პანდემიის მეორე ზაფხული. საქართველოში ტურისტები ბრუნდებიან?
საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. კოროვნავირუსის პანდემიის თანმდევი კრიზისული პერიოდის შემდეგ, წელს საქართველოში დასვენებას, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც შეძლებენ. სტუმრების მისაღებად ყველა, განურჩევლად საკუთარი ბიზნესის მასშტაბისა, განსაკუთრებულად ემზადება.
პატარა კაფე-ბარების თუ დიდი რესტორნების, პატარა საოჯახო ტიპის ჰოსტელების თუ დიდი ფეშენებელური სასტუმროების მეპატრონეებს კითხვაზე, რას ელით ამ ტურისტული სეზონისგან, იდენტური პასუხი აქვთ – გადარჩენას.
ზღვისპირა ქალაქში მშვენიერი ამინდია. შავ ზღვას ეტყობა, რომ ბათუმში ბოლო დროს არ უწვიმია. ტალღები მშვიდად მიდი-მოდიან სანაპიროზე. მზე და წყალი განსაკუთრებით პატარებს ახალისებთ – ზოგი ფერად ქვებს და ნიჟარებს აგროვებს, ზოგი კი თავით ეშვება წყალში.
“მა, მიყურე, როგორ გავცურო”, – ყვირის პატარა ქერა ბიჭი, რომლის მშობლები ქოლგის ქვეშ სხედან და შვილს ფოტოებს უღებენ.
______________________________________________________________________________
● ფოთი – ღარიბი მდიდარი ქალაქი საქართველოში
● ანაკლია – შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა
● ლარსი. ვიწრო გზა საქართველოდან რუსეთისკენ
● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
______________________________________________________________________________
ზღვის ფონზე თითქმის ყველა ერთნაირი მონდომებით პოზირებს, ქართველიც და უცხოელიც. ხშირია შემთხვევები, როცა ფოტოს გადაღებას ერთმანეთს სრულიად უცხო ადამიანები სთხოვენ და მერე ერთმანეთში საუბარსაც აბამენ.
დასვენება, გართობა, ახალი ნაცნობების გაჩენა, ლამაზი ფოტოების გადაღება, გარუჯვა, აჭარული სამზარეულოს გასინჯვა – ყველა თავისას ელის ამ ქალაქისგან, რომელიც თბილისიდან 360 კილომეტრში მდებარეობს და საკუთარი კულტურულ-ინფრასტრუქტურული მრავალფეროვნებით მარტივად ახერხებს სტუმრების მოლოდინის გამართლებას.
„ასარჩევი რომ იყოს, აქ თუ ჩემს სამშობლოში, ჩემთვის აქ ყოფნა უფრო კომფორტული იქნება. აქ მთაც არის და ზღვაც. მე მგონია ტურისტებისთვის აქ პრაქტიკულად სამოთხეა“, – გვეუბნება ტატიანა, რომელიც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ტურისტულ ბიზნესში არ საქმიანობს, მასაც ძალიან უნდა, რომ ქალაქში უფრო მეტი დამსვენებელი ჩავიდეს, რადგან ფიქრობს, რომ ხალხმრავლობა ბათუმს ცოცხალ რიტმს და ენერგიას სძენს.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტურისტული სეზონი სრულყოფილად ჯერ არ გახსნილა“, – ამბობს და ნახევრადცარიელი სანაპიროსკენ იშვერს ხელს.
ბათუმის ბულვარში მართლაც სიხალვათეა. ადამიანები თავისუფლად დაქრიან ველოსიპედებით და სკუტერებით.
სეზონი დაიწყო
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რიცხვი მატულობს, საქართველო ტურიზმის მხრივ ახლოსაც არ არის პანდემიამდელ მაჩვენებელთან – 2019 წლის ივნისში საქართველოში 80 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2021 წლის ივნისში.
„შარშანაც გვქონდა აქ დახლი და მაშინაც ასე ვეხმარებოდი ჩემებს, მაგრამ ცუდი წელი იყო. ამბობენ, წელს მეტი დამსვენებელი ჩამოვაო და ჩვენც ველოდებით. აქედან 200-300 მეტრში მეორე დახლიც ჩავდგით და იქ დედაჩემი დგას“, – მეუბნება ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხის მაგიდაზე ტურისტული სუვენირები, მინიატურული სათამაშოები და ქალის სამკაულები უწყვია.
რესტორნიდან მუსიკა ისმის. შორიდანვე ჩანს, რომ იქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. მომსახურე პერსონალი სტუმრებს რესტორნის კიბეებთანვე ხვდება და მაგიდასთან აცილებს. მუსიკოსები ჯაზს უკრავენ.
“ჩვენი რესტორანი საკმაოდ დატვირთულია. ეს იმის გამოც, რომ ძალიან დიდი ღია სივრცე გვაქვს. მომხმარებელი ერიდება ჩაკეტილ სივრცეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი ღია სივრცეში კომფორტულ გარემოზე გაგვეკეთებინა”, – გვეუბნება ირაკლი თავართქილაძე.
ირაკლი “ვერანდა აკროპოლისის” თანადამფუძნებელია. მან რესტორანი 2019 წელს გახსნა და როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ სულ სირთულეებთან გამკლავება უწევს.
______________________________________________________________________________
● როგორ ჩამოვიდეთ საქართველოში. დეტალური გიდი უცხოელი ვიზიტორებისთვის
______________________________________________________________________________
“მაშინაც გახსოვთ იყო რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დაკეტვა, გავრილოვის ღამე და ამის თანმდევი სირთულეები. თან მაშინ, ჩვენს რესტორანს არ იცნობდნენ. 2020-ში უკვე პანდემია იყო და ძირითადად, ქართველი მომხმარებელი გვყავდა. წელს უცხოელებიც გვსტუმრობენ და შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელთან შედარებით, სამჯერ უკეთესად ვმუშაობთ”.
ირაკლის ოპტიმიზმის საფუძველს ტურისტების ეტაპობრივად მზარდი რაოდენობაც უჩენს.
ყველაზე მეტი ტურისტი ბათუმის პიაცაზეა – 2010 წელს გახსნილი ეს მოედანი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და იტალიური სტილის მოედანს იმეორებს – ვიტრაჟებით, მარმარილოს მოზაიკით და მომრგვალებულ შენობებს შორის მოქცეული სივრცით.
“მოზაიკა შეიქმნა ნატალი დე პიტა-ამირეჯიბის ორიგინალური ესკიზის მიხედვით”, – უყვება გიდი რუსი ტურისტების ჯგუფს.
დასახლება კაპროვანი ბათუმიდან 47 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროზეა.
“ივნისის თვეში სულ უცხოელი ტურისტები გვყავს და შემდეგ თვეშიც. ველით რამდენიმე ადგილობრივ მომხმარებელსაც, რომლებმაც მაისის თვეში გააკეთეს ჯავშანი”, – გვიყვება “Family Nest”-ის დამფუძნებელი ეკა თავდუმაძე.
2019 წელს ეკამ და მისმა მეუღლემ ბანკიდან დიდი სესხის გამოტანა გარისკეს და მამა-პაპისეულ მიწაზე, შავი ზღვის ნაპირას სამი ერთნაირი კოტეჯი ჩადგეს.
ერთმანეთისგან ბუჩქნარის ღობეებით გამოყოფილი შინდისფერი კოტეჯები ყურადღებას გზიდანვე იქცევს. თავდაპირველად კოტეჯების ერთმენეთისგან გამოყოფა არ იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ თავისი წესები და ხარჯები მოიტანა – სტუმრების უსაფრთხოებისთვის კოტეჯების გამიჯვნა გადაწყვიტეს.
“შარშან ყველა უცხოური ჯავშანი გაგვიუქმდა და პრაქტიკულად, ნულზე დავრჩით, თან კრედიტი ახალი გამოტანილი გვქონდა. ვფიქრობდით, რომ გამოსავალი არ გვექნებოდა, მაგრამ გადავრჩით იმის ხარჯზე, რომ ქართველმა მომხმარებელმა გადაწყვიტა ჩვენთან დასვენება. მათი უსაფრთხოებისთვის, უცებ მოვიფიქრეთ, რომ ყველა კოტეჯისთვის ინდივიდუალურად გაგვეკეთებინა თავისი პატარა ეზო, რათა აქ მოსულ ადამიანებს, ასე პატარა ეზოებით მაინც ემეზობლათ ერთ დიდ სივრცეში”, – გვეუბნება ეკა.
კაპროვანის კოტეჯებში ახლა რუსეთიდან სტუმრები ისვენებენ.
ეკატერინა ჩეგამოვა ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები ორ მიმართულებაზე ფიქრობდნენ – თურქეთზე ან საქართველოზე.
“არ ვნანობთ, რომ საქართველო ავირჩიეთ. ამინდები კარგია, ზღვა მშვენიერი. თავიდან აქ ორი დღით ვიქირავეთ სახლი, შემდეგ გადავწყვიტეთ დარჩენა, იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა, კარგი სანაპიროა, ქალაქის ხმაურისგან შორსაა და კოტეჯებიც კომფორტულია”, – გვეუბნება ეკატერინა ჩეგანოვა, რომელიც კაპროვანში შვილთან ერთად ისვენებს.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა გვითხრა, ოფიციალურად ტურისტული სეზონი 15 ივნისს კი გაიხსნა, თუმცა უცხოელი ვიზიტორები რეგიონს უკვე აპრილის თვიდან სტუმრობენ.
„ამ ეტაპზე, ბათუმის მიმართულებით ფრენები ძირითადად ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან ხორციელდება, თუმცა ამ ჩამონათვალს, მალე არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სომხეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთიც შეუერთდება,“ – ამბობს კაიკაციშვილი.
აღდგენილი ფრენების და ეტაპობრივად შემსუბუქებული რეგულაციების მიუხედავად, ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანებს მოგებაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ნაჩქარევი ჰგონიათ.
“იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც ჩვენ მოგვადგა პანდემიის დროს, დაახლოებით ორი-სამი ისეთი სეზონი დასჭირდება, როგორიც ახლა გვაქვს, რომ ისევ მოგება ვნახოთ”, – გვეუბნება “Best Western Premiere Batumi”-ის გენერალური მენეჯერი თემურ ზოიძე.
ეს სასტუმრო დიდწილად უცხოელ ტურისტებზე მუშაობს, შესაბამისად, 2020 წელს, როცა პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ ყველა ჯავშანი გაუუქმდათ. მენეჯმენტი, ერთ წელზე მეტხანს, სასტუმროს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ინახავდა.
“2020 წლის 12 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ გამოიწვია ის, რომ 15 მარტს საერთოდ გაჩერდა ყველა ტიპის ჯავშანი, რაც სასტუმროში შემოდიოდა და ჩვენ დაგვიდგა ცუდი პერიოდი ეკონომიკის თვალსაზრისით, ვინაიდან სასტუმროს ხარჯები იყო დიდი და შემოსავალი არანაირი არ არსებობდა”, – იხსენებს თემურ ზოიძე.
მსგავსი ისტორია აქვს ყველა იმ დიდ თუ პატარა სასტუმროს, რომელიც პანდემიის თანმდევ კრიზისს გადაურჩა. არიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ დაიხურნენ და ახლა ამ თემაზე საუბარიც აღარ სურთ. სასტუმროებზე არანაკლებ რთული პერიოდი გამოიარეს კაფეებმა, ბარებმა და რესტორნებმა.
ვინ როგორ გადაიტანა კრიზისი
ზაფხულის სეზონზე ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა, საქართველოს მხოლოდ ერთი ქალაქის სანახავად იშვიათად სტუმრობს. დიდი ნაწილი, ზღვისპირა ქალაქში დასვენების პარალელურად, სულ მცირე, თბილისს მაინც ნახულობს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, თბილისის ისტორიულ ნაწილში ტურისტების სიმრავლე იგრძნობა, კაფე-ბარები, რესტორნები თუ სასტუმროები მუშაობით მაინც უკმაყოფილოები არიან.
“პანდემიამდე ეს ადგილი იყო გადატენილი. ღამის საათებში ხალხი არ ეტეოდა აქ. პარასკევობით ივენთებს რომ ვაწყობდით, ხალხი კიბეებზეც კი იდგა და ელოდა, ადგილი როდის გათავისუფლდებოდა”, – გვიყვება მარიამ ჩახავა.
მისი ბარი თბილისის, ისტორიულ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს – იმ სახლში, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი ვალერიან გუნია ცხოვრობდა.
სწორედ ამიტომ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში გახსნილ ბარს “ვალიკო” დაარქვა და ბიზნესის შესანარჩუნებლად, პანდემიის დროს ბარმენობა, მიმტანობაც და დამლაგებლობაც კი შეითავსა.
“გვახსოვს 14 მარტს მოვიდნენ ჩვენთან პოლიციიდან და გვითხრეს, რომ ცოტახანში უნდა დავიკეტოთ. არც ვიცოდით, რამდენი ხნით ვიკეტებოდით, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა… 1 თვე გავიდა, 2 თვე გავიდა და ასე გაგრძელდა და გაგრძელდა. მოგვიწია ეკონომიურად გვემუშავა და ეს თანამშრომლების რაოდენობაზეც აისახა. მე და მეორე თანადამფუძნებელი ვაკეთებდით ყველაფერს, დაწყებული გარეცხვით, დალაგებით, მიმტანობით და ბარმენობით”, – გვიყვება მარიამი.
მისი შემოსავლები 2019 წელთან შედარებით, 90 პროცენტით არის შემცირებული. პრობლემას უქმნით ლარის გაუფასურებაც, რადგან ფართის იჯარას დოლარში იხდიან.
იგივე პრობლემები აქვს მინიმალისტურ სტილში მოწყობილ “ჩვენ ბარს”, რომელიც ასევე ძველ თბილისში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი ამბობს, რომ კრიზისულ პერიოდს მეიჯარეს წყალობით გადაურჩნენ – ლოქდაუნის დროს, იჯარაზე შეღავათი გაუკეთა.
“გაგვიმართლა, ხელი შეგვიწყო მოიჯარემ ქირის გადახდასთან დაკავშირებით და ეტაპობრივად, რისი საშუალებაც გვქონდა ხოლმე, იმას ვუხდიდით. ეს დაგვეხმარა, რომ ახლა გახსნის მომენტში მინუსში არ ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ყველა კაფე-ბარს ასე არ გაუმართლა”, – გვეუბნება ეთო შავშიშვილი.
მართლაც, თუკი 2019 წელს, თბილისის ძველ უბანში სეირნობისას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაფეს, ბარს, რესტორანს ან ჰოსტელს ნახავდით, ახლა გამვლელების ყურადღებას დაკეტილ ობიექტებზე გამოკრული აბრები იპყრობს, წარწერით “იყიდება”, “ქირავდება”.
შემცირებული ობიექტების ოდენობა პრობლემებს ღია დაწესებულებებს უქმნით, რადგან როგორც ამბობენ, ნაკლები მრავალფეროვნების გამო, ქალაქი ტურისტებისთვის ნაკლებად საინტერესო ხდება.
“ბევრი ტურისტი შემოსულა, რომლებისთვისაც აქაური სიტუაცია ძალიან მრავალფეროვანი იყო და ბარში, სტუმრებთან ლაპარაკით უფრო იგებდნენ ჩვენს კულტურას. ასე უფრო დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ახლა, სამწუხაროდ, იმდენი ტურისტი აღარ არის, რამდენიც წინათ”, – ამბობს ეთო.
ტურისტების სიმცირეზე წუწუნებენ ის მაღაზიებიც, რომელთა მომხმარებლებიც ძირითადად უცხოელი სტუმრები არიან. მაგალითად, ღვინის მაღაზიები. ერთ-ერთი ასეთი ობიექტის მეპატრონე ამ დრომდე ვერ ახერხებს დამხმარე თანამშრომლების აყვანას და ყველა ფუნქციას თავად ითავსებს.
“100 პროცენტით ტურისტზე ვართ დამოკიდებულები. გვჭირდება ძალიან დიდი ნაკადი, რომ გადავრჩეთ როგორმე. ახლა რასაც ვაკეთებთ, ამას ბიზნესი არ ჰქვია. რეალურად, ვიბრძვით გადარჩენისთვის. ორი მაღაზია მქონდა და თავისუფლად ვუმკლავდებოდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მივხვდი, რომ ვერაფრით ვერ დავრჩებოდით იმდენნი, ვინც ვიყავით. სამწუხაროდ მომიწია ყველა კადრის გაშვება და ერთი მაღაზიის დაკეტვა. არავინ გვერდში არ დაგვიდგა, არანაირი დახმარება არ მიმიღია”, – ამბობს ნინო ონაშვილი.
გადარჩენას ცდილობენ ჰოსტელებიც – მათმა ნაწილმა დამატებით სესხი აიღო და საკუთარ შენობებში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ზოგმა სესხის დამატება ვერ გაბედა და ცდილობს სივრცე საკუთარი ხელით მოაწყოს. ასე იქცევა საოჯახო ტიპის სასტუმროს “ბეთლემი 25”-ის მეპატრონეც. მაკა გელოვანმა სასტუმროს ეზო ქოთნის ყვავილებით განაახლა და მაგიდა და სკამები დადგა.
“პანდემიამ ბევრი ხელისშემშლელი პირობა დააყენა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფინანსური მხარე. მე არ მეგულება ბიზნესის მწარმოებელი, რომელსაც ბანკის სესხი არ ჰქონდეს. ვითომ მოხდა ისე, რომ გაჩერდა ბანკის გადახდა, მაგრამ პრაქტიკულად მაინც დავზიანდით, რადგან ის თვეები, რაც არ გვაქვს გადახდილი, ზედ დაემატა ვალა”, – გვეუბნება მაკა.
მის საოჯახო ტიპის სასტუმროს რამდენიმე უცხოელი სტუმარი უკვე ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით ეს მუშაობად ვერ ჩაითვლება.
“თავიდან გავიხსენით, თავიდან ვკრიფავთ სათითაოდ, როგორც მარგალიტებს ჩვენს სტუმრებს უკვე ახლებს. ძველები კი ჯერჯერობით ისევ გვწერენ, გეგმავენ ჩამოსვლას, მაგრამ მათაც გაუძვირდათ ჩამოსვლა. ზოგს ბილეთები გაუძვირდა, PCR ტესტები სჭირდებათ, ვინც აცრილები არ არიან და ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ კი გვაქვს უკეთესის იმედი, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება”.
ვინ რას ელის ტურიზმისგან?
კორონავირუსის პანდემიამდე ერთი წლით ადრე, მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭომ (WTTC) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორი 483 ათას სამუშაო ადგილს ქმნიდა – ეს რიცხვი მოიცავდა არა მხოლოდ კვების და განთავსების ობიექტებში მომუშავე პირებს, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნაში ჩართულ ადამიანებსაც. ამავე წელს, ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზე იყო.
2018 წელს, ტურიზმში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავეთა წილი საქართველოს მთლიან დასაქმებაში 7.8% იყო და საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება უშუალოდ ტურიზმს, ეს სფერო პირდაპირი გზით 140 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.
მაშინ კვლევის ავტორები ამბობდნენ, რომ ეს მაჩვენებლები მომავალ წლებში საშუალოდ 2 პროცენტით გაიზრდებოდა, თუმცა პანდემიამ რეალობა შეცვალა და ობიექტების დახურვა თუ თანამშრომელთა ოდენობების შემცირება ყველა ამ მაჩვენებელზეც აისახა.
ახლა კი, როცა საქართველოს საზღვრები ძველებურად გახსნილი აქვს, ხელისუფლების მოლოდინები ოპტიმისტურია, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ამბობს რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს.
“2019 წელი ტურიზმის მხრივ უპრეცედენტო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი მატება იყო და შესაბამისად, სრულად აღდგენას ვპროგნოზირებთ 2023 წლისთვის. თუმცა მანამდე მაჩვენებლებთან მიახლოება მოხდება”, – განმარტავს ჯანიაშვილი.