100 ფაქტი ფაშინიანისგან ახალი სომხეთის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 8 მაისს აირჩიეს. მთავარ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არჩევიდან ერთი წლის შემდეგ მან პრეს-კონფერენცია მოიწვია. პრემიერმა ახალი, „რევოლუციის შემდგომი“ სომხეთის შესახებ 100 ფაქტი წარმოადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტი გაცილებით მეტია, თუმცა მან გადაწყვიტა, 100 ფაქტით ამოწურულიყო.
რით დაიწყო ფაშინიანმა
გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ცხოვრებისა და საკუთარი საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო.
პრეს-კონფერენცია ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. სომხეთის პრემიერმა, პირველ რიგში, პირველ კვარტალში საბიუჯეტო შემოსავლების 25%-იან გადაჭარბებით შესრულების შესახებ განაცხადა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები უკვე 62 მილიარდი დრამით (127 მილიონი დოლარი) გაიზარდა, სულ ახლახან ლაპარაკი იყო 40 მილიარდზე (82 მილიონი დოლარი).
ფაშინიანის თქმით, მომხმარებლებისთვის გაცემული საკონტროლო-სალარო ქვითრების რაოდენობამ 40%-ით მოიმატა. პრემიერის აზრით, ეს ბიზნესის გამჭვირვალობისა და საგადასახადო ადმინისტრირების დონის ზრდის შედეგია.
მეტიც, ბოლო წლის განმავლობაში „ჩრდილოვანი“ სექტორიდან გამოსულია 51 000 სამუშაო ადგილი. სავარაუდოდ, მათი ნაწილი – ახალი სამუშაო ადგილებია.
პრეს-კონფერენციის დროს ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ საკანონმდებლო რეფორმების საშუალებით სომხეთის ბანკებმა ქვეყნის 20 ათას მცხოვრებელს ვალები, დავალიანებები და ჯარიმები ჩამოაწერეს. საერთო თანხამ 11,5 მილიარდი დრამი (23 მილიონი დოლარი) შეადგინა.
ვის მოემატება ხელფასები
პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა მასწავლებლებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის 10 და მეტი პროცენტით ხელფასების მომატების ფაქტიც. მან განაცხადა, რომ ხელფასების მატება უკვე მედმუშაკებს, სომხური ატომურ-ელექტროსადგურის თანამშრომლებსა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებსაც შეეხოთ.
ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალოვანი სტრუქტურების მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდას. ეროვნული უშიშროების სამსახურსა და პოლიციაში ხელფასები 30%-ით გაიზარდა.
„სომხეთის ექს-პრეზიდენტის დაპატიმრება ყველაზე დიდი მიღწევაა“
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთში პოლიტპატიმრები და რეპრესირებულები არ არიან.
ფაშინიანს პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას თავის ყველაზე მთავარ მიღწევად მიაჩნია სომხეთის ექს-პრეზიდენტის დაპატიმრება, რომელიც საკონსტიტუციო წყობის დამხობაშია ბრალდებული.
სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულებად არიან ცნობილები: ყოფილი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის ყოფილი ექს-მინისტრი, შეიარაღებულ ძალთა შტაბის ექს-ხელმძღვანელი, ეკოლოგიის ექს-მინისტრი, სასამართლო აქტების იძულებით აღსრულების სამსახურის ექს-ხელმძღვანელი.
„გარდა ამისა, ბრადებულების სახით, საქმეში ფიგურირებენ – ორი მოქმედი მინისტრი, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელები და სხვა ჩინოვნიკები. ამის შესახებ როგორც სტატისტიკაზე, ისე ვლაპარაკობ, და არც ამ პირების უდანაშაულობის პრეზუმპციას ვარღვევ, რადგან ეს უპრეცედენტო სტატისტიკური მონაცემებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
• სომხეთში კორუფციასთან ბრძოლა უკვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებამდე მივიდა
„ფრთებს მოვკვეცავ“: პრემიერი ქვეყნის ხელისუფლებაში არსებული განხეთქილების თემას შეეხო
ჟურნალისტების პირველივე შეკითხვები ეხებოდა სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეთაურის დავიდ სანასარიანის წინააღმდეგ აღძრულ სისიხლის სამართლის საქმეს, რომელსაც აპრილში ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობაში წაუყენეს. ფაშინიანმა ამ თანამდებობაზე მისივე დანიშნული დავიდ სანასარიანისთვის უფლებამოსილების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ჟურნალისტებს სანასარიანის საქმესთან დაკავშირებით კერძოდ ის აინტერესებდათ, არის თუ არა დღესდღეობით ქვეყნის ხელისუფლებაში განხეთქილება, და არსებობს თუ არა კიდევ რაიმე „ფრთები“, რომელიც შესაძლოა, პროცესში ჩაერთოს.
„ნუთუ იმ ადამიანს ვგავარ, რომელსაც პრემიერობა შეუძლია – ჩემს დროსაც, ხელისუფლების შიგნით შეიძლება არსებობდეს ფრთები, რომლებსაც შეუძლიათ … არ ვიცი. ხელისუფლებაში, კერძოდ კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ფრთები ვერ იარსებებს, რადგან მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება – ერთიანი ორგანოა, და მას პრემიერი ხელმძღვანელობს. თუკი ასეთ ფრთები გაჩნდა, მე მათ მოვკვეცავ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„ყოფილმა ხელისუფლებამ ეროვნული უშიშროების სამსახურის ზოგი დოკუმენტი გაანადგურა“
პრეს-კონფერენციის დროს ნიკოლ ფაშინიანი საენსაციური განცხადებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ წასვლამდე ეროვნული უშიშროების სამსახურის არქივიდან რაღაც რაოდენობის საბუთების გაქრობა მოასწრო:
„ამ საქმეზე, უკვე რამდენიმე თვეა, სტრუქტურაში სამსახურებრივი გამოძიება ტარდება“.
ფაშინიანმა თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იყო იმ საბუთებში. თუმცა, წინა ხელისუფლების ქმედებას მან დანაშაულებრივი უწოდა.
ყარაბაღში არსებული სიტუაციის შესახებ – „ჩვენ ნახევრად საომარ მდგომარეობაში ვართ
ფაშინიანმა, ყარაბაღში დაზავების შეთანხმების გახშირებული დარღვევის ფონზე, საომარი მოქმედებების განახლების შესაძლებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში წინა ხაზზე გარკვეული დაძაბულობა არსებობს, თუმცა სტაბილურობა ნარჩუნდება:
„თუკი ყოველდღიური სროლები ხდება, ეს ნიშნავს, რომ ნახევრად საომარ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანი მოჰყვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დამყარებული საკავშირო არხის მეშვეობით ისინი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან.
„იმედი მაქვს, რომ შევძლებთ იმის გაგებას, თუ რა და რატომ ხდება. ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს უსწრაფესად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ “, – განაცხადა ფაშინიანმა.
რუსული ბუნებრივი აირი
რუსული ბუნებრივი აირის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურ მხარეს რუსეთთან მოლაპარაკების იმედი აქვს.
„მსჯელობა, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ განვსაზღვრეთ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად ურთერთშეთანხმებას მივაღწევთ“, – თქვა ფაშინიანმა.
აპრილში მოსკოვში გამართულ მთავრობათაშორის სხდომაზე სომხური მხარე ბუნებრივი აირის ფასის ხუთწლიანი დაგეგმვის წინადადებით გამოვიდა. 1 ივლისამდე წარმოდგენილი იქნება შეთანხმების პროექტი, რომელშიც საზღვარზე ბუნებრივი აირის ფასის ფორმირების მექანიზმები იქნება წარმოდგენილი.
2019 წლის 1 იანვრიდან ათასი კუბომეტრი რუსული ბუნებრივი აირის ფასი 150-დან 165 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მოსახლეობისთვის, კომპანიის ხარჯების შემცირების ხარჯზე, ტარიფი ძველებური დარჩა.