იმედის ჟურნალისტმა კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა, რასაც პერსონალური დაცვის მხრიდან "საკითხის შესწავლა" მოჰყვა
იმედის ჟურნალისტმა მოქალაქეებს დაურეკა
სამთავრობო ტელევიზია “იმედის” გადაცემა “იმედის დღის” წამყვანმა, მარიკა ბაკურაძემ ერთ-ერთ სიუჟეტზე, ფეისბუქზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მარიკა ბაკურიძის მიერ მოქალაქეების პირად ნომრებზე დარეკვის საკითხის შესწავლა დაიწყო.
“ტელეკომპანია “იმედის” მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო”– წერია უწყების განცხადებაში.
რა მოხდა
გადაცემა “იმედის დღის” წამყვანმა კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიპოვა მობილურის ნომრები და როცა ერთ-ერთი მოქალაქე ამით დაინტერესდა, ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
სიუჟეტის დაწყებამდე ჟურნალისტმა თავისი მოტივაცია ახსნა და თქვა, რომ “ექსპერიმენტი გააკეთა” იმაზე, რატომ წერენ ადამიანები მსგავს სიტყვებს და იყენებენ თუ არა ამ ლექსიკას სამეტყველო ენაში.
“რამდენიმე მათგანს დავურეკე, გულწრფელად ვკითხე, თქვენ ასე საუბრობთ თქვენ გარემოში? ეს სწორად მიგაჩნიათ? ზოგიერთს ძალიან გაუკვირდა ეს ზარი, თუმცა ყველანაირი სტანდარტის ანონიმურობის დაცვით ჩვენ ახლა ამ ექსპერიმენტს გთავაზობთ”, – განაცხადა ჟურნალისტმა სიუჟეტის გასვლამდე.
Facebook-მომხმარებლის რჩევას გემოვნებიანი სიუჟეტის გაკეთებაზე მარიკა ბაკურაძე ასე პასუხობს – “თქვენც გემოვნებიანად ისაუბრეთ ხოლმე”.
“თქვენ მე მომწერეთ ასეთი კომენტარი – როგორ აყროლდით, არ გიტყდებათო? რას გულისხმობთ ამ აყროლებაში, შეგიძლიათ, პირადად მითხრათ? მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ, ჩემი რეპორტაჟი იყო და მართლა მაინტერესებს, რატომ აძლევენ ადამიანები თავს უფლებას, რომ ასეთი კომენტარი დაწერონ. თუ არა მეთანხმებით, ეს კი არის პრობლემა… პირად ურთიერთობაში თქვენ ასე მიმართავთ თქვენს გარშემო მყოფებს, რომ აყროლდნენ? რატომ? თქვენ ფიქრობთ, რომ სწორი მეთოდია ასეთი საუბარი საჯარო სივრცეში?” – უთხრა მან ერთ-ერთ მოქალაქეს.
სიუჟეტსა და მოქალაქეების რეაქციას გამოეხმაურა თავად ავტორი, მარიკა ბაკურაძეც. მისი თქმით, გადაცემის მთავარი თემა იყო – სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. როგორ ბაკურაძე განმარტავს, ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, “რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან”, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა.
“რაც შეეხება ეთიკის ნორმებს:
– სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა.
– არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.
– პირადი კონტაქტების მოპოვება – ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.
– ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.
– დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ”. – წერს მარიკა ბაკურაძე.
● “ფორმულას” დამფუძნებელს უზენაესმა სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიტიკული კომენტარების გამო, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის მხრიდან მოქალაქეების პირად ნომრებზე დარეკვა უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს.
თოლორაიას თქმით, სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მარიკა ბაკურაძისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე.
ლონდა თოლორაია:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლის მიერ ამ კანონის დარღვევის/არდარღვევის ფაქტზე ვერ იმსჯელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
- ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება (ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას);
- ჟურნალისტის ეს ქმედება არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს;
- ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა აღნიშნულ ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები – ტელეფონის ნომრები. სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე;
- სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს არაერთხელ დაუდგენია ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების უკანონოდ სხვისთვის გადაცემის ან/და პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტი.