კომენტარი: ივანიშვილი პროტესტის მართვას ბელარუსის მეთოდით ცდილობს
საბა ბრაჭველის კომენტარი
“ღია საზოგადოების” ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობას და ჟურნალისტების დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერი ის ხდება, რაზეც არასამთავრობოები და ჟურნალისტები მოსახლეობას “აშინებდნენ.” მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პროტესტის მართვას ბელარუსის მეთოდით ცდილობს.
“ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ ხალხმრავალ აქციაზე დააკავეს და პოლიციაზე თავდასხმისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს;
13 იანვარს “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ;
14 იანვარს პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა ბათუმში, სასტუმრო შერატონში მოხდა. თავდამსხმელები “ქართული ოცნების” და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე არიან.
საბა ბრაჭველი:
“იმედია ამჩნევთ, რომ არასამთავრობოები და ჟურნალისტები რითაც გაშინებდნენ, ყველაფერი რეალობა ხდება:
საჯარო სამსახურიდან ხალხის წმენდა დაიწყო;
პოლიცია ჩვეულებრივ ხალხს იჭერს, აგინებს და სცემს;
პროკურატურა უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებს, დამნაშავეებზე კი თვალს ხუჭავს;
სასამართლო თავდახრილი და წაკუზული მონებითაა სავსე;
ქოცი კრიმინალები პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, მოქალაქეს განურჩევლად და დაუსჯელად დასდევენ და სცემენ;
შვილებს ნარკოტიკებს უდებენ ციხეში გასაშვებად და დედებს მათ მოლოდინში კლავენ.
ახლა ხომ აქ ვართ? შემდეგ ეტაპსაც დაგიანონსებთ:
საჯარო სამსახურებში დაწყებული წმენდა უფრო მაგრად ამოიქოქება, მერე კი კერძო სექტორზეც გადავა;
პოლიციელები (ძაღლები) უფრო დიდი მონდომებით დაიწყებენ ადამიანების გინებას, წამებას და ცემას;
ძალადობისთვის არავინ დაისჯება (მაკა ჩიხლაძეზე რომ გპირდებოდნენ მდინარაძეები, 24 საათში დავაკავებთ დამნაშავესო, მაქსიმუმ ეს ტყუილი გაიმეორონ);
ქოცი ფორმიანი და უფორმო კრიმინალები იარაღის გამოყენებაზე და ყაჩაღობაზე გადავლენ;
სპეცრაზმელები მოქალაქეებს ესვრიან.
საიდან ვიცით? ივანიშვილი პროტესტის მართვას ბელარუსის მეთოდით ცდილობს. გარდა სისასტიკის იდენტური მეთოდებისა (დაკავებულებისთვის სახეში და კეფაში გამეტებით რტყმა, გაუპატიურებით დამუქრება, არაფორმალური ბანდების გამოყენება), შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებსა და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო, 2016 წელს – ოპერატიულ დონეზეც გაფართოვდა, 2017 წელს საიდუმლო ინფორმაციის მიმოცვლაც დაიწყო, ხოლო 2021 წელს, ბელარუსის პროტესტების სისხლში ჩახშობის შემდეგ, ქოცების პარლამენტმა ამ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნოემბერ-დეკემბერში, აქციების ყველაზე მხეცური დარბევების დროს, თბილისს სტუმრობდა რუსეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც აქაურ კოლეგებს საქმიანობა შეუქო და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ბელარუსშიც და რუსეთშიც, დღეს ყველა, ვინც ქოცი არაა, ან მკვდარია, ან ციხეშია, ან ქვეყნიდან მოუწია წასვლა. მეტიც, ასეთი პოსტის დალაიქების გამო, ბელარუსში მშობელს ბავშვს ჩამოართმევენ, რუსეთში კი – ციხეში გაუშვებენ და ჯარიმას დააკისრებენ. ჩვენ ვამბობდით, რომ რუსული კანონის ინიცირება ყველა ამ პროცესის დასაწყისი იყო. იმედია, ახლა მაინც არის ნათელი ‘ერთი არგუმენტი მაინც’, თუ რატომაა ის კანონი რუსული.
თუ ბელარუსი არ გინდათ:
კერძო სექტორის დამსაქმებლები და დასაქმებულები: გაიფიცეთ. დაიწყეთ დღეს 3 საათიდან, 3 საათით. უფრო დიდი გაფიცვის შესამზადებლად.
ბანკები: 5 მილიონი ზღვაში წვეთია. დაეხმარეთ უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს, გადარიცხეთ თანხა ადმინისტრაციული ჯარიმების ფონდში, დაიწყეთ პროტესტში მონაწილე ოჯახების დახმარება.
საჯარო მოხელეები: გაერთიანდით პროფკავშირებში. დაიწყეთ ხმის ამოღება. მოამზადეთ საჯარო დაუმორჩილებლობის აქტები. თუ გაფიცვასთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება გჭირდებათ, დაგეხმარებით.
ყველამ, ვისაც პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე, დეპუტატი ან სხვა ბობოლა თუ რიგითი ქოცი გყავთ: გააგებინეთ რას ფიქრობთ მათზე. ნუ გააგრძელებთ მათთან ჩვეულებრივ კომუნიკაციას. ნუ მისცემთ თვალის დახუჭვის კომფორტს. ცეცხლმა, რომელიც ქვეყანას წაუკიდეს, მათი სახლებიც უნდა დაწვას.
ქოცებს მხოლოდ ძალის ეშინიათ, ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. ავიწყდებათ, რომ ძალა უძალოებსაც გააჩნიათ. ჩვენ გვაქვს ძალა და ამ ძალის გამოყენების დროა.”