"საქართველოში 21.5 მილიონი ლარი გაათეთრეს" — პროკურატურის ცნობით ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნეს
გაზიარება
გაზიარება
ტრანსნაციონალური დანაშაული
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის (21.5 მილიონი ლარის) გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქისა და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი საქმიანობა რამდენიმე ქვეყანაში განახორციელეს, მიღებული უკანონო შემოსავლები კი საქართველოში გადმოიტანეს მათი წარმოშობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმოები დააფუძნეს ისე, რომ რეალური სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება არ ჰქონდათ განზრახული. გამოძიების თანახმად, მათ ყალბი დოკუმენტებისა და ფიქტიური დანიშნულებების გამოყენებით უცხოეთიდან საქართველოს საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები, რომელთა საერთო მოცულობა სხვადასხვა ვალუტაში 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს.
უწყების ცნობით, თანხების ნაწილის კვლავ საზღვარგარეთ გადარიცხვა განხორციელდა ყალბი დოკუმენტაციისა და ფიქტიური დანიშნულებების გამოყენებით, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია.
ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ფიზიკური პირებისთვის აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ჯარიმა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. უწყების ცნობით, პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ ძებნა გამოცხადდება.
გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაყადაღებულია დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება.
უწყება აცხადებს, რომ დაყადაღებული აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის მიზნით შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.