„მოსკოვმა გაააქტიურა შანტაჟი“: სომხეთში რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებას აკრიტიკებენ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის განცხადება
„ისინი, ვინც ევროპული ინსტიტუტების მხარეს არიან, შეიძლება უბრალოდ დაკარგონ ქვეყანა“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას. ვიაჩესლავ ვოლოდინმა მაგალითად მოიყვანა უკრაინა და აღნიშნა, რომ „სახელმწიფოებრიობა დაიკარგა, კულტურა დაიკარგა, რელიგია გაითელა, ეკლესია გაიყო.“
სომხეთში ეს სიტყვები მუქარად აღიქვეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს მისი განცხადების ადრესატი არ დაუკონკრეტებია. პოლიტოლოგ გურგენ სიმონიანის თქმით, რუსეთმა ამოწურა სომხეთზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი და დარჩა მხოლოდ შანტაჟი, რომელსაც მოსკოვი იყენებს „ფართოდ და შეუფერხებლად“.
ვოლოდინის განცხადება გამოწვეული იყო ევროკავშირის გადაწყვეტილებით სომხეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო დამკვირვებლების განლაგების შესახებ, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ სიტუაციას აზერბაიჯანის საზღვარზე. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მკვეთრი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების გამოჩენამ „შეიძლება მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირება მოახდინოს რეგიონში და გააძლიეროს არსებული წინააღმდეგობები“.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის განცხადების დეტალები, ასევე სომეხი პოლიტოლოგის კომენტარი.
სომხეთის გაფრთხილება
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ქვეყნის დაკონკრეტების გარეშე, მოუწოდა უარი თქვან ევროსტრუქტურების ჩართულობაზე რეგიონში არსებული სიტუაციის მოგვარებაში, კერძოდ, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატებით. სახელმწიფო სათათბიროს ვებგვერდზე აზერბაიჯანის პარლამენტის ხელმძღვანელთან ვოლოდინის შეხვედრის შესახებ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ამ კუთხით მან გაიხსენა „რა გამოიწვია მათმა საქმიანობამ უკრაინაში“.
რუსეთის დუმის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ 2020 წელს გაფორმებულ შეთანხმებას.
„ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართვის სურვილის დროს, ჩვენ ათჯერ უნდა დავფიქრდეთ და ავწონოთ, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს და ვიხელმძღვანელოთ უკრაინის, იუგოსლავიის და სხვა ქვეყნების მაგალითებით. ვისაც მშვიდობა სურს, ვისაც სურს სიტუაციის მოგვარება, არა მარტო უნდა ერიდოს ამ კვაზი-პარლამენტებს – როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ევროპარლამენტს – არამედ ნათლად უნდა ესმოდეს, რომ მათი ჩართულობა სიტუაციის გამწვავებას, უფრო და უფრო მეტ პრობლემას შექმნის. და თუ მაინც მათ ჩართავენ, პასუხი უნდა აგონ შედეგებზე“, – განაცხადა მან.
კომენტარი
პოლიტოლოგ გურგენ სიმონიანის თქმით, სომხეთი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად ცდილობს „რეგიონში ჩართული ძალების დივერსიფიკაციას“. მას მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან განცხადებები მიზნად ისახავს ამ პროცესის შენელებას, და შეძლებისდაგვარად, შეჩერებასაც კი.
„ცხადია, მათ არ შეუძლიათ რაიმე ეფექტის მოტანა, რადგან ის მხარე, რომელიც ქმნის საფრთხეებს, არის ის მხარე, რომელსაც აღარ აქვს რესურსი და შესაძლებლობა, გაატაროს რაიმე რაციონალური პოლიტიკა ადგილზე“, – განუცხადა მან JAMnews-ს.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ მოსკოვი წლების განმავლობაში ე.წ „მეხუთე კოლონით“ ახორციელებდა თავის დღის წესრიგს სომხეთში, მაგრამ ახლა აღარც ეს „პოლიტიკური კაპიტალი“ აქვს. მისი აზრით, არც ეკონომიკური ბერკეტები მუშაობს და რჩება მხოლოდ შესაძლო „გაზის შანტაჟი“. სიმონიანი იხსენებს, რომ იარაღის ბაზარი ჯერ კიდევ იყო ერევანზე გავლენის ბერკეტი, მაგრამ რუსეთი სომხეთს დიდი ხანია აღარ აწვდის იარაღს და ასეთი პერსპექტივა არც კი არ არსებობს – „მათ ახლა საკუთარი ომი აქვთ“.
„თურქეთის საფრთხის სახით „ხელკეტი“, რომელსაც რუსეთი მუდმივად იყენებდა, აღარ მუშაობს. თურქეთი და აზერბაიჯანი ბევრად უფრო ეფექტურია აშშ-სთან ერთად ირანის შეკავებაში, ვიდრე რუსეთი. სხვათა შორის, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი დიპლომატიური ნიჭის შედეგად. ეს არის გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა“, – ამბობს ანალიტიკოსი.
პოლიტოლოგის თქმით, რუსეთში შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ სომხეთში მოხდა სიტუაციის გადაფასება, საკუთარ მომავალსა და უსაფრთხოებაზე წარმოდგენების გადახედვა. სომხეთს აღარ უნდა ჰქონდეს ისეთი ქვეყნის სტატუსი, რომელიც არაფერს წყვეტს და კრემლში ეს არ მოსწონთ.
„ახლა სომხეთში წითელი ხაზი გადის სომხურზე ორიენტირებული პოლიტიკის ხელშეწყობის იდეოლოგიაზე. წავიდა სხვისი წესებით თამაშის დრო. ქვეყანამ უნდა აწარმოოს პოლიტიკა თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონტექსტში, ითანამშრომლოს იმ ძალაუფლების ცენტრებთან, რომლებთან ერთადაც მას შეუძლია მაქსიმალურად ემსახუროს თავის ეროვნულ ინტერესებს“, – დასძინა გურგენიანმა.