უკრაინული ეკლესიის აღიარებამ შესაძლოა აფხაზურის შექმნა გამოიწვიოს
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გამოცემულმა ტომოსმა ქართული ეკლესია დააფიქრა. საქართველოს კარგს არაფერს უქადის არცერთი გადაწყვეტილება – იმისდა მიუხედავად, აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ამჟამად რუსეთისაგან დამოუკიდებელია, თუ – არა.
ქართულ ეკლესიას აქ არჩევანის გაკეთება არ უწევს მხოლოდ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ ორ მართლმადიდებლურ ცენტრს შორის: რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომლის უკანაც კრემლი დგას, და მსოფლიო პატრიარქს შორის, რომელსაც მართლმადიდებლურ სამყაროში კანონის აღსრულების უფლება აქვს.
• საქართველოს ეკლესიის სინოდმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა კვლავ გადადო
• აფხაზეთი: ხელისუფლება ირჩევს ეკლესიას?
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ნებისმიერ არჩევანს ექნება სხვა, რეალურად მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ქვეტექსტიც, ვიდრე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბედია. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი არჩევანი პერსპექტივაში ავტომატურად გამოიწვევს აფხაზური ეკლესიის პრობლემის გალღობას.
მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის
2008 წელს სამხრეთ ოსეთში ომის შედეგად, რუსეთმა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა აღიარა. თუმცა ეს აქტი საეკლესიო საკითხზე არანაირად არ ასახულა. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთის ეკლესიას კვლავ ქართული ეკლესიის კანონიკურ ნაწილად მიიჩნევს.
ამასთან ერთად, 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დამთავრების მომენტიდან აფხაზეთის ეკლესია მაღალიერარქიების ყურადღების გარეშე დარჩა – ვინაიდან, გასაგები მიზეზების გამო, ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთში ჩასვლა არ შეუძლიათ.
ამ პერიოდის განმავლობაში წარმოქმნილი ვაკუუმი ორმა საეკლესიო სტრუქტურამ შეავსო. ორივე მათგანი ჯერაც არავის უღიარებია და ერთმანეთშიც ვერ მორიგებულან – ესენია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით და აფხაზეთის წმინდა მეტროპოლია, რომელსაც მამა დოროფეი დბარი ხელმძღვანელობს.
მოკლედ თითოეული მათგანის შესახებ.
აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია
აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თავი მამა ბესარიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხელდასხმული იყო ჯერ კიდევ 1990-იანების აფხაზეთის ომის დაწყებამდე.
მამა ბესარიონი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. მან ცალმხრივად გაწყვიტა კავშირი ქართულ ეკლესიასთან. მის დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებში მხოლოდ რუსი სასულიერო პირები მოღვაწეობენ და ლოცვებში არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, არამედ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურ კირილს მოიხსენიებენ.
• აფხაზეთში სააღდგომო სასწაულებს ვერ აუდიან
• ეკლესია, სადაც ქართველები და ოსები ერთად ლოცულობენ
აფხაზეთის წმინდა მეტროპოლია
მამა დოროფეი, პირიქით, თავის დროზე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხელდასხმული იყო. თუმცა, სწორედ მას არ აეწყო მოსკოვთან ურთიერთობები.
2000-იანი წლების შუაში დოროფეი საბერძნეთში წავიდა და იქ საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გუმენისის მეტროპოლიის შტატში ჩაირიცხა. იმავე პერიოდში მან სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა.
2011 წლის აპრილში საბერძნეთის ეკლესიამ მამა დოროფეის არქიმანდრიტის სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც ის სამშობლოში დაბრუნდა.
ერთი თვის შემდეგ მან ახალი ათონის მონასტერში საეკლესიო-სახალხო შეკრება ჩაატარა, რის შედეგადაც აფხაზეთის წმინდა მეტროპოლია შეიქმნა.
მოსკოვში მამა დოროფეის ასეთი თვითშემოქმედება არ მოეწონათ. რამდენიმე დღის შემდეგ, მაიკოპისა და ადიღეის ეპისკოპოს ტიხონის გადაწყვეტილებით, მას ერთი წლით მსახურება აეკრძალა. ამის შემდეგ ეს აკრძალვა კიდევ გააგრძელეს.
მაშინ მამა დოროფეიმ ოფიციალურად გაწყვიტა ურთიერთობები რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
კონფლიქტი ორი საეკლესიო სტრუქტურის ურთიერთობებში
ამ ორი საეკლესიო სტრუქტურის ურთიერთობები თავიდანვე საკმაოდ რთული იყო. დიდი ხნის განმავლობაში მათ შორის ღია ბრძოლა იყო გაჩაღებული.
თუმცა, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა ასეთი ფაქტი – მამა დოროფეიმ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ მყოფი მამა ბესარიონი მოინახულა. ამის შემდეგ მათი ურთიერთობები შესამჩნევად დათბა.
თუმცა, აფხაზური ეკლესიის საკითხის გადაჭრის მეთოდებთან დაკავშირებით ორივე მათგანს ძველი შეხედულებები დარჩა.
მამა ბესარიონი იმედს კვლავაც მხოლოდ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ამყარებს.
მამა დოროფეი კი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის გავლით უნდა მოიპოვონ – ანუ ე.წ. უკრაინული გზით წავიდნენ.
სტატუს-კვოს დარღვევის შემდეგ
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებამდე აფხაზური ავტოკეფალიის იდეა უტოპია ჩანდა.
თუმცა უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე ეკლესია აღიარა, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის პატრიარქის მონოპოლია არაოფიციალურად ნარჩუნდებოდა.
რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აფხაზური ავტოკეფალიის იდეას არც კი განიხილავდნენ, რადგან ამ შემთხვევაში მათ დაპირისპირება მოუწევდათ ქართულ ეკლესიასთან, რომელთანაც ტრადიციულად შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ.
მაგრამ ახლა, როდესაც სტატუს-კვო დარღვეულია – აფხაზურ ეკლესიას იმედი გაუჩნდა. ეს შესანიშნავად ესმით მამა დოროფეისა და მამა ბესარიონს. ისინი შექმნილ სიტუაციაზე კომენტარებს პრაქტიკულად არ აკეთებენ, საქმეს რომ არ ავნონ.
ქართველი სასულიერო იერარქებიც სიამოვნებით იქნებოდნენ ჩუმად, მაგრამ საეჭვოა, ეს მათ გამოუვიდეთ. თბილისშიც, კიევსა და კონსტანტინოპოლში მათგან არჩევანის გაკეთებას ელოდებიან. ნებისმიერი არჩევანი კი, როგორც ჩანს, ქართულ ეკლესიას ჩიხში შეიყვანს.
ვარიანტები
ერთი მხრივ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არაორაზროვნად მანიშნებს ქართველ იერარქებს – თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, მაშინ ის (ქართული) რუსული ეკლესიის თვალში ავტომატურად არამართლმადიდებლური გახდება.
და მაშინ მოსკოვის პატრიარქს გაუჩნდება რეალური ალტერნატივა – აღიაროს აფხაზური ეკლესია და მიიღოს ის თავის დაქვემდებარებაში.
მეორე მხრივ – მსოფლიო პატრიარქს დიდი ძალა აქვს. მან უკრაინას ტომოსი მოსკოვის მხრიდან არცთუ სახუმარო წინააღმდეგობის მიუხედავად უბოძა. ანალოგიურად შეიძლება მოიქცეს აფხაზეთის შემთხვევაშიც, სადაც ზეწოლა გაცილებით ნაკლებია და თანაც შეუვალი საბაბი აქვს – უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, აფხაზეთის ტერიტორიას ფაქტობრივად არცერთი ეკლესია არ აკონტროლებს, რაც არეულობას ნიშნავს.
რა თქმა უნდა, ვერცერთი ვარიანტი სწრაფად ვერ განხორციელდება. ამის მიუხედავად, სტატუს-კვო დარღვეულია, შესაბამისად, პერსპექტივებიც არსებობს.
მაგრამ, არის მესამე ვარიანტიც, რომელსაც თითქმის არ ახსენებენ, თუმცა არსებობის უფლება აქვს. ის თავისი არსით ქართული მხარისთვის ნაკლებად მტკივნეულია.
ეს ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზებს ავტოკეფალიას თავად შესთავაზებს და ამ ახალი წარმონაქმნისთვის დედა-ეკლესიად იქცევა, ამ ნაბიჯიდან გამომდინარე ყველა პრეფერენციით. ანუ გაიმეორებს იმავე სცენარს, რომელიც 1943 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქართული ეკლესიის მიმართ გამოიყენა.
სიტუაცია როგორც არ უნდა განვითარდეს, აფხაზური ეკლესიის საკითხის სწრაფ გადაწყვეტას არავინ ელის. შესაძლოა, პროცესი წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი გაიწელოს.
ახლა ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებს საბოლოო შედეგს ან/და მისი განხორციელების ვადებს. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს პრობლემა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარების შედეგად მკვდარი წერტილიდან დაიძრა – უდავოა.