როგორ შეუძლია რაჭას ევროპის მწვანე ქალაქების გამოცდილების გაზიარება. რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით მომზადდა
კლიმატის ცვლილება
განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება, ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა და მწვანე სივრცეების განვითარება – იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რითაც მაღალმთიან საქართველოში, ულამაზეს რაჭაში, ეკონომიკის ისე განვითარებაა შესაძლებელი, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.
დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს ამისათვის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, უკვე არსებობს.
ამ დოკუმენტის მოსამზადებლად, ექსპერტთა ჯგუფმა, ევროკავშირის მწვანე ქალაქების გამოცდილება შეისწავლა. შემდეგ კი, ეს გამოცდილებები რაჭის კლიმატურ და საყოფაცხოვრებო პირობებს მოარგო.
როგორ დაიწყო ყველაფერი
იდეა, მომზადებულიყო დოკუმენტი, რომელიც რაჭის მდგრად განვითარებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებას შეუწყობდა ხელს, „რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას“ გაუჩნდა.
მათი ინსპირაცია იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი – საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP), რომელსაც ორგანიზაცია CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლიერებაა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პროცესში სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
საბოლოო ჯამში, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
„გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. „რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეაში“ რამდენიმე ადამიანს გაგვიჩნდა იდეა – მოდი, ვცადოთ“, – იხსენებს „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ წევრი გეგე კერვალიშვილი.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდებმა დაწერეს, რაჭის მუნიციპალიტეტებისთვის ევროკავშირის მწვანე ქალაქების გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა.
„ევროკავშირში არსებობს კონკურსი – “მწვანე ფოთლის“ ჯილდო. ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ის მწვანე პოლიტიკა, რასაც ეს კონკურსი ითვალისწინებს და გამარჯვებული ქალაქების გამოცდილება, ონისა და ამბროლაურისთვის გაგვეზიარებინა“, – გვიყვება გეგე.
რას გულისხმობს „მწვანე ფოთლის“ ჯილდო
ევროკავშირის “მწვანე ფოთლის” ჯილდოს დაწესების მიზანი მცირე ქალაქების მწვანე განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების წარმოჩენა და აღიარებაა.
კონკურსი 2015 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა ევროპულ ქალაქს, რომლის მოსახლეობაც 20 000-დან 100 000-ის ფარგლებში მერყეობს.
კონკურსის მთავარი გზავნილი ადგილობრივ დონეზე არის შემდეგი: ევროპელებს უფლება აქვთ იცხოვრონ ჯანმრთელ ურბანულ გარემოში. შესაბამისად ქალაქებმა უნდა იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და გლობალურ გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებაზე.
ჯილდო ენიჭებათ იმ ქალაქებს, რომლებსაც:
- გადადგმული აქვთ თანმიმდევრული ნაბიჯები გარემოს მაღალი სტანდარტების მიღწევის მიმართულებით;
- აღებული აქვთ ვალდებულება მიმდინარე და ამბიციური მიზნების მიღწევაზე გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების სფეროებში;
- შეუძლიათ იყვნენ მაგალითი სხვა ქალაქებისათვის და მოახდინონ საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ევროპის მასშტაბით.
რას ითვალისწინებდა გამოცდილების გაზიარება
„მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარება ონისა და ამბროლაურისათვის, რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა.
პირველ რიგში, პროექტის ფარგლებში, ჯილდოს მფლობელი რამდენიმე ევროპული მუნიციპალიტეტის პოლიტიკა შეისწავლეს. ამავდროულად, პროექტის გუნდმა მოიკვლია რა ვითარება იყო ამ კუთხით ონსა და ამბროლაურში.
როგორც გეგე გვიყვება, პროექტის გუნდმა პირველ რიგში ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების გრძელი და მოკლევადიანი განვითარების გეგმები შეისწავლა:
„მთავარი აქცენტი იყო რა ეწერა ამ გეგმებში გარემოსდაცვითი მიმართულებით. დოკუმენტების შესწავლის გარდა, ჩვენი გუნდი ატარებდა ინტერვიუებს ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის განყოფილებაში მომუშავე პირებთან“.
მას შემდეგ, რაც მონაცემები დამუშავდა, პროცესის მეორე ნაწილი დაიწყო – „მწვანე ფოთლის“ მფლობელი მუნიციპალიტეტების გამოცდილების შესწავლა.
შეირჩა ოთხი მუნიციპალიტეტი, ოთხ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში: გაბროვოს მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი), ლაპეენრანტას მუნიციპალიტეტი (ფინეთი), ვინტერსვიკის მუნიციპალიტეტი (ნიდერლანდები) და ველენიეს მუნიციპალიტეტი (სლოვენია).
გუნდის ამოცანა იყო, ამ მუნიციპალიტეტების გამოცდილება რაჭისთვის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებისთვის მოერგო.
რა ვიცით ჯილდოს მფლობელ მუნიციპალიტეტებზე
გაბროვოს მუნიციპალიტეტმა „მწვანე ფოთლის“ ჯილდო 2021 წელს მიიღო. ეს მუნიციპალიტეტი ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ბალკანეთის მთებთან, მდინარე იანტრას ხეობაში. მისი ფართობი 556 კვადრატული კილოემტრია. მოსახლეობა კი შეადგენს 62,763 ადამიანს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 50% ტყით არის დაფარული, ხოლო ტერიტორიის 1/3 შედის Natura 2000 designated area-ში (Natura 2000 არის ბუნების დაცვის ტერიტორიების ქსელი ევროკავშირის ტერიტორიაზე).
ამ მუნიციპალიტეტმა ჯილდო მიიღო მწვანე ტრანსფორმაციის პოლიტიკისთვის ყველა მიმართულებით – ენერგო ეფექტურობის, ნარჩენებისა და წყლის რესურსების მართვის, გარემოს დაცვის სფეროებში.
გაბროვის წყლის რესურსების პროექტი შეფასებულია როგორც ევროკავშირის ფონდების ინვესტირების სამოდელო პროექტი. გაბროვო ერთ-ერთი პიონერი მუნიციპალიტეტია ბულგარეთში მწვანე შესყიდვების მიმართულებით.
ლაპეენრანტას მუნიციპალიტეტმაც ჯილდო 2021 წელს მიიღო. ის მდებარეობს ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ხოლო ქალაქი განლაგებულია საიმაას ტბის ნაპირზე. მუნიციპალიტეტი ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრია ფინეთში. მისი ფართობია 1,724 კვადრატული კილომენტრი, მოსახლეობა კი შეადგენს 72 690 ადამიანს.
მუნიციპალიტეტში მდებარეობს ლაპეენრანტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც დაახლოებით ექვსი ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე კვლევებისა და ინოვაციების ლაბორატორიები სუფთა ენერგიის, ცირკულარული ეკონომიკის და წყლის ტექნოლოგიების დარგებში. მუნიციპალიტეტში დასაქმებული მოსახლეობის 12 პროცენტი გარემოს დაცვის და სუფთა ტექნოლოგიების სექტორებშია ჩართული.
ლაპეენრანტა პირველი ქალაქია მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო EKOenergy-ით სერტიფიცირებული ელექტროენერგიის გამოყენება ნულოვანი ემისიით.
ვინტერსვიკის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის „მწვანე ფოთლის“ კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულია. ის მდებარეობს ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში და მისი მოსახლეობა შეადგენს 28 852 ადამიანს. მუნიციპალიტეტი ესაზღვრება გერმანიას. მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული მიღწევები აქვს ნარჩენების მართვის და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.
ველენიეს მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის „მწვანე ფოთლის“ ჯილდო 2024 წელს მიიღო. ეს მუნიციპალიტეტი სლოვენიის ჩრდილოეთში მდებარეობს, გარშემორტყმულია მთებით (1100 მ) და მდიდარია ქვანახშირით, რამაც 1950 წლიდან სწრაფი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია განაპირობა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 33,500 ადამიანს შეადგენს.
1990 წლამდე, ველენიეს მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ჰაერის დაბინძურება მეზობელი სოსტიანის მუნიციპალიტეტში მოქმედი თერმული სადგურიდან. ემისიებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ჰაერის ხარისხზე, წყალზე, ნიადაგზე და ხეობა გადააქცია ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბინძურებულ ადგილად სლოვენიაში.
შესაბამისად, 1987 წლიდან მუნიციპალიტეტმა დაიწყო გარემოს დაცვის აქტიური პროგრამების განხორციელება. ეს მოიცავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის ინსტალაციას, ტბებისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენციას და სხვა ზომებს. შედეგად, ველენიე გადაიქცა სლოვენიის ერთ-ერთ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად.
ველენიე არის ევროკავშირის იმ ას ქალაქს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქალაქების მისიაში „100 კლიმატ-ნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქი 2030-თვის“.
რა რეკომენდაციები მომზადდა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებისთვის
დიდი განხილვები იყო, ერთ-ერთში გაბროვოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც მონაწილეობდაო, – ასე იხსენებს გეგე რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობის პროცესს.
ამბობს, რომ შედეგად, შეიქმნა კონცეფცია, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი, როგორ შეიძლება გარემოს გაუმჯობესება ონსა და ამბროლაურში.
რეკომენდაციების დოკუმენტში წერია, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით და თანამშრომლობით შესაბამის ძალისხმევას გაწევენ:
- განახლებადი ენერგიის წყროების გამოყენების წასახალისებლად და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად;
- ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების წასახალისებლად;
- ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად და ცირკულარული ეკონომიკის წასახალისებლად;
- მწვანე სივრცეების გასავითარებლად.
უფრო კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების გამოყენების წასახალისებლად, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, იზრუნოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე, ასევე, ქალაქების და სოფლების ქუჩების განათებაში ენერგო დამზოგი საშუალებებით გამოიყენოს. ამავდროულად, უნდა წაახალისოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ადგილობრივ მოსახლეობასა და კერძო სექტორში.
რეკომენდაციების თანახმად, რაჭას შეუძლია წაახალისოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება. ამისათვის, მუნიციპალიტეტმა შიდა გადაადგილებისთვის ასეთი ტრანსპოტრი უნდა შეიძინოს, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ელექტრომანქანების დასამუხტი სადგურების მოწყობას, განავითაროს ინფრასტრუქტურა ველოსიპედებისთვის და რა თქმა უნდა, იზრუნოს ამ მიმართულებებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდაზე.
კიდევ ერთი მიმართულება, ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკაა. ამ მიმართულებით ევროპული გამოცდილება მათ კარნახობს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვების და გატანის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებას, ადგილობრივებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების წახალისებას, ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიებს, ასევე, ქალაქებსა და სოფლებში პარკებისა და სკვერების რაოდების ზრდასა და მათი მოვლა- პატრონობას.
რა იქნება შემდეგ
რეკომენდაციების დოკუმენტი „ევროკავშირის მწვანე ქალაქების გამოცდილების გაზიარება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობებს დაახლოებით სამი თვის წინ გადაეცა.
გეგე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ დოკუმენტს სერიოზულად მიუდგა. მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტები ამ დოკუმენტის მზადების შესახებ ინფორმირებულიც იყვნენ და რაღაც დოზით, პროცესში ჩართულებიც.
„მოგვწერეს პასუხი, რომ განიხილავენ და შესაძლოა სამოქმედო გეგმადაც დამტკიცდეს“, – ამბობს გეგე.
და აქვე გვიმხელს, რომ ახლა ამბროლაური ახალ პროექტზე მუშაობს და მისი ამოსავალი სწორედ ეს მწვანე დოკუმენტი იქნება.
კლიმატის ცვლილება
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.