"სრულად მცდარი" - სახდეპი პასუხობს შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს აშშ-ის მხრიდან "ომში ჩათრევაზე"
გაზიარება
გაზიარება
სახდეპი პასუხობს შალვა პაპუაშვილს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “სრულად მცდარს” უწოდებს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს “ომში ჩათრევის” სურვილზე.
“ფორმულამ” სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა, შეეფასებინა შალვა პაპუაშვილის მიერ 21 ნოემბერს გაკეთებული განცხადება საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში ფორმულას უთხრეს, რომ “ეს ბრალდებები სრულად მცდარია”.
შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 28 თებერვალს, ელჩმა კელი დეგნანმა კაბინეტში ომში ჩართვა სთხოვა.
“ჩემს კაბინეტში იჯდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც მეუბნებოდა, ახლა ესკალაციაზე უნდა წახვიდეთ რუსეთთანო და გადაწყვიტეთ ახლა, ნათელ მხარეს ხართ თუ ბოროტზეო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ქალბატონი დეგნანი, რომელიც 28 თებერვალს, მაშინ როდესაც რუსეთის არმია მიმდგარი იყო კიევზე და მანამდე ის აშშ-ში იმყოფებოდა, ჩამოვიდა და გვეგონა, რომ მხარდამჭერი პოზიცია ექნებოდა, რომ ქართველებო, თქვენ ზედმეტად ახლა თავს ნუ გამოიჩენთ, დიდი ომი დაიწყო და მივხედავთ ჩვენ ამ საკითხს და თქვენ ზედმეტი შარი არ გახდეთ, მათ შორის, ჩვენთვის, ზედმეტი ესკალაცია არ გინდათ, იმიტომ რომ მერე აქეთ იქნებით მოსახედები, ამას მოელი ხომ ყველაზე სტრატეგიული, ძლიერი პარტნიორის მხრიდან, ნაცვლად ამისა, მოვისმინეთ ხელების ბაკუნი, რომ ახლა გადაწყვიტეთ თქვენ, ნათელ მხარეს ხართ თუ ბნელ მხარეს და რა ხდება, სანქციებს რატომ არ აწესებთ. ეს მოვისმინე მე პირადად”, – თქვა პაპუაშვილმა 21 ნოემბერს.