პრეზიდენტი ზურაბიშვილი: "ქართული ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით"
პრეზიდენტი რუსულ კანონზე
„ოცნებამ“ ევროპას უთხრა – არა. „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომლის თანახმად, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი პარლამენტში ხელახლა შევა განსახილველად.
ზურაბიშვილი ძალიან მწვავე იყო “ქართული ოცნების” პოლიტიკის შეფასებისას. კანონპროექტს, რომელსაც ოცნება ხელახლა აინიცირებს, პრეზიდენტმა “რუსული კანონი” უწოდა. “ქართული ოცნების” წევრებზე კი თქვა, რომ მათ არ გააჩნიათ არც ევროპული და არც ეროვნული სულისკვეთება.
სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვიმა განაცხადა, რომ “ოცნების” ხელახალი ინიციატივა “ძალიან მკაფიო” განაცხადია, რომელიც ევროპას მიემართება.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ინიცირებით ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, მათ შორის უარი თქვა იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე, რისი ვალდებულებაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას აიღო:
“ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა,”– აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ჩამოთვალა მნიშვნელოვანი რეფორმები, რის გატარებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს. პრეზიდენტმა აქცენტი იუსტიციის რეფორმასა და სასამართლო რეფორმაზე გააკეთა. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ სასამართლო კლანის დასაცავად ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი:
„მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო,“ – ასე ჩამოაყალიბა ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” პოზიცია.
ასევე, მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უარი უთხრა ევროპას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებაზე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაზე.
“[იმაზე] რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ თანამეგობრობაში…“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით,“დღეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას”.
“თქვენ არ გაგაჩნიათ არც ეროვნული და არც ევროპული”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და მის წევრებს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი სახე უკვე გამოაჩინა და დაასრულა ის მცირეხნიანი რიტორიკა, რომელიც მას კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ ჰქონდა.
„ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო როცა გვეუბნებოდნენ, ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა [სტატუსი] და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო. ეს რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ არგულენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონბი საქართველოს მმარტველმა პარტიამ უკვცე დააინიცირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებმა აღნისნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.