საქართველოში უმცირესობებს პროტესტის უფლება არ აქვთ - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 43 პროცენტი
დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა საქართველოში კვლავ პრობლემურ საკითხებად რჩება, წერია კვლევაში, რომელიც ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა. კვლევაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა შესწავლილი.
“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC-საქართველოს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (36 პროცენტი) მრავალფეროვნება ქვეყნისთვის საზიანო მოვლენა ჰგონია, ხოლო 43 პროცენტი ფიქრობს, რომ უმცირესობებს პროტესტის ქუჩაში გამოხატვის უფლება საერთოდ არ აქვთ.
კვლევა 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა.
JAMnews-ი გიყვებათ რამდენიმე საინტერესო მიგნებაზე:
__________________
მრავალფეროვნება ტრადიციების მტერია
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის უარყოფითი მოვლენაა და იგი საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.
ყველაზე მეტად ქართველებს ლგბტ ადამიანები არ უყვართ
უმცირესობებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებობს, ყველაზე ნეგატიური – ლგბტ ადამიანების მიმართ. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი შედარებით არაკეთილგანწყობილია ასევე ევროპის გარეთ ქვეყნებიდან მიგრანტების მიმართ.
• როგორ ცხოვრობენ პროტესტანტები საქართველოში
• 17 მაისი თბილისში – ჰომოფობიასთან ბრძოლა, ოჯახის სიწმინდის დღე და ძალადობა ანტიჰომოფობიურ აქციაზე
• საქართველო: სულ მცირე ათი ქალი უფლებადამცველს სექსუალურ შევიწროებაში დებს ბრალს
• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით კვლავ პრობლემებია
ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე ყველაზე დაბალია.
ჰომოსექსუალებთან არა თუ პირად, არამედ საქმიან ურთიერთობებსაც კი არ ისურვებდა გამოკითხულთა 70 პროცენტი. მხოლოდ 22-მა პროცენტმა უპასუხა ამ კითხვას დადებითად.
გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ. ნარკოდამოკიდებულების (67%) და კრიმინალების (67%) შემდეგ გამოკითხულებმა ლგბტ ადამიანები დაასახელეს – მათ მეზობლად არ ისურვებდა გამოკითხულთა 54 პროცენტი. ყველაზე ტოლერანტულები გამოკითხულები შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ აღმოჩდნენ – მხოლოდ ერთმა პროცენტმა თქვა, რომ ასეთ ადამიანებს მეზობლად არ ისურვებდა.
ბიზნესის კეთება ქართველებს ყველაზე მეტად რუსებთან და ამერიკელებან მოსწონთ
კითხვაზე, თუ რომელ ჯგუფთან არის მოსაწონი საქმიანი ურთიერთობები – ყველაზე მეტი დადებითი პასუხი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ.
სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიდან, ყველაზე მეტად ქართველებს რუსებთან (80 %) და ამერიკელებთან (80 %) მოსწონთ საქმიანი ურთიერთობა. აფრიკელებთან – 54 პროცენტს, ხოლო ჰომოსექსუალებთან – მხოლოდ 22 -ს.
საქართველოს მოქალაქეები ადამიანის უფლებების შესახებ ელემენტარულ ინფორმაციას არ ფლობენ
გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ კანონის მიხედვით, უმცირესობათა ჯგუფებს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება არ აქვთ; 39 პროცენტი ფიქრობს, რომ მათ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება არ აქვთ; 36 პროცენტს მიაჩნია, რომ ამ ადამიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას კანონი უკრძალავს; ხოლო 25 პროცენტს საერთოდაც ჰგონია, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემაც კი არ შეუძლიათ.
ახალგაზრდები უფრო ტოლერანტულები არიან, ქალები კი უფრო ჩამოუყალიბებლები
18-23 წლის ასაკის რესპონდენტებში ტოლერანტობის საშუალო მაჩვენებელი 16 პროცენტია. რაც უფრო იზრდება ასაკი, ეს მაჩვენებელი იკლებს ანუ უფროსი ასაკის ადამიანები უფრო ნაკლებად ტოლერანტულები არიან.
აღმოჩნდა, რომ ზოგადად, უმცირესობების, უფრო კონკრეტულად კი, ლგბტ თემის უფლებების დაცვის მიმართ შედარებით ამბივალენტური ანუ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი პოზიცია აქვთ ქალებს. ამიტომ, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქალების ჯგუფში ცვლილების განხორციელების მეტი შესაძლებლობა არსებობს და მათთან მუშაობა განსაკუთრებით პროდუქტიული იქნებოდა. შედარებით ჩამოუყალიბებელი პოზიცია გამოავლინეს ლგბტ საკითხების მიმართ სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა და ასევე სომეხი ეროვნების მოქალაქეებმაც.
რამდენიმე მიზეზი, რატომ არ უყვართ ქართველებს ლგბტ ადამიანები
კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რატომ აქვთ ქართველებს ჰომოსექსუალების მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება და რისი ეშინიათ მათ.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიქმნა ორი ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც ეთნიკური ქართველები მონაწილეობდნენ.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ფოკუს-ჯგუფების რესპონდენტებს ხშირად იმეორებდნენ მოსაზრებას, რომ ლგბტ ადამიანებმა “საზოგადოება არ უნდა შეაწუხონ” და “ჰეტეროსექსუალთა უფლებები არ უნდა შეზღუდონ”.
ასევე, მათ ჰქონდათ განცდა, რომ ლგბტ ადამიანები თავიანთი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევიან. ზოგიერთი რესპონდენტი შიშობდა, რომ აღნიშნული პროპაგანდა ხელს შეუწყობდა ჰომოსექსუალობის გავრცელებას. ისინი არ მიიჩნევდნენ, რომ ადამიანი, შეიძლება, ჰომოსექსუალად დაიბადოს.
კიდევ ერთი საფრთხე, რასაც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები ასახელებდნენ, ეს იყო რელიგიისა და ტრადიციების შებღალვა.მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში რელიგიური და ტრადიციული საზოგადოებაა და ლგბტ ადამიანებმა ამ მოცემულობას პატივი უნდა სცენ.
კვლევის ავტორების განცხადებით, კაცებისგან შემდგარი ფოკუსჯგუფის წევრები საერთოდაც აცხადებდნენ, რომ ლგბტ ადამიანების მხრიდან თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნა არალეგიტიმურია:
“კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ: ა) ლგბტ ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვაში ფულს უხდიან; ბ) დასავლური ორგანიზაციები და მთავრობები ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებულ დღის წესრიგს საქართველოს ძალით ახვევენ თავს,” – ვკითხულობთ კვლევაში.
უმრავლესობამ არ იცის, თუ რა უჭირს უმცირესობას
უმრავლესობის ჯგუფებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემები აქვთ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელ თანამოქალაქეებს.
მაგალითად, მართლმადიდებელი ქრისტიანების 44 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს პრობლემები არ აქვთ. მაშინ როდესაც მუსლიმების მხოლოდ 17 პროცენტი ამბობს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში პრობლემები არ არის.
ასევე, მამაკაცი რესპონდენტების 41 პროცენტის აზრით, ქალები საქართველოში პრობლემებს არ აწყდებიან იმის გამო, რომ ქალები არიან. ამ მოსაზრებას ქალი რესპონდენტების მხოლოდ 28% ეთანხმება. ქალები ხაზგასმით მიუთითებენ ოჯახში ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე, ხოლო რელიგიური უმცირესობები – სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის, სიძულვილის ენასა და შრომის ბაზარზე არსებულ დისკრიმინაციაზე.
ეთნიკურ სომხებსა (10%) და ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე (12%) სამჯერ მეტი ეთნიკური ქართველი (29%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები პრობლემებს არ უჩივიან.