რუსეთის მოქალაქეების მეორე ტალღა სომხეთში: რისკები პატარა ქვეყნისთვის
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
21 სექტემბერს, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, სომხეთში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების მეორე ტალღა დაიწყო. მხოლოდ სექტემბერში სომხეთში რუსეთის 132 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა. მართალია, იმავე თვეში 128 ათასმა უკვე დატოვა ქვეყანა, მაგრამ რუსების მასობრივი შემოდინება გრძელდება.
მანამდე, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, სომხეთის საზღვარი გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის 654 648 მოქალაქემ და ქვეყანა დატოვა 615 808-მა, ხოლო ქვეყანაში უკვე 39 ათასი ადამიანი დარჩა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსების შემოდინებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში სიღარიბის ზრდა, ასევე ეს შეიცავს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რისკებს.
რით განსხვავდება სექტემბრის ნაკადი მათგან, ვინც წლის დასაწყისში სომხეთში შევიდა და რა რისკები შეიძლება არსებობდეს ამ მხრივ? ექსპერტების, პოლიტოლოგისა და ეკონომისტის მოსაზრებები.
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
პოლიტოლოგი ედუარდ ანტინიანი რუსეთიდან ჩამოსულთა პირველ ტალღას „იდეოლოგიურ ლტოლვილებად“ ახასიათებს. ის ამბობს, რომ ესენი არიან „ინტელექტუალი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პროდუქციის წარმოება“. ხოლო მათ, ვინც ახლა ჩამოდის, ექსპერტი ახასიათებს როგორც “მობილიზაციას გაქცეულები.”
„მეორე ტალღა არის ის ხალხი, ვინც პანიკურად გაიქცა. ეს არ არის ის კონტინგენტი, ვინც იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება ომს – ეს არ არის ხალხი, ვინც ქვეყნიდან წავიდა და თქვა: „ამ ძმათამკვლელ ომში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას“. მეორე ნაკადი ხარისხობრივად განსხვავდება პირველისგან. ახალი ლტოლვილებისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სად წავლენ – მათთვის მთავარია წავიდნენ სადმე, სადაც სავიზო რეჟიმი არ არის.” – განმარტავს ანტინიანი.
ვიზიტორთა ორ ნაკადს შორის მთავარი განსხვავება გადახდისუნარიანობის დონეა, ამბობს ეკონომისტი ნაირი სარგსიანი:
„თუ ადრე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სომხეთში ძირითადად ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები ჩამოდიოდნენ, ახლა ჩამოდიან ისინი, ვისაც ომში წასვლა არ უნდა. მათ შორის ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ოდესღაც სომხეთიდან ემიგრაციაში წავიდნენ. ამ თვალსაზრისით, მეორე ტალღის გადახდისუნარიანობა, ვფიქრობ, შეუდარებელია პირველის ფინანსურ შესაძლებლობებთან.“
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
ეკონომიკური რისკები – სიღარიბის ზრდა
ექსპერტების აზრით, როგორც პირველმა, ასევე მეორე ნაკადმა შესაძლოა სარგებელი მოუტანოს სომხეთის ეკონომიკას. ასევე, რუსებს შეუძლიათ გარკვეულწილად შეავსონ პერსონალის დეფიციტი სამშენებლო სექტორში, მათი წყალობით გარკვეული შევსება ხდება მომსახურებისა და სასტუმროების ბიზნესშიც.
ამავდროულად, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება საგრძნობლად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის ჯიბეზე.
სომხეთში გადასული რუსების უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს, მაგრამ ერევანში ფასების ზრდა ჯაჭვური რეაქციის სახით რეგიონებზეც ვრცელდება, და ეს უარყოფითად აისახება ცხოვრების დონეზე იმ ადგილებში, სადაც ისედაც რთული მდგომარეობაა.
„თუ ერევანში შესაძლებელია ინფლაციის პარალელურად გაიზარდოს ზოგიერთი საწარმოს ან ბიზნესის გარკვეული სფეროს თანამშრომლების ხელფასი, ეს რეგიონებში მოსალოდნელი არ არის. ერთი სიტყვით, გამოდის, რომ პატარა ქალაქებსა და სოფლებში გვექნება იგივე შემოსავალი და მეტი ხარჯი, რამაც შესაძლოა გაზარდოს სიღარიბის დონე“, – ამბობს ეკონომისტი ნაირი სარგსიანი.
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
ბიზნესის რისკები. როგორ შევამციროთ ის?
ექსპერტები თვლიან, რომ ვიზიტორების ორივე ტალღას შეუძლია ეკონომიკური სარგებელი მოიტანოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გაატარებს მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ეკონომიკის გაჯანასაღებისკენ.
„ამ დროებითი “აღორძინების” შედეგად მიღებული დამატებითი გადასახადები მთავრობამ ექსკლუზიურად უნდა მიმართოს ეკონომიკის პროდუქტიული დარგებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეს ხელს შეუშლის მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს“, – ამბობს ნაირი სარგსიანი.
„ხელისუფლებას ბევრი სერიოზული სამუშაო აქვს გასაწევი ზედამხედველობისა და რეგულირების ფუნქციების კუთხით. თუ ფული შემოვა სახელმწიფოში, ყველასათვის კარგია – ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანაწილოთ ეს თანხა, რათა სარგებელი ნახოს ყველამ. მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რომ მიღებული თანხები გამოიყენოს დანიშნულებისამებრ – შეიქმნას საწარმოო ფონდები და სამუშაო ადგილები, გაიზარდოს ხელფასები. საბოლოო ჯამში, პრობლემა არა საქონლის მაღალ ფასში, არამედ დაბალ ხელფასებში, პენსიებსა და შეღავათებშია“, – მიიჩნევს ედვარდ ანტინიანი.
ექსპერტის აზრით, მეწარმეებისთვის მსგავსი რისკები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი, თუ მთავრობას ექნებოდა მკაფიო კონცეფცია, სტრუქტურა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა.
სარგსიანს მიაჩნია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის გამო ბიზნეს რისკები მწვავდება. ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა მეწარმეებმა, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს სომხეთში, იფიქრონ სხვა, უფრო პერსპექტიულ ქვეყნებში გადასვლაზე:
„როცა ქვეყანა არაპროგნოზირებადია და მომავალიც ბუნდოვანია, ბიზნესი ბუნებრივად ამჯობინებს უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური ქვეყნების ძიებას. ბიზნესი ყოველთვის მოგებას ცდილობს. ამ დროისთვის მათთვის სასარგებლოა სომხეთში დარჩენაა, ხვალ თუ გამოჩნდება უფრო მომგებიანი, კომფორტული და უსაფრთხო ქვეყნები – ისინი იქ წავლენ.”
ნაირი სარგსიანი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პროცესები უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
პოლიტიკური რისკები
პოლიტიკური თვალსაზრისით, ედვარდ ანტინიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას:
„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების სახით მიღებული რესურსი არ იქნება გამოყენებული სომხეთში შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის. ქვეყანა ამ მხრივ უკვე დაუცველია: აქ არის რუსული ბაზა, რუსეთის განკარგულებაშია ეკონომიკის მრავალი სტრატეგიული სექტორი. და ეს ეკონომიკური ობიექტები მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ბერკეტები სომხეთის წინააღმდეგ“.
2022 წლის იანვარ-ივნისში სომხეთში ბინადრობის ნებართვა მიიღო რუსეთის 1059 მოქალაქემ, მათგან 802-მა მიიღო მუდმივი მცხოვრებლის სტატუსი, 257-მა კი დროებითი ბინადრობის.
იზრდება მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობაც.
„2022 წელს სომხეთის მოქალაქეობისადმი ინტერესი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც მოქალაქეობაზე განაცხადების კუთხით, ასევე იმ ადამიანების რაოდენობის მხრივაც, ვინც აქ დასახლდა და სურს ბინადრობის ნებართვა მიიღოს“, – თქვა ჰოვანეს ალექსანიანმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია შეიძლება გამაფრთხილებლად მივიჩნიოთ, დღეს მაინც არ ჩანს გამოკვეთილი, სერიოზული საფრთხე.
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
სიტუაციის მართვა სახელმწიფო დონეზე
რუსების მეორე შემოდინება სომხეთში
სომეხი ექსპერტების აზრით, თუ შემოდინება სახელმწიფოს მხრიდან მართული იქნება, შესაძლებელი გახდება ვიზიტორთა უფრო დაბალანსებული გადანაწილება რეგიონებში და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა, ამ ეტაპზე ეს არ კეთდება.
ანალიტიკოსების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ მთავრობას არ აქვს ერევნის განტვირთვისა და რეგიონების განვითარების მკაფიო გეგმა, რაც ამ ვითარებაში შეიძლება განხორციელდეს.
„ხელისუფლებას ასეთი გრძელვადიანი გეგმა რომ ჰქონოდა, ახლა აქცენტს ვიზიტორთა რეგიონებში გადანაწილებაზე გააკეთებდა. განსაკუთრებით მეორე ტალღისთვის, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პატარა ქალაქებიდან და სოფლებიდანაა. მათთვის არც ისე მნიშვნელოვანია ერევანში იცხოვრებენ თუ სადმე სხვაგან. თუ ადამიანს არც ბევრი ფული მოაქვს და არც ინვესტიციის ჩასადებად მოდის, და თუ მისთვის მხოლოდ უსაფრთხო ადგილია მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ თუ მას სადმე რეგიონში გაგზავნი სამუშაოდ, სიამოვნებით წავა.” – ედვარდ ანტინიანი.