წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებით გამოვლენილია პოლარიზაცია, ძალადობა, მოსყიდვა და ა.შ. - ISFED
ISFED-ის ანგარიში
წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებით გამოვლენილია პოლარიზაცია, ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. – ISFED-მა წინასაარჩევნო, 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე (საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურად დანიშვნამდე) ანგარიში წარადგინა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა უკვე ვუყურებთ ოფიციალურ პერიოდს და გვაქვს უკვე ფაქტები, ოფიციალური საარჩევნო პერიოდი რაც დაიწყო, ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპისთვის წარმოვადგინეთ მხოლოდ 27 აგვისტომდე და ვაგრძელებთ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს”. – განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
რა წერია ანგარიშში
● პროცესსა და ტენდენციებზე დაკვირვებით ISFED-მა გამოავლინა, რომ ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველო კვლავ ძლიერი პოლარიზაციით ხვდება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოცნების ლიდერების დაპირება – თუკი ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ოპოზიციურ პარტიებს ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებენ – პრობლემური რიტორიკაა.
● პოლარიზაციის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას ასახელებენ, რომელიც საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს, რასაც მისი მოწინააღმდეგეების დაშინება, მუქარის ზარები და ფიზიკური თავდასხმები მოჰყვა. ISFED ხაზს უსვამენ რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ უკმაყოფილებასა და განცხადებებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
● მონიტორინგის პერიოდში მნიშვნელოვანი სიახლე იყო ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და ცესკო-ს გადაწყვეტილებების მიღებისთვის დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის შემცირება, რაც ორგანიზაციის განცხადებით პრობლემურია, რადგან მნიშვნელოვანია, ცესკო-ს გადაწყვეტილებები იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული, მრავალპარტიული, რათა მათ გადაწყვეტილებებს საზოგადოების ნდობა ჰქონდეს.
ISFED საარჩევნო ადმინისტრაციას რამდენიმე ასპექტში აკვირდებოდა:
● კანონმდებლობის ცვლილებით, კომისიის წევრებს დაევალათ, რომ უნდა იყვნენ სერტიფიცირებულები. როგორც განცხადებაში აღნიშნავენ, სერტიფიცირების პროცესი ძირითადად კარგად იყო ორგანიზებული, რამდენიმე შემთხვევაში კი გამოვლინდა ზედამხედველის მხრიდან მინიშნების მცდელობები, დახმარება გამოცდის ჩაბარებაში.
● საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია აკვირდებოდა რეგიონებში სიმულაციებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, თუმცა რიგ შემთხვევებში მხოლოდ ამომრჩევლისთვის გასავლელი პროცედურის დაკვირვების საშუალება მიეცა.
● ერთ-ერთი პრობლემური საკითხად ISFED განიხილავს ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებას წილისყრებთან დაკავშირებით.
● მანამდე კომისიის წევრების ფუნქციებისთვის წილისყრა არჩევნების დღეს ტარდებოდა და ამას აკვირდებოდნენ დამკვირვებლებიც, ახლა კი წილისყრა არჩევნებამდე არაუგვიანეს 7 დღისა უნდა ჩატარდეს და ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს არის პრობლემური: ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს ზეწოლის რისკები იმ ადამიანებზე, რომლებიც წილისყრით იქნებიან გამოვლენილი და ასევე ეს აფერხებს დაკვირვებას.
● ორგანიზაციის წინასაარჩევნო ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო ოლქებსა და თბილისში საარჩევნო კამპანია და ოფისების დაქირავება ივნისიდან დაიწყო, მოსახლეობასთან შეხვედრები კი ივლისიდან და დაფიქსირდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები, ასევე ძალადობის რამდენიმე ფაქტი და ოფისის დაქირავებისას წარმოქმნილი პრობლემები – ოფისზე თავდასხმები.
საანგარიშო პერიოდში ხუთი სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა გამოავლინეს: 3 მმართველ პარტიას უკავშირდება, 2 კი ოპოზიციურ პარტიას.
“დაფიქსირდა მმართველი პარტიის ღონისძიებებზე ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების შემთხვევები, “რაც რა თქმა უნდა პრობლემურია წინასაარჩევნო პერიოდისთვის.” – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.