"დასანქცირდნენ ოცნების მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტული ტელევიზიები" - ცნობილია ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსია
ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსია
ტელეკომპანია ფორმულამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს 13 თებერვალს უყრიან. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე ქართული ოცნების პროპაგანდისტული ტელევიზიების – იმედის, პოსტივის და რუსთავი 2-ის მფლობელების სანქცირებაზე.
დოკუმენტში ხაზგასმულია პოლიტპატიმრების, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე. ამასთან, რეზოლუციის პროექტში საუბარია რეჟიმის მხრიდან ზეწოლაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ და აღნიშნულია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის “ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.
ევროპარლამენტარების თანახმად, ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ასე გამოიყურება, თუმცა არასრულია:
- ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები – უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი – შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა
- ბიზნესმენები – ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად ,,რიჟა”)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე
- ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია
- კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური
- პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი
- მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი
- ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე
- საქართველოს ავიახაზების, “ჯორჯიან ეარვეისის” მფლობელი თამაზ გაიაშვილი
- ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე
რა წერია რეზოლუციაში
“ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე, როგორიცაა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე გაავრცელოს ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, სახელისუფლებო მედიის მფლობელებს, ტელეკომპანია იმედის, პოსტ ტვ-ისა და რუსთავი 2-ის ჩათვლით, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარულ მმართველობას.
ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ, შეუერთდნენ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაში და გაყინონ ევროკავშირში მთელი მისი ქონება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები.
დამოუკიდებელი მედია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულა, ტელეკომპანია მთავარი და ტვ პირველი რეჟიმის ჩარევის გამო, სისტემატური შევიწროებისა და დაშინების, ასევე მძიმე ოპერაციული და ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგანან, მედიის ათობით წარმომადგენელი კი სხვადასხვა სახის ინტენსიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ექვემდებარება.
დაფიქსირებულია არაერთი ძალადობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ შორის ალექსანდრე ქეშელაშვილზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, მათი სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის, საბა ქევხიშვილის შევიწროება.
12 იანვარს ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.” – წერია რეზოლუციის პროექტში.