“ყვითელ წყალთან“ მცხოვრები ადამიანები
სარისუ [სიტყვასიტყვით „ყვითელი წყალი“ – რედ.შენ.] აზერბაიჯანის სამხრეთით მდებარეობს და ქვეყნის ყველაზე დიდ ტბას წარმოადგენს. მის მახლობლად მდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ეს წყალსატევი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
სარისუ თავის სახელს არა რაიმე განსაკუთრებულ წყალს, არამედ ლერწმის ლელქაშებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც ზაფხულში მზეზე ხმება და ამის გამო მომავალ გაზაფხულამდე ტბის ნაპირები ყვითელ ელფერს იძენს ხოლმე.
მონადირე ვაჰიდ ალიევი ნავის ჯაჭვს ხის ნავმისადგომიდან ხსნის. ზოგიერთმა კი უკვე ინადირა და შინ ბრუნდება.
აქ დილა სანადირო თოფების გრიალითა და ფრინველების ყივილით იწყება ხოლმე. ტბაზე იხვები, ბატები, მელოტები, ჟეროები და ნაცრისფერო ყანჩები ბინადრობენ. ჟერო „წითელ წიგნშია“ შეტანილი და ამიტომ მასზე ნადირობა აკრძალულია.
საბირაბადელი მონადირე საჰიბი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც სარისუს ტბაზე პურის ფულის საშოვნელად დადიან. უკვე 40 წელია, რაც ყოველდღე მონადირის ტანსაცმელსა და ჩექმებს იცვამს, თოფს იღებს და სანადიროდ მიდის. იგი მეტწილად მელოტაზე ნადირობს. ამბობს რომ მელოტა ბევრს არ მოსწონს იმის გამო, რომ ამ ფრინველის ხორცს სპეციფიკური ფერი და სუნი აქვს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ უკეთესი ალეტერნატივა არ არსებობს, მონადირეები ამ ნადავლითაც კმაყოფილდებიან ხოლმე.
აქაურ მოსახლეობას არამხოლოდ ტალახიანი გზები, არამედ უმუშევრობაც აწუხებს. პრობლემებია კომუნალური სერვისების სფეროშიც. გაზი მხოლოდ რაიონულ ცენტრსა და რამდენიმე სოფელშია გაყვანილი. დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში კი შეშას იყენებენ. ამის გამო სოფელ იუხარი ახტაჩიში ტყის საფარი თითქმის მთლიანად განადგურდა.
წყალსადენიც არ მუშაობს, მაგრამ, საბედნიეროდ, აქვე მოედინება მტკვარი, რომლიდანაც ხალხი წყალს იღებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს. ამიტომ ბევრ ეზოში ბზე ყრია და თივის ზვინი დგას.
საბირაბადის სოფლების უმუშევარი ახალგაზრდობა მოუთმენლად ელოდება ბამბის კრეფის სეზონის დაწყებას. მალიქ ალიევიც ერთ-ერთი მათგანია. ამბობს, რომ გასულ სეზონში სხვის ნაკვეთზე კრეფდა ბამბას და თითო კილოგრამს 10 გიაპიკად აბარებდა. მისი ყოველდღიური შემოსავალი 10 მანათს (დაახლოებით 7 დოლარი) არ აჭარბებდა. საუკეთესო შემთხვევებშიც კი ასეთ დღეებში მას არამხოლოდ ხახვისა და კარტოფილის, არამედ ხორცის ყიდვაც შეუძლია.
ბოლო პერიოდში მალიქი გზის პირას დგას და ვაშლით ვაჭრობს. სამი კილოგრამს ერთ მანათად ყიდის. რაც ბაქოს მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად სასაცილო ფასია.