აფხაზეთში სააღდგომო სასწაულებს ვერ აუდიან
აღდგომას, სოფელ პირველ გალში, ერთ-ერთი სახლის ფანჯრის მინაზე წმინდა ღვთისმშობლის ხატის მსგავსი მონახაზი გაჩნდა. ახლა ამ სახლისკენ მომლოცველები მიემართებიან. რამდენიმე დღეში კი ასეთივე გამოსახულება მეზობელ ტყვარჩელშიც იპოვეს.
„იქით, იქით წადი… არსად არ შეუხვიო, და იქ ბევრ მანქანას დაინახავ“, – ადგილობრივი მცხოვრები ხელით გზის გასაყარისკენ მიგვითითებს.
ქეცბაიების ოჯახისკენ მიმავალი გზა, რამდენიმე დღეა, ყველაზე პოპულარულია აფხაზეთში. მას შემდეგ, რაც ხალხში ხმა გავრცელდა, რომ მათი სახლის ფანჯრის მინაზე წმინდა ღვთისმშობლის სახე გამოისახა, მომლოცველთა ნაკადი აქ ერთი წუთითაც არ წყდება.
მეზობლების თქმით, აღდგომამდე სამი დღით ადრე, გვიან საღამოს ქეცბაიების სახლის მახლობლად მათ შუქი, თუ ნათება დაინახეს.
ხატი
„კვირას(16 აპრილს) დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, ილორის მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ სახლში შევედით და ჩემმა ცოლმა ეს ხატება დაინახა. თავიდან ვიფიქრე, – ბავშვებმა იხუმრეს-მეთქი. მაგრამ ხელი რომ შევახე, მივხვდი, რომ ნახატი არ იყო. ჩემმა შვილმა გამოსახულებას ფოტო გადაუღო, და ინტერნეტში გამოაქვეყნა. ადამიანებმა იმავე საღამოს დაიწყეს ჩვენთან მოსვლა“, – ამბობს ბადრი.
ყოველ დილას ქეცბაიების ოჯახის წევრებს საკუთარი სახლის ფანჯარასთან უამრავი მლოცველი ხვდებათ. სახლის პატრონები ამბობენ, რომ მათ ოჯახში ყველა მორწმუნეა, თუმცა ეკლესიაში იშვიათად დადიან, რადგან სოფელში ეკლესია არ არის. უახლოესი პატარა ეკლესია სოფელ ნამარკელში, მათი სახლიდან ათ კილომეტრშია, თუმცა ღვთისმსახურება, უკვე წლებია არც აქ ტარდება.
ნამარკელის ეკლესია მაღალ გორაზე დგას და იმ ფანჯრიდან, რომლის მინაზეც ღვთისმშობელი გამოისახა, მისი დანახვა შეიძლება. ბადრის ფიქრობს, რომ ეს ძალიან სიმბოლურია.
“მადლი იგრძნობა, და ღამითაც მშვიდად გვძინავს, არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ღმერთი გვიცავს“, – ჰყვება ის.
სახლის პატრონი მეორე ფანჯარასთან მიდის. აქ ხატები ასვენია, კანდელი დგას, კედელზე წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატი ჰკიდია.
„ჩვეულებრივ აქ ვანთებთ ხოლმე სანთლებს და აქვე ვლოცულობთ. ეს უკვე კარგად ნალოცი ადგილია, მაგრამ ხატება მეორე ფანჯარაზე გამოისახა. როდესაც რწმენა არსებობს, ადამიანებს ერთმანეთისადმი პატივისცემა და სიყვარული უჩნდებათ. სხვა რა არის საჭირო?“, – ამბობს ბადრი.
მლოცველები
იმ ფანჯარასთან თავმოყრილი ადამიანები, რომელის მინაზეც ხატება გამოისახა, სანთლებს ანთებენ, და ცვილით დაფარულ მცირე ზომის ხის რაფაზე დგამენ, ლოცვებს კითხულობენ, და ხატს საკუთარი ტელეფონებით ფოტოებს უღებენ.
ფანჯრის მიღმა მოჩანს წმინდა ღვთისმშობლის პატარა ხატი, სანთლები, და სააღდგომო ნამცხვარი.
“ეს ხომ მოციქულთა სწორი ნინოა“, – ამბობს ერთ-ერთი მლოცველი. მას ხელში წმინდა ნინოს შავ-თეთრი ხატი უკავია, და ყველა იქ მდგომს უჩვენებს. „ნახეთ, როგორ ჰგავს – ერთი და იგივე სახეა, ერთნაირი თავსაბური, ზუსტად ისევე უკავია. წმინდა ქალწული მარიამი კი ბავშვით არის“, – დასძენს ის.
მლოცველები საეკლესიო თემატიკაზე კამათს იწყებენ, და მაგალითებად სხვადასხვაგვარი არგუმენტი მოჰყავთ.
საეკლესიო ექსპერტიზა
მღვდელმსახური მამა დავითის (გვაზავას) თქმით, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ მოვლენის გამოსაკვლევად გარკვეული დრო ესაჭიროება. შექმნილია საეკლესიო კომისია მღვდელმსახური ბესარიონის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე იმყოფებოდა ხატის გამოსახვის ადგილას.
“ის, რომ ეს გამოსახულება აღდგომას მოგვევლინა, ზეციური ნიშანია ღმერთისგან. სავარაუდოდ, ეს ხატი ხელთუქმნელია, და ჩვენ მას დავაკვირდებით. ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის – ზოგი რწმენით, და ზოგიც – ცნობისმოყვარეობით. და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგრამ, სწორი დასკვნის გამოსატანად საჭიროა დრო“, – ამბობს მამა დავითი.
ქეცბაიების ოჯახი
ქეცბაიების ოჯახის უკვე მეშვიდე თაობა ცხოვრობს ამ ადგილას. უფრო ზუსტად კი, მე-18 საუკუნიდან ცხოვრობენ.
სახლის პატრონს , ბადრის, ქალაქში თავის მცირე ბიზნესი აქვს, ასევე მეურნეობაც. როგორც სოფლის მცხოვრებთა უმეტესობას, მათაც სიმინდი, მანდარინი, თხილი მოჰყვთ, მეფუტკრეობასა და მესაქონლეობას მისდევენ.
ბადრის მეზობლის, ზურაბ ქეცბაიას თქმით, სოფელში 80 ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით იმდენივე რაოდენობა, რაც ომამდე იყო (ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1990-იანებში).
სასწაული ტყვარჩელში
გალის სასწაული უნიკალურად არ დარჩა. ღამით, ხუთშაბათიდან პარასკევამდე, 20-დან 21 აპრილამდე, ქალაქ ტყვარჩელში მრავალბინიანი სახლის ფანჯრის მინაზე გაჩნდა გამოსახულება, რომელიც წმინდა ხატს ჰგავდა.
ზოგიერთის თქმით, ეს ხატი გაჩნდა წმინდა ცეცხლით სანთლების ანთების შემდეგ, რომელიც მლოცველებმა იერუსალიმიდან ჩამოიტანეს. როგორც ამბობენ, დიასახლისმა ცეცხლი თავისი ბინის ყველა ოთახში მოატარა.
იმ სახლთან, სადაც ეს ხატება გამოისახა, უამრავი ხალხი იკრიბება. პირველი გალის მლოცველთა მსგავსად, ისინიც ანთებენ სანთლებს ხატის წინ და ლოცულობენ.