ორასზე მეტი პროფესორი პარლამენტს მიმართავს: არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს
ორასზე მეტი პროფესორი პარლამენტს მიმართავს
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ორასზე მეტი პროფესორი პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას. მათი განცხადებით, ამგვარი კანონი აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
“დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას – გახდეს ევროპული ქვეყანა.
ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.
მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი”. – ნათქვამია განცხადებაში.
● აქცია “უცხოური აგენტების კანონპროექტის” წინააღმდეგ. ფოტოები
● რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
● “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ.
27 თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: ერთი 14 თებერვალს დარეგისტრირდა და ის რუსული კანონის ანალოგია; მეორე კი, ალტერნატივის სახით დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პირველს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს მეორე, მისი ავტორების თქმით, არის ამერიკული კანონის (FARA-ს) ანალოგი. მათ თქვეს, რომ FARA პირდაპირ თარგმნეს.
ორივე კანონპროექტის ავტორია მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც მმართველი გუნდისგან ფორმალურად გამოყოფილმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს. „ხალხის ძალა“ მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მეტიც, მისი წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ “ხალხს სიმართლე უთხრას დასავლეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს”.
კანონპროექტს აკრიტიკებს ყველა, მმართველი პარტიის გარდა: ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორი, ოპოზიცია, ექსპერტები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში იყვნენ და საქართველოს პრეზიდენტიც კი.
კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ამერიკელი სენატორები თუ ევროპელი დეპუტატები. ამერიკის ელჩმა კი მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი”.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი უკვე მესამე განცხადებას აკეთებს “აგენტების კანონზე” და ამბობს, რომ კანონის მხარდამჭერები პასუხისმგებლები იქნებიან ქვეყნის მომავლისთვის რისკის შექმნაზე.
20 თებერვალს საქართველოს ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ესტუმრნენ. ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ “უცხოური აგენტების” კანონზე განაცხადა, რომ კანონპროექტი არაა აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსი და ის რუსული კანონის მსგავსია.