"სომხეთს საქართველოს გარეშე დასავლეთთან ინტეგრაციის იმედი არ აქვს" - მოსაზრება
სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები
“საქართველოში ოლიგარქიული წრეების გავლენის და ძალაუფლების ზრდა პრობლემაა სომხეთისთვისაც“, – განაცხადა სომეხმა პოლიტოლოგი არეგ კოჩინიანმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება სომხეთისთვისაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რადგან „საქართველოს გარეშე სომხეთი დასავლეთთან ინტეგრაციას ვერ შეძლებს“.
პოლიტოლოგმა არეგ კოჩინიანმა და საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა JAMnews-ის თხოვნით ისაუბრეს იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ივანიშვილის დაბრუნებამ სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე, ასევე ორივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივაზე.
- გია ხუხაშვილის კომენტარი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში ვხედავ პირად მოტივებს, შფოთვებს და რისკებს
- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. რა თქვა მან თავის პირველ განცხადებაში
- POLITICO-ს ყოველწლიური რეიტინგი: “ამრევების” სიაში ივანიშვილი მერვე ადგილს იკავებს
არეგ კოჩინიანი, პოლიტოლოგი
“რა ხდება საქართველოში? რეალური, ფუნქციონალური ძალაუფლება ხდება ოფიციალური. ადამიანი, რომლის ხელშიც არსებითად იყო კონცენტრირებული ძალაუფლება, საჯაროდ გამოდის ჩრდილიდან. ეს უფრო პატიოსანი მიდგომაა ამომრჩევლებისა და პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
რაც შეეხება სომხურ-ქართულ ურთიერთობებს, მათ მიაღწიეს გარკვეულ ხარისხს და სიღრმეს, აქვთ გარკვეული ფენა, რომელიც არ შეცვლის მის შინაარსს, მიუხედავად საერთაშორისო ვითარებისა, საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხისა და ფორმისა. გარდა ამისა, მხოლოდ საქართველო და სომხეთი არიან დემოკრატიული ქვეყნები არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ ამ დიდ რეგიონში. ესეც ფაქტია, რომლის იგნორირება არ შეიძლება, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და მისი სიღრმე. ოლიგარქის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა – განსაკუთრებით იმის, ვინც დააგროვა თავისი ქონება რუსეთის ფედერაციაში და რომელიც ცდილობს დაიკავოს მნიშვნელოვანი პოზიციები ხელისუფლებაში – არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიის მიღწევად. ეს არის პრობლემა.
დასავლეთის მუშაობაში მთავარი მიდგომა იქნება ის, რომ სომხეთსა და საქართველოს ერთდროულად დაეყრდნოს. ამიტომ, რამდენადაც ჩვენ ვაფასებთ და მნიშვნელოვანად მივიჩნევთ სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და დემოკრატიის გაღრმავებას, ასევე უნდა მივუდგეთ ამ პროცესებს საქართველოში. სომხეთს არ შეუძლია დასავლეთთან ინტეგრაციის იმედი ჰქონდეს საქართველოს გარეშე“.
ჯონი მელიქიანი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში
„ივანიშვილის დაბრუნებას ვუკავშირებ საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს – მიზანი მმართველი პარტიის გაძლიერებაა.
მეტიც, [“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის] თანამდებობა არ არის სიმბოლური. ბოლო ცვლილებების შემდეგ, ივანიშვილმა შესაძლოა პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარადგინოს. მას აქვს გადამწყვეტი ხმა და ის კვლავაც იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.
არ ველოდები რაიმე მკვეთრ ცვლილებას სომხურ-ქართულ ურთიერთობებში. არის გუნდი, პოლიტიკა, რომელიც არ შეცვლილა 2012 წლიდან. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში და 2018 წელს სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ურთიერთობების გაღრმავების საფუძველი ორივე ქვეყანაში არსებული ტენდენციებია. ეს არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გაძლიერება.
შესაძლოა, 2024-25 წლებში ვიხილოთ ურთიერთობების გაღრმავების ახალი, განახლებული დღის წესრიგის ფორმირება და ქვეყნებმა გააძლიერონ თავიანთი ურთიერთობები სტრატეგიულ ჭრილში – თუ ამაზე ადრე სომხეთის ოფიციალური პირები საუბრობდნენ, ახლა საქართველოს პრემიერმინისტრი სომხეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებაზე საუბრობს.“