როგორ ცხოვრობენ პროტესტანტები საქართველოში
“კონსერვატორები, რომლებიც მხარს უჭერენ პროგრესს და დასავლურ ფასეულობებს” – ასე ახასიათებენ თეოლოგები საქართველოში მცხოვრებ პროტესტანტებს. რაც შეეხება ურთიერთობას მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პროტესტანტების თქმით, მათ შორის ღია კონფლიქტი არ არსებობს, თუმცა დაძაბულობა მაინც იგრძბნობა – პროტესტანტების მიმართ მიუღებლობა მაინც უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსთვის ტრადიციული კონფესიების მიმართ.
რეფორმაციის 500 წლისთავთან დაკავშირებით JAMnews დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ საქართველოში პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები.
პროტესტანტული ეკლესიები საქართველოში საუკუნენახევარზე მეტია რაც არსებობს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა განშტოების პროტესტანტი აღმსარებლები ცხოვრობენ; მათ შორის ევანგელისტ-ორმოცდაათიანელების, ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-ლუთერანული, ქრისტიან-ადვენტისტებისა და წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები.
პროტესტანტულ მიმდინარეობას მიაკუთვნებენ თეოლოგები იეჰოვას მოწმეებსაც, რომელიც საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფია.
ყველაზე ძველი პროტესტანტული ეკლესიები საქართველოში ევანგელურ-ლუთერული და ბაპტისტური ეკლესიებია, რომელთა დაარსებაც XIX საუკუნეში, საქართველოში გადმოსახლებულ ე.წ. “კავკასიელ გერმანელებს” უკავშირდება.
კომუნისტური წყობის პერიოდში პროტესტანტიზმმა იგივე გზა გაიარა, რაც ყველა სხვა რელიგიურმა ჯგუფმა საქართველოში – საკუთარ თავზე იწვნია ძალადობა, რეპრესიები და შევიწროება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან.
ეკლესიების ნგრევით და პროტესტანტი პასტორების დევნით განსაკუთრებით სტალინიზმის პერიოდი გამოირჩეოდა. საბოლოოდ, საკუთარი ეკლესიების სრულფასოვნად ამოქმედება პროტესტანტებმა მხოლოდ 90-იანი წლებიდან შეძლეს.
რამდენი პროტესტანტია საქართველოში და სად ცხოვრობენ ისინი?
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ქართველი პროტესტანტების შესახებ არ არსებობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, ჯამში პროტესტანტულ ეკლესიებს მიმდევარი საქართველოში დაახლოებით 2,5 ათასი ადამიანია, რაც მოსახლეობის 0.1%-ს შეადგენს.
ამ რიცხვში არ შედიან იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 12 ათასზე მეტი არიან. საყოველთაო აღწერის მიხედვით, პროტესტანტული ეკლესიების წევრები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მცირე რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენენ.
შედარებისთვის – იგივე აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 83,4%, ანუ 3 მილიონზე მეტი ადამიანი, მართლმადიდებელია. რიცხოვნობით მეორე რელიგიური ჯგუფი მუსლიმები არიან – 10.7%.
თუმცა, ექსპერტები და მღვდელმსახურები ოფიციალურ სტატისტიკას ეჭვის თვალით უყურებენ. თეოლოგ ბექა მინდიაშვილის ინფორმაციით, „იეჰოველთა“ რეალური რაოდენობა 30 ათასამდეა, ხოლო ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა რიცხვი 10 ათასის ფარგლებშია.
სახალხო დამცველის ოფისთან არსებული “ტოლერანტობის ცენტრის” ანგარიშის თანახმად, 2008 წლის მდგომარეობით მხოლოდ ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას საქართველოში დაახლოებით 5 ათასი მონათლული წევრი ჰყავდა, ხოლო თანამდგომთა და თანამგრძნობთა ჩათვლით ეს რიცხვი 17 ათასს აღწევდა.
მათ შორის შედიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფი ეკლესიის წევრებიც.
ამავე წყაროს თანახმად, 2008 წლისთვის ევანგელისტურ-ლუთერული ეკლესია ათასზე მეტ წევრს ითვლიდა.
ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი საქართველოში პროტესტანტების საერთო რაოდენობად 30-40 ათასს ასახელებს.
გეოგრაფიულად, პროტესტანტული აღმსარებლობის მოსახლეობა საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გადანაწილებული. ისინი არიან როგორც დასავლეთში, აგრეთვე აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა საქართველოში პროტესტანტული აღმსარებლობის ცენტრი თბილისია.
მცირე თემები კიდევ ორ ქალაქში – რუსთავსა და გორშია. ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობა – წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია, მხოლოდ ბათუმშია წარმოდგენილი.
ზოგიერთი პროტესტანტული ჯგუფი მხოლოდ ერთი ეკლესიით არის წარმოდგენილი. დედაქალაქში მდებარე შერიგების ეკლესია ერთადერთი მოქმედი ევანგელურ – ლუთერული ეკლესიაა მთელ ქვეყანაში. ასევე დედაქალაქშია ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაც, რომელიც 2005 წელს გაიხსნა და ამ თემის მთავარი ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპოსკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ეკლესიის ისტორიისა და მისიის შესახებ
მიუღებლობა
საუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, პროტესტანტულ ეკლესიებს საქართველოში ხშირად არაერთი პრობლემის გადალახვა უწევს, რათა სრულფასოვნად მოახერხონ ფუნქციონირება. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ რადიკალური და ღიად აგრესიული შეტევები დომინანტი რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან წარსულს ჩაბარდა, თუმცა საზოგადოების ნაწილის მხრიდან მიუღებლობა და ნეგატიური დამოკიდებულება კვლავაც არსებობს.
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, ფოტო Facebook გვერდიდან
“უახლესი წარსულიდან ყოფილი მართლმადიდებელი მღვდლის, მამა ბასილის თავდასხმებია გასახსენებელი, რომელსაც მიზნად პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები ჰყავდა და ხშირად ფიზიკურ იერიშებს ახორციელებდა. დღეისთვის, მსგავსი ტიპის აგრესია შეგვიძლია რთულად, მაგრამ მაინც დაძლეულად ჩავთვალოთ, თუმცა საზოგადოების მხრიდან, რელიგიური უმცირესობების მიუღებლობა კვლავ სახეზეა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
მაგალითისთვის, სკოლაში ბაპტისტი ბავშვები ხშირად მუდმივი ბულინგის მსხვერპლი არიან, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში რუსუდან გოცირიძემ.
სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ჯგუფების პოლიტიზირება, საბიუჯეტო დაფინანსების არაჯანსაღი მოდელი და რელიგიის შესახებ კანონის არარსებობა ის საკითხებია, რასაც რუსუდან გოცირიძე ხელის შემშლელ და დამაბრკოლებელ ფაქტორებად განიხილავს. მისი თქმით “სახელმწიფოს მიერ 2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რელიგიური ჯგუფებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას” ემსახურება.
მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას პროტესტანტული ეკლესიების მიმართ მტრული უწოდა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა. მისი თქმით, ერთი მხრივ საპატრიარქოს წარმომადგენლები პროტესტანტებს “ცოდვაში მყოფ ადამიანებად” მიიჩნევენ, მეორე მხრივ კი, პროტესტანტების ღია პროდასავლური ღირებულებების გამო მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება კიდევ უფრო მძაფრდება.
მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოსთვის საჯარო ურთიერთობები მისაღებია მხოლოდ ე.წ “ტრადიციულ რელიგიებთან” (მუსლიმური, კათოლიკური და ა.შ), სხვა შემთხვევაში კი საპატრიარქოს ძირითადად ხისტი და არამეგობრული პოზიცია აქვს.
პროტესტანტობა vs მართლმადიდებლობა
რამდენად განსხვავდება პროტესტანტული ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებები? ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შეხედულებები ხშირად საკმაოდ კონსერვატორული და რადიკალურია.
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ულტარკონსერვატორულად მოხსენიება ზუსტი არ არის, ვინაიდან ეს ორგანიზაცია საკმაოდ დიდია და მასში მრავალი ურთიერთსაწინააღდეგო პროცესი მიმდინარეობს.
“საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან წინააღმდეგობრივია, როგორც თეოლოგიურად, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
ეს ორგანიზაცია ულტრაკონსერვატორული მხოლოდ ფორმალურადაა, ვინაიდან ეს პოლიტიკა ხშირად საკმაოდ ზედაპირულია. თეოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ განვითარებასა და პროგრესზე ხშირად პასუხი უარყოფითია, თუმცა პრაქტიკაში მოვლენები სხვანაირად ვითარდება“, – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
მისი აზრით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხებისადმი ორაზროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, საპატრიარქოს „მცირედი განვითარება“ სახეზეა.
„მაგალითისთვის, საქართველოს პატრიარქის მიერ ევროინტეგრაციის ღიად მხარდაჭერა გამოგვადგება. ერთი მხრივ ულტრაკონსერვატორული დამოკიდებულებები, სულაც არ უშლის ხელს მართლმადიდებელ მსახურებს, რომ ძალიან სწრაფად აითვისონ უახლესი ტექნოლოგიური გამოგონებები, რაც ვფიქრობ ზოგადი მდგომარეობის კარგი ილუსტრაციაა”, – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
თეოლოგი ამტკიცებს, რომ პროტესტანტულ ეკლესიებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მკაცრად გამოხატული და პრაქტიკაში აღსრულებული კონსერვატორული შეხედულებები დომინირებს. ამ ეკლესიების მცირე ზომიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოსთვის დამახასიათებელი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები პრაქტიკულად სახეზე არ გვაქვს.
შესაბამისად, საქართველოში არსებული პროტესტანტული ეკლესიების დიდი ნაწილი მკაცრად კონსერვატორულია.
„თავის მხრივ, ევანგელურ-ბაპტისტური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები არიან ის იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც როგორც თეოლოგიურად, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით პროგრესისა და განვითარების გზისკენ ისწრაფვიან.
აღნიშნული მოვლენა კი ამ ეკლესიების ლიდერებისა და იერარქების შეხედულებების დამსახურებაა”, – მიიჩნევს გამრეკელაშვილი.
პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობას კონსერვატორულად მიიჩნევს ბექას მინდიაშვილიც. თუმცა მისი თქმით, საპატრიარქოსთან შედარებით სახეზეა ფუნდამენტური განსხვავება – საქართველოს პროტესტანტული ეკლესიები მკაცრად პროდასავლურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს უჭერენ მხარს.
«საქართველოს საპატრიარქოში არსებული პრორუსული განწყობებისგან განსხვავებით, პროტესტანტული ეკლესიები მხარს დასავლურ ფასეულობებს უჭერენ. ისინი ხშირად უმცირესობების დაცვის ავანგარდში დგანან. მაგალითისთვის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მუდმივად და ღიად იცავდა საქართველოში ქალების და სხვადასხვა უმცირესობების უფლებებს. ასევე, იმ პროტესტანტულ განშტოებებს, რომლებსაც კონსერვატორული შეხედულებები აქვს.
საერთო არაფერი აქვთ ქსენოფობიასთან, ჰომოფობიასთან და სხვადასხვა ჩაგვრის ელემენტებთან, შესაბამისად ამ მხრივ განსხვავება მართლაც დიდია ამ ორ ეკლესიას შორის”, – ამბობს მინდიაშვილი. ის ასევე ფიქრობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შედარებით, პროტესტანტული ეკლესიები გაცილებით უფრო “ნონკომფორმისტები” არიან.
ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპოსკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის თქმით, მისი ეკლესია „გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას” საზოგადოების წინაშე:
“სავალდებულოა და საჭიროა, ეკლესია იზიარებდეს ყველა სახის გამოწევევას რაც აქვს საზოგადოებას, ეს არის გენდერული თუ სხვა სახის უთანასწორობა, უმცირესობების დევნა, დისკრიმინაცია, ჩვენთვის ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია“.
აღსანიშნავია, რომ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის – “ქალთა საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისთვის” – გამარჯვებული გახდა. ჯილდო მას ტოლერანტობის, თანაბარი შესაძლებლობებისა და თანასწორობის განმტკიცებისთვის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.