მოსაზრება: რა იმალება მოსკოვის კომპლიმენტების უკან
ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება 2 თებერვალს კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ნაციონალური ინტერესებით პასუხობს”. მისივე თქმით, დასავლეთს სურს, “საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს”.
მოსკოვში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლებლობას და ამაზე არაერთი განცხადება მიუთითებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვს მზადყოფნა აქვს თუმცა თბილისი ჯერჯერობით ორჭოფობს.
მანამდე, 18 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიური სამსახურის 2022 წლის მუშაობის შეჯამა და ყველაფერთან ერთად, საქართველოზეც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
მან საქართველოს ხელისუფლებას საქმიანობა შეუქო და „ვაჟკაცობა“ უწოდა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას „დასავლეთის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად“, არ მიუერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
სანაცვლოდ, რუსმა დიპლომატმა საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შეახსენა და დააყოლა – „ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10 პროცენტით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგიაო“.
იმავე ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ფრენების აღდგენა არ გამორიცხა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა ავიამიმოსვლის განახლება.
იმ ფონზე, როდესაც უკრაინა, დასავლური სამყაროს დახმარებით, რუსული აგრესიის შეკავებასა და მოგერიებას ცდილობს, მოსკოვიდან წამოსული ქათინაურები და მეგობრული ჟესტები საქართველოში წინააღმდეგობრივ რეაქციას იწვევს.
ლავროვის განცხადების შინაარსი და ასევე ფრენების აღდგენის შესაძლებლობა საქართველოში ბევრმა საგანგაშო სიგნალად და საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაში ათვლის ახალ წერტილად მიიჩნია.
უკრაინის ფონზე ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კონტექსტი
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო კლემლმა გამოკვეთილად კონსტრუქციული გახადა საქართველოსთან მიმართებაში თავისი განცხადებების ტონი. მოსკოვი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ წამოეგო დასავლეთის პროვოკაციას და არ ჩაერთო უკრაინის ომში.
მაგალითად, გასული წლის მარტში, კიევი რუსულ ალყაში იყო, იგივე კარასინმა თბილისს თავშეკავებული პოზიცია მოუწონა და ყველასთვის გასაგებად აღნიშნა, რომ ანტი-რუსულ სანქციებთან არ შეერთება მოსკოვს „შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.“
საქართველოს საგარეო-პოლიტიკით აღტაცება ვერ დამალა ვერც სერგეი გავრილოვმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, რომლის გამოც 2019 წლის 8 ივლისს რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები საქართველოში. „უკრაინის თემაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ომთან მიმართებით საქართველოს პოზიციის გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენს ქვეყნებს შორის“ – ამბობს გავრილოვი.
ოფიციალური თბილისი ცდილობს მოსკოვიდან მომავალ პოზიტიურ სიგნალებს თავშეკავებულად უპასუხოს. ამავე დროს თავშეკავებუკლია მისი მხარდაჭერა კიევის მიმართაც. თუმცა, ამ საგანგაშო “ბალანსის” დაცვა საქართველოს ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს და “ქართულ ოცნებას” უკვე ღიად მოიაზრებენ პრორუსული ინტერესების მატარებელ ძალად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საერთაშორისო მეგობრები.
მაგალითად, ლავროვის კომენტარის საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრენების შესაძლო აღდგენას მიესალმა. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, პირიქით, დაუკეტეს ცა რუსულ თვითმფრინავებს.
ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად, პრემიერი ღარიბაშვილი არც ერთხელ არ ჩასულ კიევში სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, რადგან მისი თქმით, კიევში მხარდამჭერი ვიზიტით ჩასვლა „არაფრის მომცემია“.
ასევე, მაგალითად დნიპროში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო თავდასხმას, რომელსაც 50-მე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, პრემიერის ოფისი სამძიმრით არ გამოეხმაურა და ეს ასეთი პირველი შემთხვევა არ იყო.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც ფასეულობებისგან მნიშვნელოვანწილად დაიცალა, ცდილობს დასავლური საგარეო-პოლიტიკური ტენდენციებისგან და ევროპული სოლიდარობისგან შესამჩნევად დისტანცირდეს.
“ქართული ოცნება” არწმუნებს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის სასიკეთო იქნება, თუკი საერთაშორისო კონტექსტის გამოვეყოფით. ამგვარი პოლიტიკით, საქართველო ომის აცილებას შეძლებს და ტერიტორიული თუ სხვა პრობლემების მოგვარების შანსიც მეტი აქვს, ირწმუნება ხელისუფლება.
როგორც ჩანს, მოსკოვი, რომელიც უკრაინაზე გავლენის აღდგენას ცეცხლით და მახვილით ცდილობს, საქართველოზე გავლენის მოპოვებას „მშვიდობით“ და ეკონომიკური მხარდაჭერით შეეცდება.
ეკონომიკური ზრდა მართლა რუსეთის დამსახურებაა?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლავროვმა თავის განცხადებაში მხოლოდ კომპლიმენტები კი არ ისროლა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, არამედ რუსეთის დამსახურებებიც შეახსენა – ეკონომიკური ზრდა საქართველოში რუსეთის დამსახურებაა.
საქსტატის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს საქართველომ მართლაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვაც საქართველოსა და რუსეთს შორის.
თუმცა, ამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ლავროვისა და მისი კოლეგების პოლიტიკას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა შეიტანეს და არა „ტურისტებმა“, როგორც ლავროვი ამბობს.
სწორედ სანქციებსა და მობილიზაციას გამოქცეული ათიათასობით რუსეთის მოქალაქის შემოდინებამ გამოიწვია სამომხმარებლო ბუმი და ეკონომიკის დროებითი სტიმულირება.
თუმცა, როდესაც საქართველოს უახლოესი პარტნიორი და მეგობარი უკრაინა ყოველდღიურად რუსულ საკრუიზო და ბალისტიკურ სარაკეტო თავდასხმებს იგერიებს, უკიდურესად უხერხულია ეკონომიკური ზრდით ყოყოჩობა, მითუმეტეს თუ ეს ზრდა ძალიან დროებითი და არა ბუნებრივია.
პრორუსული ძალები საქართველოში და ეკლესია
ლავროვის პრეს-კონცერენციიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მთავარი შეკითხვის დასმის საშუალება ალტ-ინფოს მიეცა.
ეს მკვეთრად პრორუსული მედია ჯგუფია, რომელიც თავის საინფორმაციო პოლიტიკის მეშვეობით, აქტიურად ავითარებს მიზანმიმართული ზიზღის კამპანიებს ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების, ასევე დასავლეთის მიმართ. ალტ-ინფოს ჯგუფი მონაწილეობდა 2021 წლის 5 ივლისის მასობრივ ძალდობაში, რომლის დროსაც ათეულობით ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მძიმედ დაშავდა.
ალტ-ინფოსთვის სცენის დათმობა წარმოდგენას გვაძლევს თუ როგორ ძალებს ეყრდნობა და ეთანამშრომლება მოსკოვი საქართველოში და მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვი პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებულია საქართველოში ძალადობის ხელშეწყობით, ზიზღის გაღვივებით ანუ ყველაფერ იმით, რაც მყიფე სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობას ძირს გამოუთხრის.
რუსმა დიპლომატმა თავის ვრცელ კომენტარში დასავლეთიდან შემომავალ „ამორალურ, გარყვნილ კულტურასა და ფასეულობებზეც“ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ქართული ეკლესიაც ახსენა. მან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა და ტრადიციული ფასეულობების დაცვის საქმეში მისი განსაკუთრებული წვლილიც განცალკევებულად აღნიშნა.
ეს კომენტარი მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ საქართველოში ეკლესია ეგულება. აშკარაა, რომ მოსკოვი ქართულ ეკლესიასთან უფრო მტკიცე მოკავშირეობას დაეძებს, რადგან კარგად იცის, თუ როგორი დიდი გავლენა აქვს ეკლესიას საქართველოს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
________________
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ რუსეთის მიზანი თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო კავშირების გაზრდა სულაც არ არის. ის საქართველოში უფრო მყარ იდეოლოგიურ დასაყრდენს დაეძებს, რომელიც უხეში და ტლანქი იქნება ყველაფერი დასავლურის მიმართ.
ამ გზაზე მოსკოვი მხოლოდ ქათინაურებით არ სემოიფარგლება და დიდი ალბათობით საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალაზე წნეხსაც გაზრდის, რათა ეს უკანასკნელი უკეთ მოერგოს მოსკოვის ახალ რეალობას დასავლეთთან ცივილიზაციური დაპირისპირების კონტექსტში.