„არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას“ — თბილისში ანტიანექსიური პლატფორმა დაფუძნდა
ანტიანექსიური პლატფორმა
თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ გაერთიანება ზეპარტიული და აპოლიტიკური იქნება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის წინააღმდეგ სამართლებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედებაა.
დაფუძნების ღონისძიებაზე პლატფორმამ მიიღო დეკლარაცია სახელწოდებით: „არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
დეკლარაციის თანახმად, პლატფორმა აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, თავისუფლებასა და ადამიანის ღირსებას მთავარ ღირებულებებად მიიჩნევენ.
დამფუძნებლები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, სეპარატიზმის მხარდაჭერა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული ცვლილებების ძალადობრივი გზით განხორციელება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
„ანტიანექსიური პლატფორმა“ საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეთა ზეპარტიულ და ნებაყოფლობით გაერთიანებად განსაზღვრავს. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრებთან, მისი საქმიანობის პოლიტიკური კუთვნილებისგან დამოუკიდებლად.
პლატფორმის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა სახელდება, ასევე რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა.
გაერთიანება გეგმავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებების დაცვაზე მუშაობას, სამართლებრივი კვლევებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
დეკლარაციის მიხედვით, პლატფორმა ასევე აპირებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობას. საქმიანობის მიმართულებებს შორისაა კონფერენციების, დისკუსიებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, ასევე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
პლატფორმა მხარს უჭერს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული პირების მიმართ მიზნობრივი საერთაშორისო სანქციების დაწესებას. დეკლარაციაში ასევე საუბარია საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირების ხელშეწყობაზე.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაერთიანების საქმიანობა მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით არ შემოიფარგლება.
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის ბრძოლა სამართლიანობის, ადამიანის ღირსების, ისტორიული სიმართლისა და მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დამფუძნებლების განცხადებით, პლატფორმა კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით მოგვარებას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და ადამიანის უფლებების დაცვას ეფუძნება.
„რუსეთის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ანექსია ვერასდროს გახდება კანონიერი რეალობა, ხოლო ძალადობით შეცვლილი საზღვრები ვერ მოიპოვებს მორალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ „ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები: ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე; ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (CSAC) თანადამფუძნებელი; აკია ბარბაქაძე, თადარიგის პოლკოვნიკი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე; რეჟისორი კახა გოგიძე; „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია; ნიკოლოზ ვაშაკიძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე; ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) დირექტორი გიორგი მელაშვილი და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.