება აღარაფერს. მას ჰგონია, რომ ყველაფრის თქმა და გაკეთება შეუძლია, საკუთარ თავს შებოჭილად აღარ თვლის და ანგარიშს აღარავის უწევს. ეს ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს. ეს გამოიწვია “ქართული ოცნების” იმ უგუნურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც 14 წელია, ჩვენ თვალს ვადევნებთ.”

ბექა ნაცვლიშვილი: “ეს არ იყო უბრალოდ არჩევნებით ხელისუფლების დათმობა, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ იძულებული აღმოჩნდა, დიდი და მძიმე ექსცესების გარეშე დაეთმო ხელისუფლება. მე ამას ვარქმევ, რევოლუციას საარჩევნო ყუთებთან. გარკვეული თვალსაზრისით, ეს რევოლუციური ხასიათის ცვლილება იყო. რევოლუცია ნიშნავს სისტემის ცვლილებას და სამწუხაროდ, იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა სისტემის ცვლილების, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა.
1 -ელ ოქტომბრის გამარჯვება, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არ არის. 2012 წელს ხომ არ ვგლეჯთ საქართველოს ისტორიიდან. 2006 წელს ჩამოვედი უცხოეთიდან და მის მერე ქუჩაში ვიყავი 2012 წლამდე. ჩემზე მეტი ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანები იყვნენ ამ კოალიციაში. ბრძოლა მიმდინარეობდა მაინც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გარეშე შედეგი არ იყო, მაგრამ მისმა გამოჩენამ ამ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მუხტი შესძინა, რამაც შემდეგ გარდამტეხი ცვლილების შესაძლებლობა გააჩინა. ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ ერთი ადამიანის ან ადამიანთან ჯგუფის დამსახურებაა.
1 -ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამას ნამდვილად ვადასტურებ და ვარ ამაყი, რომ ვარ მონაწილე ამ პროცესის. როდესაც პირველი პარლამენტი შეიკრიბა, ეს იყო პოლიტიკოსების პარლამენტი. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა, მაშინ ბევრად უფრო მაღალი იყო საზოგადოების მიმართ და ეს პოლიტიკოსები თვითმყოფადი ადამიანებიც იყვნენ. მათ მიერ სიტყვის გატეხა ან დაპირებებზე გადახვევა ბევრად უფრო რთული იყო. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია. პრაგმატული თვალსაზრისით, მონოლითური პარტიის ჩამოყალიბების გეგმა სწორიც იყო. ძალიან რთულია მარტო ქვეყანა, როდესაც თვითონ შენ გუნდშიც ძალიან განსხვავებული იდეოლოგიის ხალხი გყავს, მაგრამ პრობლემა რაშია? „ქართული ოცნება“ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები აღარ იყვნენ იქ. ის ადამიანები აღარ იყვნენ, ვინც ბრძოლის წიაღიდან მოდიოდნენ. დღეს იქ პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა. თითო-ოროლა თუ შემორჩა პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებაში“.
ის ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, არავის არ ახსოვს,როგორც პოლიტიკური ფიგურები. ვინც ლიდერი ხდება მმართველი გუნდის, იქ მასთან დაახლოებული ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ სიაში ეწერებიან და პარლამენტში არიან ხოლმე. პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, მაგრამ პოლიტიკოსები არ არიან.“