"ხელისუფლება ოპოზიციას ეხმარება“ - მოსაზრება აფხაზეთიდან კან კვარჩიას საქმეზე
გაზიარება
გაზიარება
კან კვარჩიას საქმე
აფხაზეთის აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა პარლამენტს მოთხოვნით, ჩამოერთვას ოპოზიციონერ დეპუტატ კან კვარჩიას საპარლამენტო იმუნიტეტი, რათა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
საქმე უკავშირდება 2025 წლის ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც კვარჩიამ და ოპოზიციის სხვა აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქე პოლიტიკური სტრატეგების შესახებ, რომლებიც, მათი მტკიცებით, უკანონოდ მუშაობდნენ პრო-სამთავრობო კანდიდატებისთვის მუნიციპალური არჩევნების დროს.
მოგვიანებით, თავად ეს აქტივისტები აღმოჩნდნენ ბრალდებულების როლში. რუსეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მათზე თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს. ამ საფუძველზე აფხაზეთის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გამოძიების ფარგლებში ოთხი ეჭვმიტანილი შინაპატიმრობაში მოათავსეს, კიდევ ორს კი აფხაზეთის დატოვება აეკრძალა. კან კვარჩიას მიმართ სამართლებრივი ქმედებები არ განხორციელებულა მისი საპარლამენტო იმუნიტეტის გამო.
“აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრის” შეფასებით, პროკურატურის მოთხოვნა კვარჩიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის შესახებ მხოლოდ იურიდიულ საკითხს აღარ წარმოადგენს და პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. მათი შეფასებით, საკითხი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თავად დეპუტატზე, არამედ პარლამენტის სხვა წევრებზეც.
ცენტრის თანახმად, დეპუტატები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სადაც ერთის მხრივ არსებობს ზეწოლა და ლოიალობის დემონსტრირების მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ – ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვის რისკი.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ აფხაზურ პოლიტიკურ კულტურაში არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც არ არის მიღებული, თუმცა უსამართლობისა და გარე ზეწოლის აღქმის შემთხვევაში სოლიდარობის ფაქტორი ძლიერდება.
მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე იმ დეპუტატებსაც კი, რომლებიც კვარჩიას პოზიციებს არ იზიარებენ, შესაძლოა მოუწიოთ მისი მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები.
აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, რომ არსებული პროცესები საბოლოოდ შეიძლება თავად ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს, მათ შორის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდისა და მხარდამჭერთა ბაზის დაყოფის ფონზე.