სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის
გაზიარება
გაზიარება
სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი
აშშ აცხადებს, რომ საქართველოსთან “კონსტრუქციულ ურთიერთობას“ ესწრაფვის და ამავდროულად ელოდება “კონკრეტულ ნაბიჯებს“ თბილისისგან, რომლებიც დაადასტურებს ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა Netgazeti-ის კითხვას საქართველო–ირანის ურთიერთობების შესაძლო გავლენაზე,
Netgazeti დაინტერესდა, როგორ შეიძლება აისახოს თბილისსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობები როგორც აშშ-სთან ორმხრივ კავშირებზე, ისე უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის წერილობით პასუხში ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონი უკვე 33 წელია საქართველოსა და ქართველი ხალხის “რჩეული პარტნიორია“ და კვლავაც რჩება ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის “მტკიცე მხარდამჭერად“.
პასუხში ყურადღება გამახვილებულია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიღწევაშიც შუამავლის როლი ითამაშა დონალდ ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, “ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს“ ქმნის მთელი რეგიონისთვის. ვაშინგტონის ხედვით, საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში, ისე ისარგებლოს იმ სტაბილურობითა და კეთილდღეობით, რომელსაც შეთანხმება ქმნის.
ამასთან, უწყება მიუთითებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარემოზე.
განცხადების დასასრულს ხაზგასმულია, რომ განიხილება “კონკრეტული ნაბიჯები“, რომლებიც თბილისმა შეიძლება გადადგას ურთიერთობების გაღრმავებისა და წინსვლის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად.