"ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი
“ქართული ოცნება” კვლავ გეგმავს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეცვალოს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდი ახალ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
კერძოდ:
● 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც დღეს აირჩევა 5 წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, ეს კვორუმი იზრდება და იქნება 3/5, ანუ 90 ხმაზე ორიენტირებული.
● იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, ამ შემთხვევაში, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის 76 ხმა და ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის.
● თუკი 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული და მხარდაჭერა ვერ იქნა მოპოვებული, ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
● შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რომელი კანდიდატი წარმოდგენილი სიიდან დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.
მიქანაძის მტკიცებით, მმართველ გუნდს სურს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, ევროკომისიის დასკვნის წინ “არცერთი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს”. დეპუტატი ამ ცვლილებების მოტივად ზაფხულში გამოქვეყნებულ შუალედურ შეფასებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა “გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვა” დამატებით საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
პარლამენტის დეპუტატი, ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე ოცნების მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის კიდევ ერთხელ შეცვლას ეხმაურება და ამბობს:
“ძალიან სამარცხვინოდ იქცევიან, ახლახან მიიღეს კანონი, გააუარესეს ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევის პროცესი. მაღალი კვორუმისა და 90 ხმის ნაცვლად დაიყვანეს 76 ხმამდე ანუ მარტივ კვორუმამდე და ახლა კვლავ ცვლიან და უბრუნდებიან ძველ წესს. ფაქტი, რომ ახლახან მიღებულ კანონს ცვლიან, ეს ძალიან კომიკური და სასაცილოა და ალბათ კეთდება იმიტომ, რომ ჯოზეფ ბორელი ჩამოდის და რაღაც უნდა აჩვენონ, თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებების სახით.”
● “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას
● სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონს ვეტოს დაადებს
● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს
10 მაისს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს – მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დაკომპლექტების წესის ცვლილებებით ხელისუფლება ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას.
ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც: კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამასთანავე, გარანტირებულია საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა.
მმართველი პარტიის ინიციატივიდან ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ. მათი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს.