იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი და ჩავრთავთ მის მკურნალობაში
სააკაშვილმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია “ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი”, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში. ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს “დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია” უწოდა. საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” იქიდან გამომდინარე გადაიყვანეს, რომ ის ციხეში დანიშნულ მედიკამენტოზურ მკურნალობას “სრულყოფილად არ იტარებდა”.
რატი ბრეგაძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უკვე მიმართეს, ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ბიუროს ასევე სთხოვეს ტოქსიკოლიგიური ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, მასში მონაწილეობაზე უარი თავად ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, “თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, რატომ არ მისცეს ექიმებმა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა:
“როგორც მოგეხსენებათ, ამაზე გააკეთა სამედიცინო პერსონალმა განცხადება, მათ არ გაუწიეს რეკომენდაცია მის გადაყვანას სასამართლოში და ჩვენც შესაბამისად დავემორჩილეთ. იმასაც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის ბუნებაში. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და არა საავადმყოფოში.”
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და “მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია”, ხოლო სასჯელის გადავადების საკითხზე სააკაშვილის ადვოკატებმა უნდა მიმართონ სასამართლოს ექსპერტების შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
“ამაზე მსჯელობს სასამართლო, გადაუვადდეს სასჯელი თუ გათავისუფლდეს სასჯელიდან, სხვა ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. რადგან ჩვენ მტკიცედ ვიცავთ კანონის წინაშე თანასწორობას, კიდევ ერთხელ განვმეორდები, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.” – ამბობს რატი ბრეგაძე.
● მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა – ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
● “სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების გამო” – მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა PEACE-ს ისტორიულ რეზოლუციას
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის პროცესი დაიწყო და მასზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ექიმები სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ აძლევენ, რადგან მისი მდგომარეობა ეტაპირების დროს, შესაძლოა, უფრო დამძიმდეს. პასუხისმგებლობას ვერ იღებს ვერც პენიტენციური სამსახური.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა თემურ ჯანაშიამ, რომელმაც ექსპრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში მოინახულა”, განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში.”
ხოლო ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განმარტა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ “სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს.”
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა “ამ დონეზეა დაზიანებული”, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებითაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამძიმებული. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.
უკვე 1 წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.