„ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
● თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები.
● ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.
● დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.
საკოორდინაციო საბჭოზე ასევე ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას.
ამისთვის აუცილებელია, რომ განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს.
„ამ ეტაპზე, საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები არის ბუნებრივია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფალი სივრცეები ბევრი არ არის, თუმცა, საწოლფონდის ეს რაოდენობა ამ ეტაპზე მართვადია”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, გადაადგილების შეზღუდვა არ არის „კომენდანტის საათი“, ეს არის მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს 2 ათას ლარიანი სანქცია.
“მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 ათასი ლარი“, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.