რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
რუსული კანონი აგენტების შესახებ
საქართველოს მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდენენ.
კანონპროექტს აკრიტიკებს ყველა, მმართველი პარტიის გარდა: ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორი, ოპოზიცია, ექსპერტები და ის პოლიტიიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში იყვნენ და საქართველოს პრეზიდენტიც კი.
კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ამერიკელი სენატორები თუ ევროპელი დეპუტატები. ამერიკის ელჩმა კი მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი”.
JAMnews-ი მოგიყვებათ, რა წერია კანონპროექტში, რომლის არა თუ მიღება, ინიციირებაც კი, დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პრეტენზია აქვს.
ამ მასალაში ასევე იპოვით პასუხებს კითხვებზე: როგორია კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს? რა მოხდება, თუკი მას მიიღებენ? არსებობს თუ არა ბერკეტი, ამ ინიციატივის შესაჩერებლად? რა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს? სამოქალაქო სექტორს?
კონტექსტი:
27 თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: ერთი 14 თებერვალს დარეგისტრირდა და ის რუსული კანონის ანალოგია; მეორე კი, ალტერნატივის სახით დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პირველს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს მეორე, მისი ავტორების თქმით, არის ამერიკული კანონის (FARA-ს) ანალოგი. მათ თქვეს, რომ FARA პირდაპირ თარგმნეს.
ვიდრე მოვყვებით, რა წერია ამ კანონპროექტებში და რა განსხვავებაა მათ შორის, ვნახოთ კონტექსტი – როდის და ვის მიერ მოხდა ამ კანონპროექტის ინიციირება.
ვისი იდეაა: ორივე კანონპროექტის ავტორია მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც მმართველი გუნდისგან ფორმალურად გამოყოფილმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს. „ხალხის ძალა“ მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მეტიც, მისი წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ “ხალხს სიმართლე უთხრას დასავლეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს”.
ექვს თვეზე მეტია, რაც ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არსებობს. ამ ხნის განმავლობაში მათ 12 საჯარო წერილი გამოაქვეყნეს და ათეულობით პრესკონფერენცია გამართეს. მათი აბსოლუტურად ყველა აქტივობა ეძღვნებოდა დასავლეთის ლანძღვას.
ანუ, რომ შევაჯამოთ – კანონპროექტის იდეის ავტორია ძალა, რომელიც ანტიდასავლურ პლატფორმაზე დგას.
როდის მოხდა კანონპროექტის ინიციირება: ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სტატუსის მისაღებად ქვეყანას შესასრულებელი აქვს კონკრეტული 12-პუნქტიანი გეგმა. ეს კანონი კი ამ რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში მოდის.
კონკრეტულად, ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის ორ რეკომენდაციასთან – მე-7 და მე-10.
მე-7 რეკომენდაცია ეხება მედიას და ქვეყანას მოუწოდებს განახორციელოს უფრო ძლიერი რეფორმები თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად.
მე-10 რეკომენდაციაში საუბარია საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე: ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე;
ეს კანონი კი, ამოქმედების შემთხვევაში, პირველ რიგში სწორედ მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუზღუდავს მუშობას.
კონტექსტის თვალსაზრისით საგულისმოა ის ფაქტიც, რომ 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია – “ქართული ოცნება” შეეცდება მეოთხე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. ამ ფონზე ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის ის კრიტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
მმართველი პარტიის წევრები ჯერ კი ამბობდნენ, რომ ამ კანონპროექტის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ შემდეგ განცხადებებში ფაქტობრივად აღიარეს, რომ მის შექმნაში მონაწილეობდნენ.
რა წერია ამ კანონპროექტებში?
პირველი კანონპროექტი უკვე საჯაროა. ის შვიდგვერდიანია. მასში 11 მუხლია. ამ მუხლებში გაწერილია – ვინ არის უცხოური გავლენის აგენტი; ვინ ითვლება უცხოურ ძალად; სად უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის აგენტები; ვინ გაუწევს მათ მონიტორინგს; რა მოხდება მაშინ, თუ შესაბიმისი პირი ან ორგანიზაცია უარს იტყვის რეგისტრაციაზე და ა.შ.
კანონპროექტის თანახმად, ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არაკომერციული შემოსავლების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებს, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.
„უცხო ძალად“ კი ითვლებიან როგორც უცხო ქვეყნის ოფიციალური ორგანოები (ან მათი წევრები), ისე უცხოეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები.
- “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
- რას ფიქრობენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტზე. სპოილერი: კარგს არაფერს
- “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
ამ რეესტრში არ მოხვდება მთავრობა, მისი ააიპ-ები, სსიპ-ები (მაგალითად, საბავშო ბაღები, დასუფთავების სამსახურები, სპორტული და სამუსიკო სკოლები და ა.შ.), რომლებიც ასევე იღებენ უცხოურ დაფინანსებებს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდის გრანტი აქვს მიღებული უცხოეთიდან.
სპეციალური რეესტრი იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება. ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ვალდებული იქნება ყოველი წლის იანვარში, საკუთარი ნებით დარეგისტრირდეს “უცხოური გავლენის აგენტად”. (მაგალითად, თუ 2022 წლის დეკემბერში დაითვლით და აღმოჩნდება, რომ თქვენმა ორგანიზაციამ შემოსავლების მეხუთედზე მეტი უცხო ქვეყნიდან მიიღო, წელს, როგორც კი კანონს მიიღებენ, უკვე მოგიწევთ დარეგისტრირება).
რეგისტრაცია ითხოვს ბევრ პირად მონაცემს: მისამართი, ორგანიზაციის ვებგვერდი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია წინა წელს მიღებულ შემოსავალსა და დახარჯულ თანხაზე. ეს ძალიან ჰგავს ფინანსურ დეკლარაციას.
რეგისტრაცია უფასოა. აგენტად დარეგისტრირებასა და მონაცემების გასაჯაროებაში სახელმწიფო ფულს არ გადაგახდევინებთ.
ყველა ინფორმაცია, რასაც ფორმა რეგისტრაციის დროს ითხოვს, საჯარო ხდება.
ერთხელ დარეგისტრირება საკმარისი არ არის. ორგანიზაციამ, თუ ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყოველ წელს. (ყოველ დეკემბერს უნდა გადახედოს მონაცემებს და შემდეგი წლის იანვარში თავიდან გააგზავნოს დეკლარაცია რეესტრში).
თუ კრიტერიუმს აღარ აკმაყოფილებს, რეესტრიდან ამოსაშლელადაც ისევ წერილობით უნდა მიმართოს რეესტრს.
მონაცემების დამალვა შეუძლებელია. კანონპროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის სამსახურის შექმნასაც. ამ სამსახურს უფლება ექნება წელიწადში ორჯერ შეამოწმოს რომელიმე ორგანიზაციის ან პირის მონაცემები, თუ ამაზე ვინმე მიანიშნებს. ანუ, იმუშავებს ე.წ. დასმენის ანონიმური სამსახური.
კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები. თუ მაგალითად, ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, ან ფინანსურ დეკლარაციას არ წარადგენს, 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. თუ რაიმე ხარვეზი ჰქონდა და არ გამოასწორა, მაშინ ჯარიმა 10 ათასი ლარია.
მას შემდეგ, რაც პირველ კანონპროექტს ამხელა ხმაური მოჰყვა, მეორე მის ავტორებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ. მაგრამ, რაც უკვე ვიცით, მეორე ვერსია პირველზე უარესია.
მეორე კანონპროექტის თანახმად, ეს კანონი ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ. ყველას, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.
ახალი კანონპროექტი 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს მისი მოთხოვნების არშესრულებისთვის.
კიდევ სად მოქმედებს მსგავსი კანონი?
კანონპროექტების ავტორები მასზე საუბრისას ხშირად აპელირებენ, რომ ასეთი კანონი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მეტიც, ამბობენ, რომ ის კანონი ძალიან მკაცრია, მათ კი შეარბილეს კიდეც.
ავტორები გულისხმობენ კანონს FARA (Foreign Agents Registration Act), რომელიც აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს. ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდის გავლენისგან დაეცვა.
მოგვიანებით ამ კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა – გამარტივდა და დავიწროვდა აგენტების განსაზღვრება. კანონის ბოლო ვერსია შემოიფარგლა მხოლოდ იმ ადამიანებით და ორგანიზაციებით, რომლებიც უცხო ქვეყნების ან ორგანიზაციების პირდაპირი ბრძანებით ან სურვილით მოქმედებენ.
FARA არ ეხება არც მედიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამერიკაში ამ რეესტრში უფრო მეტად პიარ და მარკეტინგული კომპანიები არიან დარეგისტრირებული.
რაც შეეხება რუსულ კანონს, მისი პირველი ვერსია რუსეთში ათი წლის წინ, 2012 წელს მიიღეს. თავდაპირველად კანონი ეხებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მაგრამ, ნელ-ნელა კანონის მოქმედება გაფართოვდა.
ეტაპობრივად კანონის მოქმედება გაფართოვდა და ის შეეხო:
- 2017 წელს – კანონი შეეხო მედიასაშუალებებს;
- 2019 წელს – ფიზიკურ პირებს (იგულისხმება ყველა ბლოგერი, ჟურნალისტი, ვინც უცხოეთიდან იღებდა ფინანსებს)
- 2020 წელს – ყველა პირს, ვინც ჩართული იყო “პოლიტიკურ აქტივობაში” უცხო ქვეყნის სასარგებლოდ;
- 2021 წელს – აგენტებად გამოაცხადეს რუსეთში და მეზობელ, დემოკრატიულ ქვეყნებში დაფუძნებული რუსულენოვანი მედიასაშუალებები;
- 2022 წელს – ეს კანონი შეეო ყველას, ვინც იყო პოლიტიკურად აქტიური და ნებისმიერ მხარდაჭერას იღებდა უცხოეთიდან;
- და ბოლოს, უკრაინის ომის შემდეგ, ეს დევნა შეეხო ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს.
დროთა განმავლობაში ამ კანონმა სრულიად ჩაახშო რუსეთში თავისუფალი და კრიტიკული აზრი. თითქმის ყველა ორგანიზაციამ, ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ვისაც ეს კანონი შეეხო, ქვეყანა დატოვა. გაუქმდა ასობით ორგანიზაცია.
“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ანალოგი არ მოქმედებს ევროკავშირის არცერთ ქვეყნებში.
რატომ აკრიტიკებენ კანონპროექტს?
ყველა, ვინც ამ კანონპროექტებს აკრიტიკებს, ამბობს, რომ მას ერთადერთი მიზანი აქვს – ტოტალური კონტროლის დამყარება ყველაზე, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, მათი საქმიანობის შეზღუდვა.
ეს კანონი არ იმოქმედებს მხოლოდ მედია და არასამთავრობო სექტორზე. ეს კანონი შეეხება რიგით ადამიანებსაც: ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს, ლგბტქ პირებს (რომლებთანაც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ), ახალგაზრდებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების დაფინანსებით მიდიან სასწავლებლად უცხოეთში, ან იწყებენ საკუთარ მცირე ბიზნესებს, მათ ვისაც ემიგრანტი ოჯახის წევრები აცხოვრებენ და ა.შ.
“ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ… ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე“, – წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში მოქმედი 300-მდე მედია და სამოქალაქო ორგანიზაცია აწერს ხელს. მათ შორის, JAMnews, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობაში.
- სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, დეოლიგარქიზაცია – რა პირობები წაუყენა EU-მ საქართველოს
- მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა – ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
- გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
ეს კანონპროექტი აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს პირდაპირ თქვა ევროკავშირის საგარეო სამსახურმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შიშობს, რომ კანონი შეაფერხებს მათ მუშაობას საქართველოში.
ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე“, – თქვა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.
კანონპროექტს აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
„შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან“, – განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია – ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკის გამეორებაა, რაც ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას“, – ნათქვამია ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის (NHC) განცხადებაში.
მსგავსი შინაარსი იკითხება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა და განცხადებებშიც:
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) წერს, რომ პუტინის კანონი აგენტების შესახებ იყო კრემლის ყველაზე ძლიერი იარაღი პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად:
„ასეთ კანონმდებლობას აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ეთანხმება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს“.
„მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებები, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში კანდიდატურის მისაღწევად”, – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათაო ოფისის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” მიიჩნევს, რომ ეს კანონი არის მთავრობის ყველაზე ღია გზავნილი, რომ მას არ უნდა ევროკავშირში:
„ერთწლიანი პროცესის განმავლობაში გადადგმული ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებიდან, ამ კანონპროექტის მიღება იქნება მმართველი პარტიის ანტი-ევროკავშირული და იზოლაციონისტური პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა დასტური“.
„ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს“, – ამბობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ , რომლის აზრით, ამ კანონის მიღება კი არა, მასზე მსჯელობაც კი დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
რა ეტაპზეა ახლა ეს საკითხი
დღეს ცნობილი გახდა, რომ “ხალხის ძალის” მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ პირველი მოსმენით მიიღებენ. ეს დღეს, 27 თებერვალს, მისმა ერთ – ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა.
ორივე კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარული განხილვა უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შემდეგ იქნება პირველი მოსმენა.
ავტორებს უნდათ, რომ საბოლოოდ კანონიზ რომელიმე ვერსია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღონ. სწორედ ამიტომ, ისინი ვენეციის კომისიას დასკვნასაც დაჩქარებულად მოსთხოვენ.
წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ამ კანონს მთავრობა მხარს დაუჭერს.
საქარველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეგმავს კანონს ვეტო დაადოს. მაგრამ, უმრავლესობას შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა.
ამ ფონზე, ერთადერთი იმედი, სამოქალაქო სექტორისთვის, რათა არ მიიღოს მთავრობამ ეს კანონი, ხალხის აქტიურობაა. ეს კანონი იყო ერთ-ერთი მიზეზიც, რიც გამოც, 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
რუსული კანონი აგენტების შესახებ
გარეკანის ფოტო: 2022 წლის 20 ივნისი. ამ დღეს საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად თბილისში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ფოტო: დავით ფიფია / JAMnews