გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოიტანა. ის მზია ამაღლობელის ნათესავია, თუმცა ამის მიუხედავად, წინა პროცესზე მან უარი თქვა ამ საქმის აცილებაზე. მოსამართლემ თქვა, რომ ნათესაობის ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს არ შეუშლიდა.
გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა: “მონებო”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა” – ისმოდა დარბაზში.
“ბრძოლა ბოლომდე” – ეს წარწერა უჩვენა მზია ამაღლობელმა მის კოლეგებს, სასამართლო დარბაზის დატოვებამდე.
პატიმარი მენეჯერი მისმა კოლეგებმა, გულშემატკივრებმა, აქტივისტებმა შეძახილებით გააცილეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ დააკავეს.
თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე სისხლის სამართლის ბრალდებით. ამ საქმეზე სასამართლო პროცესები ცალკე მიმდინარეობს. დღეს, 18 მარტს, სხდომა ამ საქმეზეც გაიმართა. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.