2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს, ხოლო იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ამომრჩეველს გაციფრულებული ბიულეტენი დახვდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კრწანისის ოლქში, იგივე სისტემა გამოიყენეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის რამდენიმე უბანზეც.
როგორც ცესკომ განმარტა, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. მათივე თქმით, ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, “მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას”, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის.
2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე. ცესკოს ცნობით, ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს.
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
● იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრება: ნაციონალური მოძრაობის ასეთი თვითდაზიანებიდან, შეიძლება კარგი ამბებიც გამოდნეს
“იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.” – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
ამასთანავე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს.