შეხვედრა მოსკოვში: სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ახალ დეტალებზე საუბრობენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ზოგრაბ მნაცკანიანმა და ელმარ მამედიაროვმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს.
ტრადიციულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ახალი პუნქტები გაჩნდა. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მეთაურები თავიანთი შეხვედრის დროს ამ პუნქტების თაობაზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ. ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა 29 მარტს შედგა.
•ფაშინანი: „ჯერჯერობით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი არ ვიცით“
• ყარაბაღში მომხდარი აპრილის ომიდან სამი წელი გავიდა. რა შეცვალა მან?
რაზე შეთანხმდნენ მინისტრები
შეხვედრა რუსეთის მხარის ინიციატივით გაიმართა. თავიდან მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობდა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თანდასწრებით. შემდეგ მათ ეუთოს მინსკის ჯგუფის აშშ-სა და საფრანგეთის წარმომადგენელი თანათავმჯდომარეები, ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი შეუერთდნენ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:
„აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური ხერხებით მოსაგვარებლად ძალისხმევის გაგრძელების გადაწყვეტილება, ასევე – კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციით დაინტერესება, კერძოდ კი – სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს.
ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ, ერთობლივ საფუძველზე, მიიღონ ზომები მხარეთა ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფ პირებთან ნათესავების დაშვებასთან დაკავშირებით. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაიწყოს პრაქტიკული სამუშაო ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარების მხრივ, მათ შორის – მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა ორმხრივი მიმოსვლა“.
მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საზღვარზე შექმნილი სიტუაციისა და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის მოგვარების შესახებ. ამაზე მანამდე, ვენაში შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევიც შეთანხმდნენ.
ინფორმაცია ერევნიდან
მოსკოვში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის მედიამ მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის დავიდ ბაბაიანის პრეს-მდივნის განცხადება გამოაქვეყნა:
„სტეფანაკერტი მზადაა, არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების ნათესავებს მათი მონახულების ნება დართოს. ყარაბაღის მხარეს დასამალი არაფერი აქვს, რადგან აქ პატიმრების უფლებებს პატივს სცემენ – აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სადაც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გზააბნეულ მოქალაქეებს [ვინც აზერბაიჯანის საზღვარს გადაკვეთს – JAMnews] აწამებენ. არცახი ყოველთვის კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის დამყარების ხელის შემწყობი წინადადებებით გამოდიოდა“.
ექსპერტის მოსაზრებები ერევნიდან
პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი მიიჩნევს, რომ მამედიაროვისა და მნაცკანიანის შეხვედრა ქვეყნის მეთაურებს შორის გამართული მოლაპარაკებების ლოგიკურ გაგრძელებად იქცა.
მისი აზრით, მოლაპარაკებების პროცესში, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულის გარდა, სხვა დღის წესრიგი არ არსებობს:
„სომხური მხარე იმ აზრზე დგას, რომ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ყარაბაღმაც უნდა მიიღოს. და არგუმენტების სახით ის განცხადებები და შეთანხმებები მოჰყავს, რომლებიც თავის დროზე იქნა მიღწეული, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. აზერბაიჯანის ამის წინააღმდეგია, და დღესდღეობით ერთადერთი დღის წესრიგი – საზღვარზე არსებული სიტუაცია და ჰუმანიტარული საკითხებია“.
ამავდროულად ექსპერტი მიღწეულ შეთანხმებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს:
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბაქო საომარ რიტორიკას სამშვიდობო დისკურსით ცვლის“.
აკოპ ბადალიანი მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის როლზე ამახვილებს ყურადღებას:
„რუსეთის როლი განსაკუთრებულია. რეგიონულ უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება. აპრილის ომში ჩვენ რუსეთის ჩავარდნა ვიხილეთ. მოსკოვი რეგიონში თავის სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფას სამშვიდობო ჯარის სახით ცდილობდა. ამ ჩავარდნის შემდეგ რუსეთი, რეგიონში მშვიდობაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, დიდ ზეწოლას განიცდის“.
ინფორმაცია ბაქოდან
მოსკოვში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. ელმარ მამედიაროვმა მთავარ მიღწევად ის მიიჩნია, რომ შესაძლებელი გახდა იმ ძირითადი „დაბრკოლების ლოდების“ გამოვლენა, რაც მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლის:
„მაგალითად, სომხეთი სტატუსთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს აყენებს. ჩვენ კი, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარის გაყვანის და იძულებით გადასახლებულ პირთა მშობლიურ მიწაზე დაბრუნების თაობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. მსჯელობა ამ ოთხი საკითხის ირგვლივ მიმდინარეობდა, გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“.
ექსპერტის მოსაზრება ბაქოდან
პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე მიიჩნევს, მთლიანობაში მიღწეული შეთანხმებები პოლიტიკური თვალსაზრისით ნაკლებად სარისკოა:
„ჰუმანიტარული შემადგენელი ხომ სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებთან პრაქტიკულად კავშირში არ არის, არამედ მხოლოდ ფონს უქმნის მომდევნო უფრო კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას. ამას გარდა, ამ შეთანხმებების განხორციელებამ, შესაძლოა, ცხადყოს, თუ რამდენად შეძლებენ მხარეები რაიმე შეთანხმების განხორციელებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე შესთავაზა უზრუნველყონ ტყვეების გაცვლა ფორმულით – „ყველა ყველას სანაცვლოდ.
თუკი სომხეთი ამას სრულად არ ეთანხმება, მაშინ ამ ტყვეების ნათესავების ვიზიტზე შეიძლება შეთანხმება; ამავდროულად, ზემოთ ხსენებული გაცვლის ფორმულის აქტუალობის არდავიწყებით. შეჯამების სახით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეთანხმებებს ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდები. სწორედ ფრთხილით, რადგან უფრო დარწმუნებული ოპტიმიზმისთვის პოლიტიკურ სიბრტყეზე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო“.
„ყარაბაღის განთავისუფლების ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ აკიფ ნაგმა განაცხადა:
„ეს შეთანხმებები მხოლოდ სომხებს, და შესაბამისად სომხურ სცენარს აძლევს ხელს. სომხეთი დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენი მიწები მისი ოკუპაციის ქვეშ დარჩეს, და ამ პირობებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დალაგდა. შედეგად, ოკუპაციის ფაქტი უკანა პლანზე გადაიწევს, გარკვეული დროის შემდეგ კი სულაც დავიწყებას მიეცემა.
ჩვენი ინტერესები კი მოითხოვს, რომ ხალხების დაახლოება მთიანი ყარაბაღიდან და სხვა დაკავებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის სრულად გასვლის შემდეგ დაიწყოს. მშვიდობისკენ მიმავალი ყველა გზა ომზე გადის. ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიანი სცენარი ჯერჯერობით არ არსებობს“.