ახალი კოდექსი: სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის
სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის თქმით, უწყება ამზადებს ახალ “თავდაცვის კოდექსს”, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის იქნებიან სტუდენტებიც, ვინც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ამის შესახებ გიორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
“დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს.
“ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არასტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ოპციებს”, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი ან სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა:
“[4-წლიანი პროგრამა] ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა, შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.”
ახალი თავდაცვის კოდექსის შესახებ ისაუბრეს 27 თებერვალს საქართველოს პარლამენტშიც. განახლებული კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და არ მოუწევთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მუშაობა.
● სამხედრო გაწვევა – სამშობლოს დასაცავად თუ უფასო ყარაულებად?
● კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები
● ახალქალაქი: ცხოვრება რუსული ბაზის შემდეგ
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას აღარ ექნება – ანუ ვერცერთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გვერდს ვეღარ აუვლის.
2022 წლის 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება “ვითომ რელიგიური ორგანიზაციები”, რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია “გირჩის” მიერ დაფუძნებულ “ბიბლიური თავისუფლების” დახურვაზე ისაუბრა.
“ეს იყო ე.წ. აი ეს მავნებლური, გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც.” – თქვა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი გავლილია საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი “მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ.
“საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” – ასე ჰქვია რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურმა მოძრაობა “გირჩმა” 2017 წლის მარტში დაარეგისტრირა.
2017 წლიდან დღემდე, გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით 50 000 ადამიანზე გასცა. ამ დოკუმენტით ახალგაზრდებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლეს.