კომენტარი: ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები თავიდანვე საუბრობდნენ
გაზიარება
გაზიარება
ქიმიური ნივთიერება აქციებზე
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) დამფუძნებელი ნონა ქურდოვანიძე გამოცემა BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნივთიერების წყლის ჭავლში შერევაზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის, საია, თავიდანვე საუბრობდა.
BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
გამოცემა წერს, რომ “კამიტე” პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, იმის გამო, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. მის შემცვლელად კი CS გაზი, ანუ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენება.
ნონა ქურდოვანიძე: “ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევაზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის, საია, თავიდანვე საუბრობდა. არაერთი განცხადება გვაქვს როგორც საჯაროდ, ასევე, მივწერეთ შესაბამის უწყებებს, თუმცა, ნივთიერების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებდნენ.
BBC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფილმში საუბარია სწორედ ამ პრაქტიკაზე და ფილმის ავტორები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული.
გიზიარებთ დაზარალებულების ისტორიებს, რომლებიც მათთამ ჩატარებული ინტერვიუების დროს შევკრიბეთ: დაზარალებული V98 (27 წლის ქალი): “სამართალდამცავებმა განსაკუთრებული რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, სავარაუდოდ, ქიმიური დანამატებით, რამაც გამოიწვია კანის დამწვრობა, სასუნთქი გზების და ფილტვების დაზიანება. სუნთქვა მიჭირდა”.
დაზარალებული V97 (25 წლის მამაკაცი): “30 ნოემბრის ღამეს ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ მოულოდნელად მასობრივად გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. დემონსტრანტებმა იგრძნეს ძლიერი, გაუსაძლისი წვა ცხვირსა და ყელში. შედეგად, ზოგიერთმა მათგანმა გონება დაკარგა”.
დაზარალებული V91 (36 წლის მამაკაცი): “30 ნოემბრის ღამეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ გამოიწვია სასუნთქი გზების მძიმე დაზიანებები, ძლიერი ხველა და ცრემლდენა”.
დაზარალებული V95 (26 წლის ქალი): “პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა უცნობი ნივთიერებები. ვგრძნობდით ძლიერ წვას ცხვირ-ხახაში, ვახველებდით და ვკარგავდით სუნთქვის კონტროლს”.
დაზარალებული V94 (36 წლის მამაკაცი): “ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ სპეცრაზმის მხრიდან დემონსტრანტების თავზე ნასროლმა გაზის კაფსულებმა სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია”.
დაზარალებული V93 (35 წლის ქალი): “ბილტმორის” მიმდებარედ პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი უშუალოდ ხალხის თავზე გაუშვა, რამაც მათ გადაადგილების საშუალება მოუსპო”.
იმის ხაზგასმაც ზედმეტია, რომ არცერთი ეს საქმე არ არის გამოძიებული, არავინაა დასჯილი და დღემდე იგნორირებულია მოთხოვნა, გასაჯაროვდეს გამოყენებული ნივთიერების მახასიათებლები.”