სომხეთში რუსული არხების რეტრანსლაციის საფრთხეს ხედავენ, თუმცა მათ აკრძალვას არ აპირებენ
სომხეთში რეტრანსლირებული რუსული ტელეარხები ხშირად „რასისტული და რელიგიური ხასიათის ძალადობას“ ავრცელებენ, მაგრამ ტელევიზიისა და რადიოს ეროვნულ კომისიას დაშვებული დარღვევებისთვის დასჯის მექანიზმები არ გააჩნია. რუსული ტელეარხების რეტრანსლაციის საკითხი სომხეთის პარლამენტში განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არხების მაუწყებლობა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
• როგორ ფინანსდება და იმართება პრორუსული მედია საზღვარგარეთიდან
რაშია საფრთხე
ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან აკოპიანმა განაცხადა, რომ სომხეთი იძულებულია, რომ საზოგადოებრივი მულტიპლექსის სივრცეში საზღვარგარეთული ტელეკომპანიების არსებობა დაუშვას, რაც, მისი აზრით, გარკვეულ საფრთხეს ქმნის.
„მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ უშვებს საკუთარ საზოგადოებრივ მულტიპლექსში საზღვარგარეთის ტელეკომპანიების ჩართვას. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარია: ტექნიკურიც, პოლიტიკურიც და იდეოლოგიურიც, როგორც ეროვნული ენის, ისე საინფორმაციო უსაფრთხოების შენარჩუნების საფრთხეების გათვალისწინებით“.
სომხეთში ახლა 5 უცხოური არხის რეტრანსლირება ხდება. ეს არის სამი რუსული ტვ – „პირველი არხი“, „რუსეთი“, „რუსეთი კულტურა“, ასევე სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია „მირ“ და ამერიკული არხი CNN. ისინი იმ 27 ტელეკომპანიის შემადგენლობაში შედის, რომლებიც საზოგადოებრივი მულტიპლექსის ფარგლებში მოქმედებს; ანუ 5 მათგანი არა სომხურ ენაზე მაუწყებლობს. მაგრამ შეშფოთების სხვა მიზეზებიც არსებობს, კერძოდ – რუსული სატელევიზიო პროგრამების კონტენტთან დაკავშირებით.
„არც ერთი ჩვენგანისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თავიანთი ტოკ-შოუების დროს მათ შეუძლიათ რასისიტული, რელიგიური და სხვა ხასიათის მოწოდებები გაავრცელონ, სადაც ხშირად დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი“, – განაცხადა ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა.
ტიგრან აკოპიანი შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთს ამ ტელეარხებზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნია, არ არის მექანიზმები, რომლებიც მსგავს შემთხვევებში მათი დაჯარიმების ან მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას მისცემდათ:
„ამ უცხოური ტელეკომპანიების მხრიდან რაიმე დარღვევის დაშვების შემთხვევაში, მათ მიმართ ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება არ შეიძლება.“
წინადადება შეზღუდვის შესახებ
რუსული ტელეარხების საქმიანობის შეზღუდვის თემა აქტიურად განიხილება როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში.
წინა დღეს მმართველი პარტიის „ჩემი ნაბიჯი“ დეპუტატმა ნარინე ტუხიკიანმა ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შესთავაზა, რომ ტელეარხების „მირ“-ის, „როსია“ -ს და „პირველი არხი“-ს ზოგიერთი გადაცემის ტრანსლაცია შეიზღუდოს.
მას თავისი წინადადების არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ ეს რესურსები ანტისომხურ კონტენტს ქმნიან:
„შესაძლებელია თუ არა ზოგიერთი ანტისომხური ან სომხებისადმი სიძულვილის გამავრცელებელი პროგრამების გამორთვა ან შეზღუდვა, მიუხედავად შეთანხმებების არსებობისა?“
ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, და რომ უკრაინისა და საქართველოს გამოცდილება სომხეთს არ სჭირდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ წინადადებას ასევე ეთანხმება:
„ნებისმიერი ტელეკომპანია და ნებისმიერი სახელმწიფო მკაფიოდ უნდა ათვითცნობიერებდეს, რომ არსებობს კორექტულობის გარკვეული ზღვარი. და ამ ზღვარის დაცვა საჭიროა. მაგრამ არავინ აპირებს, ვინმეს გამოხატვის უფლება შეუზღუდოს“.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელებში რუსული ტელეარხების საქმიანობის შეზღუდვის წინადადება არაერთმნიშვნელოვნად აღიქვეს.
მომხმარებელთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსული ტელეარხების ეთერის შეზღუდვა იმით აიხსნება, რომ ისინი სომხეთის ახალ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ. სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რუსული ტელეარხების ტრანსლაცია უნდა შეწყდეს, რადგან ისინი ხშირად ანტისომხურ მასალებს გადმოსცემენ.
აი, ზოგიერთი სახასიათო კომენტართაგანი:
„როგორც ვხვდები, პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მედია სომხეთის ახლანდელ ხელისუფლებას პირდაპირ აკრიტიკებს. და მათი ეთერის შეზღუდვა – ცენზურის შემოღების მცდელობაა“.
„აკრძალვა უსარგებლოა. ადამიანები იმავე არხებს ონლაინ მაიც ნახავენ“.
„რუსული ტვ-ს ყურების აზრს ვერ ვხედავ. „კულტურის“ გარდა, ყველა რუსული არხი უნდა დაიხუროს“.
„რა საერთო აქვს რუსულ მედიას სიტყვის თავისუფლებასთან? რატომ უნდა მივცეთ მათ ჩვენთან თავიანთი პროპაგანდის გავრცელების საშუალება?“