დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, თბილისში რუსეთი ქართულ-რუსულ უნივერსიტეტს გახსნის
დიმიტრი ლორთქიფანიძე ქართულ-რუსულ უნივერსიტეტზე
საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება. ასევე, ლორთქიფანიძის თქმით, იგეგმება სანქტ-პეტერბურგთან პირდაპირ ავიამიმოსვლას დაწყებაც. ამის შესახებ მან საქართველოში დაფუძნებულ რუსულენოვან მედიასთან ისაუბრა.
კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის განსათავსებელი შენობის ძებნა. მისივე თქმით, სწავლა უფასო იქნება და ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.
ლორთქიფანიძის განმარტებით, 3-7 ივლისს პეტერბურგში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა “მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა” და მალე, მათ შორის, შეძლებენ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე მსჯელობის დაწყებას.
“ძალიან მალე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ მსჯელობა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, სექტემბერი-ოქტომბრის მიმართულებით განსახილველი საკითხებია.” – განაცხადა მან.
ამას გარდა, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობის “რეანიმაცია”. მისივე მტკიცებით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოში ბიზნესის გადმოტანის სურვილი აქვს.
“სექტემბერში რუსეთის ფედერაციაში მორიგ ვიზიტს ვგეგმავთ და რუსული მხარისგან ველით ახალ საინტერესო ინიციატივებს. მიმდინარეობს ურთიერთობის რეანიმაციის პროცესი, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო და პირდაპირი კავშირი. ვამჩნევ, რომ რუსეთის ბევრ მოქალაქეს აქვს საქართველოში ბიზნესის გადმოტანის დიდი სურვილი. თავის მხრივ, ქართველებს შორისაც არაა ცოტა ადამიანი, ვინც რუსეთში საქმიანობის დაწყებას ისურვებდა.” – ამბობს პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი.
საქართველოს მხრიდან ლორთქიფანიძის გარდა პეტერბურგში იმყოფებოდნენ: თამარ კიკნაძე, თემურ მაისურაძე, გოჩა ცოფურაშვილი, გიორგი მდივანი, გიორგი უხურგუნაშვილი, ანა ხოტივრიშვილი და სტუდენტები, ვინც განათლებას რუსეთში იღებენ.
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
● The Washington Post: თუ ივანიშვილი პუტინის მხარდაჭერას განაგრძობს, დასანქცირდება
“პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი” რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდისა” და “ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის” მიერ 2013 წელს შეიქმნა. ცენტრი რუსული ენის კურსებს და სხვა ღონისძიებებს აფინანსებს. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი და დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძეა.
“ალექსნდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდი” ევროკავშირის სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში 2022 წლის 21 ივლისიდანაა. ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც ევროკავშირის განმარტებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.
ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია 2010 წელს დმიტრი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა და მისი დამაარსებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სერგეი ლავროვი კი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი.
ევროკავშირის სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა შესახებ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს გორჩაკოვის ფონდს, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ცენტრებს აფინანსებს.
„გორჩაკოვის ფონდი შექმნილია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის კომპატრიოტებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომლებიც კრემლის იდეოლოგიურ ობიექტებს წარმოადგენენ. გორჩაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტები რუსეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს“ – აცხადებს ევროკავშირი.
აღსანიშნავია, რომ “პრიმაკოვის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრს”, 2022 წლის 12 სექტემბერს, თიბისი ბანკმა სავარაუდოდ ანგარიშები დაუხურა და განმარტა, რომ ბანკი განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად ინიციირება გაუკეთა იმ იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვას, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული იურიდიული პირია.