1 ივნისიდან იხსნება საქართველოს სახმელეთო საზღვრები, შაბათ-კვირას ამუშავდება კვების ობიექტები
საქართველოში 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იხსნება სახმელეთო საზღვრებიც.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, კვების ობიექტებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა”, – განაცხადა ღიბრაძემ.
რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი იქნება სრულად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვიზიტორი ვალდებული იქნება, მომდევნო 72 საათის განმავლობაში ქვეყანაში განმეორებითი ტესტი ჩაიტაროს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული, აგვისტოს ბოლოს გლობალურად შემთხვევების ზრდა დაიწყოს.
“გლობალური პროგნოზი არის ისეთი, რომ ტოტალურად შემთხვევათა რაოდენობა თანდათან, ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს შემთხვევების ზრდა, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად, ძირითადად, ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე.
ამიტომ, ყველგან, სადაც კი შემსუბუქებები მიმდინარეობს, არის მეტი ყურადღება რეკომენდაციების დაცვაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.
_______________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
● დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
_________________________________
საქართველოში კოვიდვითარება ისევ მძიმეა. ქვეყანაში ყოველდღიურად ათასზე მეტი ინფიცირებული და 30-მდე გარდაცვლილია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მაისის ბოლოს ვითარება დასტაბილურდება. საქართველოში შემსუბუქდა კომენდანტის საათიც – 17 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ სამს – “ფაიზერს”, “ასტრაზენეკას” და “სინოფარმს” აქვს გავლილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოვაკისთვის” ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუნიჭებია.