შავი ზღვის ქართული სანაპირო კახოვკის შემდეგ - რა ბედი ელის ზღვას, ტურიზმს და ეკონომიკას
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა
პანდემიის გამო ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ ძლივს ფეხზეწამომდგარი ტურისტული სეზონი, საქართველოში, ისევ ჩავარდნის პირზეა. განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, სადაც ტურიზმი ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყაროა.
ტურისტულ სეზონს საფრთხე უკრაინაში, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შეექმნა.
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა? რამდენად უსაფრთხო იქნება დასვენება? არსებობს წყლიდან დაავადებების გავრცელების რისკი? ნაღმზე ხომ არ ავფეთქდები? – ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის და იწერება სოციალურ ქსელებში.
6 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში კახოვკის კაშხალი ააფეთქეს. შედეგად, დაიღუპა 52 ადამიანი, ათასობით ადამიანი კი სახლისა და სუფთა წყლის გარეშე დარჩა. წყალსაცავიდან გადმოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა დატბორა და წალეკა 80-მდე დასახლება, ადამიანთა სასაფლაოები, ცხოველების სამარხები, ბენზინგასამართი სადგურები და ქიმიური ქარხნები.
უკრაინაში ვარაუდობენ, რომ წყლის ნაკადმა ზღვაში 20 ათასზე მეტი მკვდარი ცხოველი, 150 ტონა ზეთი, საწვავი, პესტიციდები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ჩაიტანა. დაიღუპა მილიონობით თევზი.
კახოვკის კაშხალი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის ნაწილია. კაშხალი სიმაღლით 30მ, სიგძით კი 3.2 კმ იყო. მისი მშენებლობა სტალინის მმართველობის დროს დაიწყო და ნიკიტა ხრუშოვის დროს დასრულდა. ის 1953 წლიდან მუშაობდა. კაშხალი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზეა აშენებული.ეს ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი კი, მათ შორის, ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
კაშხლის აფეთქების შემდეგ, შავი ზღვა მძიმე დაავადებების გავრცელების წყაროდ იქცა. ქოლერა, ბოტულიზმი, ციმბირული წყლული – მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რაც შესაძლოა დაბინძურებული წყლიდან გავრცელდეს.
ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ეკოციდი – ასე შეფასდა მომხდარი.
კაშხლის აფეთქების შემდეგ, უკრაინაში შავ ზღვაში ბანაობა და თევზაობა აკრძალეს. მომხდარმა საფრთხე შეუქმნა შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, საქართველოს.
სოციალურ ქსელში არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით. წერენ, რომ შავი ზღვა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში საშიში იქნება. ავრცელებენ მკვდარი ცხოველების ფოტოებს, რომლებიც თითქოს სანაპიროებზე გამოირიყა. ზღვის ვიდეოებს, რომელშიც ჩანს რომ წყალში ნავთობის ლაქებია და ა.შ
“Восемь мест на драконушке” – რა ხდება ბათუმში
ივლისის ბოლოა. ბათუმში საზღვაო სეზონის პიკია. როგორც წესი, ასეთ დროს ბათუმის “პლაჟებზე” არც შეზლონგი იშოვება და არც ადგილია სადმე, კაფე-ბარებში კი ხალხი რიგში დგას ხოლმე, მაგრამ, წელს ასე არაა.
–Это белая кукуруза, это желтая. Вы какой хотите? – დამტვრეული რუსულით არჩევინებს მზისგან დამწვარი გამყიდველი შეზლონგზე წამოწოლილ ახალგაზრდა ოჯახს ცხელ სიმინდს.
–Малина, местная, холодная малина, – სანამ ერთი ჩაივლის, მეორე გამყიდველი ჩნდება სანაპიროზე.
Ბათუმში, სანაპიროზეც და ბულვარშიც უმეტესად რუსული საუბარი ისმის.
შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში, სანაპიროზე, რუსულენოვანი ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ქართველი ტურისტები. უმეტესობა უკრაინის ომის შემდეგ საცხოვრებლად არის გადმობარგებული, ზოგი კი ტურისტად ჩამოსულა.
სანაპიროზე იგრძნობა, რომ Სიმინდის და ცივი სასმელების დამტარებლებიც უკვე მორგებული არიან ახალ რეალობას, კარგად აქვთ შესწავლილი საჭირო რუსული ფრაზები.
თუმცა, მათ კონკურენციას რუსებიც უწევენ. მათ ნაწილს უკვე თავად აქვთ თავიანთი წვრილ-წვრილი ბიზნესები სანაპირო ზოლზე. მათ შორის, დამსვენებლებს სასუსნავებითაც ამარაგებენ და სხვადასხვა სერვისსაც სთავაზობენ.
Восемь мест на драконушке! Кто хочет покататься? Всего восемь мест, много экстрем! Девушки без купальников бесплатно, мужчины без купальника вдвойне! – სანაპიროზე რუპორით დადის გამართული რუსულით მოსაუბრე დაკუნთული ახალგაზრდა კაცი.
- პანდემიის მეორე ზაფხული. საქართველოში ტურისტები ბრუნდებიან?
- ანაკლია – შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა
- გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
“აქ სულ რუსები არიან, განსაკუთრებით ამ ნაწილში, სადაც დიდი სასტუმროებია”, – მეუბნება მზისგან დამწვარი, შეზლონგების გამქირავებელი ბიჭი.
ტაქსისტების საყვარელი სალაპარკო თემაც ესაა:
“ვინც მე რუსი ტურისტი მგონია, სინამდვილეში უკვე ბათუმში დამკვიდრებული რუსია და აქაურობა ჩემზე კარგად იცის. ამათ უკვე ყველაფერი თავისი აქვთ და ერთმანეთს ამუშავებენ – ბინებს აქირავებენ, ტურებს აწყობენ, ერთმანეთის კაფე-ბარებში დადიან. ერთადერთი, ჯერ ტაქსისტებად არ გამოჩენილან, მაგრამ მალე იზამენ მაგასაც”, – ჰყვება ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი ბიჭი.
უშუალოდ დამსვენებლები წელს ბათუმში ცოტანი არიან. ამას სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ყვცელა ადამიანი ამბობს. სიხალვათე ქალაქსაც ეტყობა.
სანაპიროზე ტურისტებს ვეკითხებით, რა იციან წყლის უსაფრთხოებაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჰესი ააფეთქა:
მარინა ტადეევა ბათუმში სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა. ამბობს, რომ კახოვკის კაშხალზე არაფერი გაუგია:
“არაფერი ვიცი. Შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ბათუმი. ზღვაც არაჩვეულებრივია”.
“წყლის უსაფრთხოებაზე არაფერი ვიცი, მაგრამ სისუფთავეს რაც შეეხება, ზღვა სუფთაა”, – ამბობს დავიდი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ომის შემდეგ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ახლა ბათუმში მეგობართან ერთად ისვენებს.
სანაპიროზე ყაზახების ჯგუფს ვხედავთ.
“ყაზახეთიდან ჩამოვედით 15 ივლისს ოჯახით. წყალი? რა ვიცით, იქნება საშიში? არ იქნება… ჩვენ ალაჰის გვჯერა”, – მეუბნება ტალგატ სისემივიჩი.
“მე თვალს ვხუჭავ ამ ინფორმაციაზე, ვფიქრობ კახოვკის ჰესის აფეთქებას უფრო გრძელვადიანი შედეგები ექნება, ჯერ არ იქნება დაბინძურებული,” – ამბობს რინატი.
“სიმართლე გითხრა, რომ ჩამოვედი მართლა მეშინოდა ამ ჭორების, თუ მართალი ამბავია, არ ვიცი. მაინც გავრისკე, ყველა ჩადის და ალბათ არ არის საშიში”, – ამბობს მერი ორკოდაშვილი, შუა ხნის ქალი თელავიდან, რომელიც ზღვაზე პირველადაა და დასასვენებლად დასთან ერთად ჩამოვიდა.
“დაახლოებით ექვსი დღეა აქ ვართ და არანაირი პრობლემა არ გვქონია. რომ არ მჯეროდეს რომ ზღვა სუფთაა, ბავშვებს არც წამოვიყვანდი. ტრადიციულად, ზღვაზე ბავშვებს სულ ემართებათ ენტეროვირუსი, მაგრამ ახლა არ ჰქონიათ”, – ამბობს მეგი სულავა.
მეგი ბათუმში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებს. ფიქრობს, რომ ზღვის წყალი საშიში რომ იყოს, ხელისუფლება ამის დამალვას ვერ გაბედავდა.
იმოქმედა თუ არა ჰესის აფეთქებამ ტურისტულ სეზონზე
ირაკლი თავართქილაძე, ტურისტული სააგენტო “აჭარა ტურის” დირექტორი და მაღალი კლასის რესტორან “აკროპოლისის” ერთ-ერთი მფლობელი, წლებია ტურისტული ბიზნესის მსხვილი მოთამაშეა და ბაზარს კარგად იცნობს.
ამბობს, რომ ახლა ბათუმს უმეტესად ისრაელიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და არაბული ქვეყნებიდან სტუმრობენ. თუმცა, გასულ წელთან შედარებით წელს ბათუმში ტურისტების ნაკლებობაა:
“გვინდა თუ არ გვინდა, დავარწმუნებთ თუ ვერ დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, ეს პრეცენდენტი მოხდა. საკმაოდ ცუდი კადრები ვნახეთ ოდესაში და უკრაინის ტერიტორიაზე ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ამას ემატება ფეიკ ინფორმაციები, რომ შავ ზღვაზე დასვენება არის საფრთხის შემცველი. ამიტომ, არ არის გასაკვირი რომ მოსახლეობას ეშინია”.
მისი ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის აფექთების შემდეგ ბათუმში ჯავშნების დაახლოებით ათი პროცენტი გაუქმდა. მისთვის ეს დიდი ზარალი არ არის, მაგრამ, წვრილ ტურისტულ ბიზნესებს დისკომფორტს ნამდვილად შეუქმნის.
სასტუმრო “ჩაო” ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასტუმროა. 2008 წელს გახსნილ, ოთხსართულიან, ლამაზ შენობაში 23 ნომერია, დაახლოებით 60 ადამიანზე. სასტუმროს მენეჯერი გუგა ლომაშვილი ამბობს, რომ წელს ჯავშნების 20 პროცენტი გაუქმდა:
“დიდ დატვირთვას ველოდებოდით, მაგრამ არ გაამართლა მოლოდინმა. ძალიან ცოტა ხალხია არამარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად, ბათუმში. ცარიელია “პლიაჟი”.
განსაკუთრებით დაზარალებულია ის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც სეზონზე ბინების გაქირავებით ცხოვრობს. წელს მათ ორმაგი დაბრკოლება შეექმნათ: ერთი მხრივ, პანიკა ჰიდროელექტროსადგურის ირგვლივ, მეორე მხრივ, რუსებთან კონკურენცია.
ფაქტია, რომ ომის შემდეგ საქართველოში გადმოსული რუსები უკვე მიეჩვივნენ უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარს, ისინი თავად აქირავებენ ბინებს რუსულენოვან ტურისტებზე, ადგილობრივების გვერდის ავლით.
„რვაწლიანი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ წელს ყველაზე ცუდი სეზონია, რადგან ბინების ფასიც ძალიან დაბალია და არც დამსვენებელია ბევრი”, – ამბობს ადგილობრივი გიორგი შალიკაშვილი, რომელიც წლებია ბინას ზღვის სანაპიროსთან ახლოს აქირავებს.
რისი შეეშინდათ დამსვენებლებს, რა მითები ვრცელდება შავ ზღვაზე?
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ადამიანები აზიარებენ ვიდეოს, რომელშიც სანაპიროზე მოტივტივე ჯარისკაცის გვამი ჩანს.
“ფრთხილად იყავით, სოც ქსელებში ვრცელდება ეს ინფორმაცია: ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ცოტა ხნის წინ ზღვამ საკურორტო ტურისტულ სანაპიროზე გამორიყა. ცხედარი ძლიერ გახრწნილია”, – წერს ერთ-ერთი ადამიანი.
როგორც გაირკვა, ეს კადრები საქართველოში არ არის გადაღებული. მაგრამ ის, ვინც წელს ზღვაზე წასვლას არ აპირებს, არგუმენტად ამ ვიდეოსაც იშველიებს. ნაწილს არც კი სჯერა, რომ ეს საქართველო არაა.
“უნდობლობას ვუცხადებ ამ მთავრობას და მათ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უსაფრთხოა შავი ზღვა. ესენი ტურისტულ სეზონს ყველაფერს და ყველას გადააყოლებენ. ამათ ხალხი ფეხზე ჰკიდიათ”, – წერს ის, ვინც ამ ვიდეოს ავრცელებს.
პერიოდულად, სოციალურ ქსელში ლაპარაკობენ სანაპიროზე გამორიყულ ცხოველების გვამებზე. წერენ, რომ მაგალითად, სოხუმის სანაპიროზე ძროხის გვამი გამორიყა. საუბრობენ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დელფინების მასობრივი სიკვდილის შემთხვევებზეც.
“თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ წელს, როდესაც შავი ზღვის თუნდაც ბათუმის აკვატორიაში დელფინი არ გამორიყულა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ხშირად ბადეებში ეხვევიან, ავადობები სჭირთ”, – ამბობს გარემოსდამცველი კახა გუჩმანიძე.
იგი ფიქრობს, რომ ეს მითები და დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდის გამოძახილია. მისი თქმით, შავ ზღვაში წყლის ნაკადები ისე მოძრაობს, რომ შეუძლებელია ამ დროში უკრაინიდან გვამები, მითუმეტეს გაუხრწნელ მდგომარეობაში საქართველომდე ჩამოსულიყო:
“გავრცელდა კადრები, რომ სოხუმში გამოირიყა მსხვილფეხა საქონელი. გეოგრაფიული ლოგიკით ეს საქონელი კახოვკის აფეთქების შედეგად სოხუმის სანაპიროზე ვერ უნდა გამორიყულიყო. ეს შეიძლება რომელიმე მდინარემ ჩამოიტანა, ან დადგმული კადრები იყო”.
სინამდვილეში, არის თუ არა ზღვის წყალი საშიში?
პანიკას რომ დეზინფორმაცია იწვევს, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს სანაპიროებზე ყველაფერი წესრიგშია და შემოწმების საჭიროება არ არის, ამბობენ გარემოსდამცველები.
ჰესის აფეთქებისთანავე საქართველოში მართლაც დაიწყო ზღვის წყლის გაძლიერებული მონიტორინგი. წყლის ხარისხს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ამოწმებენ.
წყალზე ფიზიკო-ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზი კეთდება. მოწმდება რადიაციული დონე, ორგანული ნივთიერებების და ტოქსიკური მინერალების რაოდენობა. ასევე, რამდენად არის წყალში პათოგენური ვირუსები და პარაზიტები, ანუ, როგორია საბანაო წყლის ხარისხი.
წყლის სინჯებს ყოველ ათ დღეში ერთხელ, 12 სადგურზე, სხვადასხვა სიღრმიდან იღებენ. კვლევის შედეგებს სამინისტრო ღიად, უწყების საიტზე აქვეყნებს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ბოლო ასეთი ინფორმაცია 11 აგვისტოს არის გამოქვეყნებული. ამ ინფორმაციაში 26 და 30 ივლისის შემოწმების შედეგებია.
გარემოს დაცვის სამინისტროდან JAMnews-ს უთხრეს, რომ საქართველოში შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია:
“კახოვკის ინციდენტის შედეგად ზღვაში ჩაშვებული იქნა 18 კუბ.მ მტკნარი წყალი, რამაც ცხადია მყისიერად გამოიწვია გამტკნარება უკრაინის მიმდებარე ზღვის აკვატორიაში, თუმცა შავი ზღვის მასშტაბიდან (555 000კუბ.მ) და დინებების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც ახასიათებს შავ ზღვას, აღნიშნული ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ზღვისპირეთზე”.
გარდა ოფიციალური კვლევებისა, საქართველოში შავი ზღვის წყლის ალტერნატიული კვლევა არ ტარდება. გარემოსდამცველების თქმით, ეს ძვირადღირებული პროცესია, ამას მილიონები სჭირდება და არასამთავრობო სექტორს ასეთი ფული არ აქვს.
ამიტომ, გარემოსდამცველების შეფასება, უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა, მხოლოდ იმ კვლევებს ეყრდნობა, რასაც სახელმწიფო უწყებები აკეთებენ. ასევე, იშველიებენ შავ ზღვაში წყლის ნაკადების მოძრაობის ტრაექტორიას და ზღვის თვითფილტრაციის უნარს.
“ზედაპირული დინებები მიემართება ჩრდილო – დასავლეთისკენ, გაივლის რუმინეთის, ბულგარეთის, ვარმის მიმდებარე ტერიტორიას, შემდეგ ბოსფორს, შემდეგ უკვე ანატოლიის დაბლობს, სამხრეთისკენ იწყებს გეზს, შემდგომ უკვე საქართველოსთან ეს ყველაფერი ნაწილდება ორ დინებად. თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ასეული კილომეტრი აქვს გასავლელი ამ დინებას, რომ ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში დამაბინძურებლები მოხვდეს საქართველოში, – გვიხნის კახა გუჩმანიძე, გარემოსდამცველი ბათუმიდან.
კიდევ ერთი გარემოსდამცველი, მწვანე მოძრაობა „დედამიწის მეგობრები საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ დაბინძურებული წყლის ნაკადი საქართველომდე დაახლოებით ერთ წელიწადში მოაღწევს:
„ჩვენამდე რომ მოაღწიოს ამ ნაკადმა ტერიტორიალური წყლების, ეს უნდა იყოს სადღაც 8-11 თვის შემდეგ. რას მოიტანს ეს წყალი ჩვენამდე, რთული სათქმელია. წყალს აქვს თვითფილტრაციის უნარი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის თავად გაფილტრავს მავნე ნივთიერებებს”.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დნეპრის სანაპიროზე უკვე დაილექა დიდი რაოდენობით სახიფათო ნივთიერებები.და, რაც დარჩა, სავარაუდოდ, ნელ-ნელა ისიც დაილექება გზაში:
„ახლა შეგვიძლია მხოლოდ დაველოდოთ . ამავდროულად, მჭიდრო კავშირები უნდა გვქონდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან“.
ეკოლოგები გამორიცხავენ ზღვაში რადიაციული დამაბინძურებლების არსებობასაც და კიდევ ერთ შიშსაც – თევზის მოწამვლის.
“სარეწაო თევზების სიჩქარიდან, ლოკალიტეტიდან გამომდინარე, საშიშროება, რომ ჩვენს სარეწაო სახეობებში შევიდეს დამაბინძურებლები იმ რაოდეობით, რომ ჩვენს კვებით ჯაჭვში მოხვდეს და რაიმე ტიპის უარყოფითი ბენეფიტები მივიღოთ, ასევე არის საკმაოდ მინიმალური”, – ამბობს კახა გუჩმანიძე.
და, ნაღმები?
ერთადერთი, რის საფრთხესაც არ გამორიცხავენ და რასაც ზღვა ვერ გაფილტრავს, ეს საბრძოლო ნაღმებია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ერთი ნაღმი ბათუმში უკვე აფეთქდა, ამ წლის თებერვალში.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განცხადა, რომ „წყალდიდობისა და წყლის სწრაფი მოძრაობის გამო“, ნაღმები შესაძლოა მოხვდნენ ისეთ ადგილებში, „რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა“.
გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე JAMnews- თან ამბობს, რომ ნაღმების ჩამოღწევის რისკი არსებობს. მისივე თქმით, ეს რისკი არ არის მაღალი, “თუმცა, ყურადღებით უნდა ვიყოთ”.
მისი თქმით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ჭურვები ოდესის სანაპიროსთან უკვე დაილექებოდა. მაგრამ, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომელთა წონა 100-150 გრამი, შეიძლება დიდ მანძილზე გადაიტანოს დინებამ:
“საუბარია საბჭოთა წარმოების PFM ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე, რომლებსაც პეპელა ნაღმებს ეძახიან, მათი ფორმის გამო. ისინი დამზადებულია პლასტმასისგან, არის წყალგაუმტარი და საკმარისად მსუბუქი იმისთვის, რომ დიდ მანძილზე იტივტივოს”.
და ბოლოს, შეიძლება სეზონის გადარჩენა?
საზღვაო სეზონის დასრულებამდე ჯერ ერთ თვეზე მეტი დროა. პიკი ბათუმში აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სეზონის გადარჩენა ჯერ ისევ შესაძლებელია, თუ სახელმწიფო უწყებები სათანადოდ იმუშავებენ.
კახა გუჩმანიძე ფიქრობს, რომ აქამდე სახელმწიფო უწყებებმა რეაგირება დაიგვიანეს:
“სწორი ურთიერთობა და ინტერაქცია რომ ყოფილიყო მოქალაქეებთან და ასევე, სწორი პიარაქცია მსოფლიო მასშტაბით, სეზონი არ ჩავარდებოდა. როდესაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მეტი სანდოობისთვის სასურველი იქნება ტარდებოდეს [წყლის შემოწმება] ყოველდღიურ რეჟიმში. იყოს რაიმე ტიპის პლტფორმა, სადაც ეს აიტვირთება, რამდენიმე ენაზე”.
ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ მთავრობამ ინფორმაციის დეფიციტის ამოვსებაზე უნდა იმუშაოს:
“რაც უფრო მეტი იქნება ინფორმირება მოსახლეობის, ყოველდღიური გადაცემები მიეძღვნება, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდება და ეს იქნება სანდო წყაროებზე დაყრდნობით, მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება და თავისუფლად შევა ზღვაში და იბანავებს”.
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა
“მედიაქსელის” მხარდაჭერით