ანტიკორუფციული ბიურო 30-მდე ორგანიზაციას სთხოვს ინფორმაციას. მათ შორის ცხოველთა თავშესაფარიცაა
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობოებს სთხოვს ინფორმაციას
საქართველოში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ანტიკორუფციული ბიუროს მეშვეობით, 30-მდე ორგანიზაციაზე ზეწოლის ახალი ეტაპი დაიწყო.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ოცი ორგანიზაცია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიურო აფართოებს იმ ორგანიზაციების წრეს, რომელთაც საქმიანობის დოკუმენტაციას სთხოვს – 30-მდე ორგანიზაციას სთხოვს მასშტაბურ დოკუმენტაციას და ამით უკანონოდ იყენებს “გრანტების შესახებ“ კანონს.
ორგანიზაციები წერილობით მიუთითებენ, რომ ახალი საგრანტო ხელშეკრულებები არ დაუდიათ, ამიტომ ბიუროს მოთხოვნები უკანონოა. მათ ასევე მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, მაგრამ ბიურო ინფორმაციას მალავს.
“ბიურო არ უთითებს, რომელი მუხლების საფუძველზე მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის 16 აპრილიდან, მაშინ, როდესაც „გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციებიდან საჭირო ინფორმაციის მისაღებად ბიურომ უკვე მიმართა სასამართლოს. არც ბიურო და არც სასამართლო არ ხსნიან, რატომ გახდნენ კონკრეტული ორგანიზაციები მათი სამიზნე.
17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვა ცხრა ორგანიზაციასთან დაკავშირებით ბიუროს შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ დოკუმენტების გადაცემა დაავალა. თუმცა, ჯერჯერობით საქართველოში მოქმედ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას რაჟდენ კუპრაშვილის უწყებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტები არ გადაუცია, რადგან მათი თქმით, ბიურო კანონით დაუშვებელ მონაცემებს ითხოვს და თავად არღვევს კანონმდებლობას.
სამოქალაქო სექტორი ამ ქმედებებს ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს, რათა შეაჩეროს რეპრესიული კანონების გამოყენება და დაიცვას როგორც ორგანიზაციების, ისე მოქალაქეების უფლებები.
“უკანონოდ დაწყებული მონიტორინგის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და სამართლებრივ ბრძოლას რეპრესიული კანონების აღსრულების შესაჩერებლად. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას ჩვენი და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად”, – აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, ქალთა ორგანიზაციები, კვლევითი ე.წ. think-tank-ები, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები და ა.შ.
სია:
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
2. პრევენცია პროგრესისთვის
3. ევროპის ფონდი
4. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
5. ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი
6. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT
7. სამოქალაქო იდეა
8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
9. თანასწორობის მოძრაობა
10. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG)
11. უფლებები საქართველო
12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
13. ყვარლის ევროკლუბი
14. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
15. მედია ცენტრი კახეთი
16. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
17. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
19. დემოკრატიის ინსტიტუტი
20. საქართველოს სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრი
________________
მხოლოდ 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე, “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ხუთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას და გამოხატვის თავისუფლებას. ეს კანონები ფაქტობრივად, კრძალავს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას, აძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს და შესაძლებელს ხდის დასჯას კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო.