ყოფილი პრემიერმინისტრი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა
ირაკლი ღარიბაშვილის ქონება
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ამჟამად მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამამისს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება.
“არც ერთხელ, რა თქმა უნდა, ეს თავის მართლება არ არის, არცერთ საკითხზე კითხვა არ ყოფილა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. არც ერთხელ. კითხვა არ არსებობს უბრალოდ. თქვენ ახსენეთ ჩემი ოჯახი. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად კანონიერი ბიზნესსაქმიანობა და ქონება. ამის თაობაზე, თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ, როგორც პენსიონერს.
მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, რომელიც მან შექმნა სხვადასხვა საშუალებებით. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით – საჯარო ინფორმაციაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემიძლია გავუზიარო ეს ინფორმაცია, ასე რომ, ტყუილის გავრცელებას თავი დაანებეთ.” – ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
● “ივანიშვილმა თამაშიდან გაიყვანა ღარიბაშვილი, მაგრამ პოლიტიკურ სიტუაციას არ მოწყვიტა” – რას ფიქრობენ ექსპერტები პრემიერის გადადგომაზე
● პენსიონერი მშობლების მორიგი საჩუქარი საქართველოს პრემიერს – 180 ათასი ლარი. ღარიბაშვილმა დეკლარაცია შეავსო
კომენტარები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე
● TI: სავარაუდო კორუფციის 144 შემთხვევაში, 160-ზე მეტი თანამდებობის პირი მონაწილეობს
წინაისტორია
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია და მისი 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდება.
“ყოფილი პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ეს შემოწმდა დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია შეფასდა დადებითად.
რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე დასახელებულია შესამოწმებელ პირთა სიაში და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია შემოწმდება კანონის სრული დაცვით.” – ამბობს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის 23 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მშობლებისგან საჩუქრად 2023 წელს 150 000 ლარი მიიღო.
● ოპოზიციური პარტიები და NGO-ები ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების და გამოძიების დაწყებას აპირებენ
● ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრება: საქართველო, რომელიც თავის დროზე რეფორმების მედროშე იყო, ახლა ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფშია
ვინ არის ყოფილი პრემიერის მამა და საიდან მას ამდენი ფული
ექსპრემიერის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი უმუშევარი პენსიონერია, რომელიც ოფიციალურად არანაირ ბიზნესს არ ფლობს, თუმცა მშობლიურ მუნიციპალიტეტში – დედოფლისწყაროში აქვს უზარმაზარი სახლი და ჯამში 4.5 ჰექტარი მიწის ფართობი.
რეესტრიდანვე ირკვევა, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა მიწების შესყიდვა 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მისი შვილი პრემიერი გახდა. მანამდე, 2012 წლამდე, ღარიბაშვილის მამა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის პოზიციას იკავებდა და მხოლოდ საგვარეულო სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობდა, ნათქვამია ტელეკომპანია “მთავარის” გამოძიებაში.
ერთადერთი ბიზნესი, რომელიც დღეს ღარიბაშვილის მამის სახელზე ფიქსირდება, შპს “ქართული ფესვების“ 50%-იანი წილია. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, ღვინის მწარმოებელი ამ კომპანიის წილი ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის 7 თებერვალს 200 ათას ლარად შეისყიდა. ანუ მანამდე, იმ წლებში, როდესაც ტარიელ ღარიბაშვილმა შვილს 300 ათასი ლარი აჩუქა, ის ოფიციალურად არანაირ ბიზნესს არ ფლობდა.
ტარიელ ღარიბაშვილი შვილს დიდი თანხების გარდა სხვა ტიპის საჩუქრებითაც ანებივრებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია. სექტემბრის დასაწყისში ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პრემიერმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სამთავრობო ბორტი – საკუთარი ოჯახის ტრანსპორტირებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა აგვისტოში, სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 ათასი ევრო დაჯდა. ოფიციალური ვერსიით, აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
მაშინ პრემიერმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ის შეძლებული ოჯახიდან იყო, რომელსაც არასოდეს უჭირდა.
თუმცა, ინტერნეტში იძებნება ტარიელ ღარიბაშვილის 2013 წლის ინტერვიუ, რომელიც მან საკუთარი შვილის გაპრემიერების შემდეგ ambebi.ge-ს მისცა. ამ ინტერვიუში ტარიელ ღარიბაშვილი იხსენებდა, რომ შვილი სასწავლებლად საფრანგეთში მეგობრების შეგროვებული ფულით გაუშვა, საფრანგეთში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი კი მიმტანად მუშაობისას ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
იმავეს ამბობს ტარიელ ღარიბაშვილი ცხრა წლის წინ ნინო ჯღარკავასთვის მიცემულ ინტერვიუშიც.
“მთავარის” სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ პენსიონერი ტარიელ ღარიბაშვილის საკარმიდამოს ფართობი მშობლიურ სოფელ ხორნაბუჯაში წლიდან წლამდე მატულობს. დოკუმენტების მიხედვით, ერთი წლის წინ პრემიერის მამამ მეზობლის სახლიც შეიძინა და იქ ახალ შენობას აშენებს.
“სავარაუდო თანხა, რომელიც ღარიბაშვილების ოჯახს ჯამში სახლების, ეზოს და აუზის მოწყობა დაუჯდა, გაცილებით აღემატება არა მარტო ტარიელ ღარიბაშვილის პენსიას, არამედ იმ შემოსავალსაც, რასაც პრემიერმინისტრი წლიდან წლამდე ხელფასის სახით იღებს.” – აღნიშნულია ჟურნალისტურ გამოძიებაში.