თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ აზავერების ოჯახს ახალი წევრი, პატარა ხბო შეემატა. დედაც და ახალშობილიც თავს მშვენივრად გრძნობენ და ერთმანეთის შესწავლაც უკვე დაიწყეს. აზავერის ახალშობილი ხბო დაბადებიდან ათ წუთში უკვე მყარად დგას ფეხზე. ერთი წლის ასაკში ანებებს რძის ჭამას თავს და დამოუკიდებელი ხდება.
აზავერი ეგზოტიკური გარეგნობის, მსხვილფეხა, ოთხფეხა ცხოველია. ამ ცხოველებს გრძელი, უმეტესად მუქი ყავისფერი, მუხლამდე ბეწვი და დიდი, დაგრეხილი რქები აქვთ. წერილობითი წყაროების თანახმად, ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში აზავერს საოჯახო მეურნეობაში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად და მშენებლობაში იყენებდნენ. აზავერი მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“.
თბილისის ზოოპარკის ცნობით, აზავერი ჰიმალაების ალპური მდელოების გუშაგია. აზავერი მსოფლიო წითელ ნუსხაშია შეყვანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა. ველური აზავერის მოკვლისთვის ჩინეთსა და ტიბეტში ჯარიმაა დაწესებული, თუმცა მათზე მაინც ნადირობენ. განსაკუთრებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, როდესაც ისინი ხორცის ერთადერთ წყაროს წარმოადგენენ.
ახალშობილი აზავერის ნახვა, თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლებს, აზავერებისა და პონების ვოლიერში შეუძლიათ.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.