მაკალისტერი: ევროკავშირის გაფართოება რეფორმებზეა დამოკიდებული და არა გეოპოლიტიკურ კომპრომისებზე
გაზიარება
გაზიარება
ევროკავშირის გაფართოება და საქართველო
ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივა დამოკიდებულია არა გეოპოლიტიკურ ნიუანსებზე, არამედ დემოკრატიულ სტანდარტებთან რეალურ შესაბამისობაზე – ასე აფასებს ვითარებას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
“ნეტგაზეთან“ ინტერვიუში მაკალისტერი ამბობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და ეს აისახება ევროპარლამენტის ბოლო შეფასებებშიც, სადაც საქართველო აღწერილია, როგორც კანდიდატი ქვეყანა “მხოლოდ ქაღალდზე“.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკული ანგარიში პირდაპირ აყალიბებს ევროპარლამენტში მზარდ სკეპტიციზმს საქართველოს მთავრობის მიმართ და გავლენას ახდენს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა სანქციები, სავიზო პოლიტიკა, ფინანსური დახმარება და გაფართოების საერთო დღის წესრიგი.
“ანგარიში მკაფიოდ ასახავს ჩვენს პოზიციას. ის ასევე გამოყოფს განსხვავებას ხელისუფლების ქმედებებსა და საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს შორის, რომელიც კვლავ მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას“, – აცხადებს მაკალისტერი.
მისი შეფასებით, “ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანა დააშორა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას, თუმცა ეს, მისი თქმით, არ ნიშნავს, რომ პერსპექტივა საბოლოოდ დახურულია:
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მაგრამ წინსვლა საჭიროებს მკაფიო პოლიტიკურ ცვლილებას. რეპრესიული პრაქტიკები, ანტიევროპული რიტორიკა და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეუთავსებელია წევრობის სტანდარტებთან
მაკალისტერი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავაც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, სადაც პროგრესი დამოკიდებულია რეფორმებზე და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებაზე.
მისი თქმით, საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით ტრანზიტის, სავაჭრო მარშრუტებისა და რეგიონული სტაბილურობის თვალსაზრისით, თუმცა ეს ფაქტორი ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ მოთხოვნებს.
“ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანას ვერ განიხილავს მხოლოდ ტრანზაქციულ პარტნიორად. წევრობისკენ გზა დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე გადის“, – აღნიშნავს მაკალისტერი.
დევიდ მაკალისტერი
მისივე თქმით, ევროკავშირსა და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის არსებული თანამშრომლობის მაგალითები, მათ შორის რეგიონში, საქართველოსთვის ავტომატურად “ალტერნატიულ მოდელს“ ვერ ქმნის. “ქართულ ოცნებას“ ხშირად ადარებენ ასეთ მოდელებს, თუმცა მაკალისტერის შეფასებით, კანდიდატის სტატუსი განსხვავებულ ვალდებულებებს გულისხმობს:
ევროკავშირში გაწევრიანება ტრანზაქციული ურთიერთობა არ არის.
ინტერვიუში მაკალისტერი ასევე ეხმაურება ევროპარლამენტში მედიის აკრედიტაციის შეზღუდვებს. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები იშვიათია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიიღება.
ევროკავშირის გაფართოების მომავალზე საუბრისას ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ომმა პროცესი დააჩქარა და ახალი მიდგომების განხილვა გაააქტიურა, მათ შორის ეტაპობრივი ინტეგრაციისა და ერთიან ბაზარზე ადრეული წვდომის მოდელების.
თუმცა საბოლოო პრინციპი, მისი თქმით, უცვლელია: პროგრესი დამოკიდებულია რეფორმებზე.
“ნაცრისფერი ზონებისთვის დრო აღარ დარჩა“, — ამბობს მაკალისტერი და დასძენს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.