აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგო“ აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს, რათა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის რესურსი შეინარჩუნოს და ზამთრისთვის მოემზადოს.
აქამდე ელექტროენერგიის იმპორტი, როგორც წესი, მხოლოდ ზამთრის პერიოდში ხდებოდა, როდესაც ენგურის ჰესზე წყლის დონე მცირდებოდა. თუმცა, ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის მაღალი ფასების გამო, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა საჭირო მოცულობის ელექტროენერგია შედარებით იაფ პერიოდში შეიძინოს.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-იანი წილი, რომელსაც აფხაზური მხარე ომის შემდეგ მიღწეული არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე იღებს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღარ აღმოჩნდა საკმარისი რეგიონში მზარდი მოხმარების დასაკმაყოფილებლად.
“ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ტიმურ ჯინძოლიას განცხადებით, ელექტროენერგიის წლიური დეფიციტი 500-650 მილიონ კვტ/სთ-ს აღწევს. მისი თქმით, აფხაზეთის ბიუჯეტში ელექტროენერგიის იმპორტისთვის შესაბამისი დაფინანსება გათვალისწინებულია, თუმცა არსებული რესურსი დეფიციტის სრულად დასაფარად საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ შეიმუშავა ხელისუფლებამ გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსული ელექტროენერგია იმ პერიოდში იქნება შეძენილი, როდესაც მისი ფასი ყველაზე დაბალია.
ორი წლის წინ, კრიპტოვალუტის მაინინგის ფართოდ გავრცელების ფონზე, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ 3 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწია. ენერგოდეფიციტის გამო რეგიონში შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება პერიოდულად იზღუდებოდა.
ბოლო წლებში მიღებული ზომების შედეგად, მათ შორის მოხმარების კონტროლისა და ოპტიმიზაციის ფონზე, დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2025 წელს დაახლოებით 320 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების სახით მიაწოდა, ხოლო დამატებითი მოცულობების შეძენა კომერციული პირობებით გახდა საჭირო.
ტიმურ ჯინძოლიას განცხადებით, ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირების მიუხედავად, რეგიონი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე, რის გამოც ხელისუფლება ცდილობს შესყიდვები იმ პერიოდში განახორციელოს, როდესაც ტარიფები ყველაზე დაბალია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო