ევროპელი კონსერვატორების ჯგუფმა ქართველი ხალხი და ნინო ლომჯარია სახაროვის პრემიაზე წარადგინა
ნინო ლომჯარია სახაროვის პრემიაზე
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა (ECR Group) საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა.
სახაროვის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში:
● ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
● დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
● საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
● უმცირესობის უფლებების დაცვა.
პრემიის მფლობელთა შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, მალალა იუსაფზაი, ოლეგ სენცოვი, ალექსეი ნავალნი. მათ შორისაა ასევე “უკრაინელი ხალხი”.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, “ქართველმა ხალხმა შემართებით აღადგინა დემოკრატიული სახელმწიფო” და აირჩია გზა ევროატლანტიკური თანამეგობრობისკენ.
მათივე განმარტებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მომდევნო მთავრობებმა წვლილი შეიტანეს ამ პროცესში, განაგრძეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მიაღწიეს არსებით შედეგებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველებმა გადალახეს მრავალი დაბრკოლება და რუსეთის იმპერიული პოლიტიკისგან მათი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის პირდაპირი საფრთხეც კი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ხალხი არაერთხელ შეერთდა თავისი ქვეყნის დასაცავად, “სასტიკად იბრძოდა საკუთარი უფლებებისა და მისწრაფებებისთვის”, რამაც დადებითად იმოქმედა მთავრობის გადაწყვეტილებებზე და შეადგინა ქვეყნის გამძლეობის ბირთვი.
“მთელი ამ ბრძოლის მანძილზე ურყევი შთაგონების შუქურად ერთი ინდივიდი გამოირჩევა: ნინო ლომჯარია. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იგი წარმატებით იცავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და აძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დიდი ზეწოლის მიუხედავად, მას [ნინო ლომჯარია] ჰქონდა გამბედაობა, მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას განიცდის, მაგალითად, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების შემთხვევაში.
ნინო ლომჯარია და თავისი გუნდი ასევე დაეხმარნენ საქართველოში პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. მათმა წარუშლელმა გამბედაობამ, მოკრძალებულობასთან და პროფესიონალიზმთან ერთად, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებას, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.” – ნათქვამია განცხადებაში.
ECR ჯგუფის მიერ უფლებადაცვით სფეროში უმაღლეს ჯილდოზე წარდგენის შემდეგ, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქზე წერს, რომ “იმედია” ამ ჯილდოსთან ერთად, ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს.
“ევროპარლამენტის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა(ECR) პრო-ევროპელ ქართველ ხალხთან ერთად ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოზე უფლებადაცვით სფეროში – სახაროვის პრემიაზე წარმადგინა.
დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოსთან ერთად კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ ქართველი ხალხი”, – წერს ლომჯარია Facebook-ზე.
● “საქართველოს ევროპული ორბიტა” – ყოფილი ომბუდსმენი სამოქალაქო პლატფორმას ქმნის
● ნინო ლომჯარია: შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა
● სახალხო დამცველი: ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს
6 სექტემბერს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ახალ სამოქალაქო პლატფორმა დააარსა.
ლომჯარიას თქმით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა – “საქართველოს ევროპული ორბიტის” შექმნის მთავარი იდეაა, რომ საზოგადოება სამოქალაქო აქტივიზმში ჩაერთოს და ის არ გადაიზრდება პოლიტიკურ გაერთიანებაში.
მისივე განმარტებით, პლატფორმის პირველი ინიციატივა იქნება აქტივობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყოფილი ომბუდსმენის თქმით, იქნება სხვა ტიპის ინიციატივებიც, მოქალაქეების და ექსპერტული წრეების ჩართულობით.
როგორც ყოფილმა ომბუდსმენმა აღნიშნა, პლატფორმა გააერთიანებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, თუმცა მათი სურვილია, ეს იყოს შესაძლებლობა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე მონაწილეობის მიღება სურს.
ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე იკავებდა.