აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა
აფგან სადიგოვის საქმე
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი ჩაბარდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
“მას აზერბაიჯანულ ენაზე ჩაბარდა ემიგრაციის დეპარტამენტის უარი. ველოდებით, რომ ჩვენც მოგვაწოდებენ ქართულ დასაბუთებულ ვარიანტს თუ რა გახდა უარის მიზეზი. ამის შემდეგ ვაპირებთ, საქალაქო სასამართლოს მივმართოთ სარჩელით და გავასაჩივროთ მიგრაციის დეპარტამენტის უარი საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.”- ამბობს ადვოკატი.
თუ სადიგოვი აზერბაიჯანს გადასცეს, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ იქნება — აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმისგან იდევნებოდა და ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. სადიგოვი მანამდე აცხადებდა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
აფგან სადიგოვა მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ 2024 წლიდან იძებნებოდა “მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის”. აზერბაიჯანის მოქალაქე შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა და მის აზერბაიჯანში ექსტრადირებას გეგმავს.
ვინ არის აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს დააპატიმრეს და ამბობს, რომ სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
ჟურნალისტი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ყვება, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. სადიგოვმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია – ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.
“მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება.” – განმარტავს მედია.
აფგან სადიგოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა.