სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯი“ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გრაირ ტოვმასიანი არ შეიძლება უზენაესი სასამართლოს სათავეში იმყოფებოდეს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ თანამდებობიდან მისი გადაყენების თაობაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით დაიწყო. მიმართვა ტოვმასიანისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევას ეხებოდა. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული საკრებულოს მიმართვის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მასში „დადგენილი რეგლამენტი დაცული არ არის“.
ეროვნული საკრებულოს მიმართვის განხილვაზე საკონსტიტუიციო სასამართლოს უარი იმას ნიშნავს, რომ სტრუქტურის ხელმძღვანელი გრაირ ტოვმასიანი თავის უფლებამოსილების აღსრულებას გააგრძელებს, და საქმე სასამართლო სხდომამდეც კი არ მივა.
საპარლამენტო მიმართვაში კი, კერძოდ, მითითებული იყო, რომ სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის განცხადების განხილვისას, რომელიც მის მიმართ წაყენებული მუხლების კონსტიტუციურობას ეხებოდა, ტოვმასიანმა რიგი არსებითი დარღვევა დაუშვა. სომხეთის მეორე პრეზიდენტს ბრალად საკონსტიტუციო წყობის დამხობა ედება და ის პატიმრობაში იმყოფება.
ეგრეთ წოდებული 2008 წლის „1 მარტის“ საქმეს, რომელშიც ექს-პრეზიდენტია ბრალდებული, სომხეთის ახალი, პოსტრევოლუციური მთავრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ის მისი ყურადღების ცენტრშია.
ტოვმასიანის თანამდებობიდან გადასაყენებლად ბრძოლა გრძელდება. რატომ, და კიდევ რა ედება ბრალად საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს? წარმოგიდგენთ ყველა დეტალს.
უკანასკნელი მოვლენები
ეროვნული უშიშროების სამსახურში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი ქალიშვილი მიიწვიეს. მათთან საუბრის წვრილმანებს არ იუწყებიან.
ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ასევე ტოვმასიანის დედ-მამისეულ სახლშიც. ტოვმასიანის მამამ განაცხადა, რომ ისინი მასთან დაახლოებით ერთ საათს იმყოფებოდნენ. შეკითხვები მისი სახლის მშენებლობას ეხებოდა:
„მათ ახლდნენ სპეციალისტები, რათა შეემოწმებინათ, თუ როდის იყო დაშენებული სახურავი. მე შემოწმებაზე თანხმობა მივეცი, და სულ ეს იყო“.
ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ასევე სომხეთის ყოფილი მმართველი პარტიის ოფისში, რომლის წევრიც გრაირ ტოვმასიანი 2015 წლამდე იყო.
რა ედება ბრალად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა არმან ბაბაჯანიანმა გენერალურ პროკურატურაში დანაშაულის შესახებ შეტყობინება წარადგინა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ „ხელისუფლების უზურპაციას“ ეხება. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ტოვმასიანმა 2018 წელს ამ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსრულების დაწყებით კანონი დაარღვია.
ბაბაჯანიანი ვარაუდობს, რომ 2018 წელს გრაირ ტოვმასიანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დადგენილი წესის მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება არ შეეძლო.
ამ მიმართვის საფუძველზე, საგანგებო საგამოძიებო ჯგუფმა, ადამიანების ჯგუფის მიერ ხელისუფლების უზურპაციის ნიშნების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მმართველი პარტიის წარუმატებელი მცდელობა
ჯერ კიდევ დეპუტატ არმან ბაბაჯანიანის განცხადებამდე მმართველმა პარტიამ „ჩემი ნაბიჯი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მისი თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე მიმართვა წარუდგინა. თუმცა,საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული საკრებულოს მიმართვის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხში ნათქვამია, რომ ეროვნული საკრებულოს მიმართვაში დადგენილი რეგლამენტი დაცული არ არის.
ეროვნული საკრებულოს მიმართვის განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უარი იმას ნიშნავს, რომ სტრუქტურის თავმჯდომარე გრაირ ტოვმასიანი თავის უფლებამოსილების აღსრულებას გააგრძელებს, და საქმე სასამართლო სხდომამდეც კი არ მივა.
სხდომაში თავად ტოვმასიანს მონაწილეობა არ მიუღია. მან განაცხადა, რომ მმართველ პარტიასთან არავითარი ბრძოლა არ არსებობს, მაგრამ ის თავის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:
„მე ამ თანამდებობიდან მაშინ წავალ, როდესაც ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის კანონით დადგენილი ვადა ამოიწურება“.
მმართველ პარტიას „ჩემი ნაბიჯი“ თავის სამომავლო ნაბიჯების შესახებ ჯერ არ განუცხადებია. მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა იმ საკონსტიტუციო რეფორმების გატარების ალბათობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელი შემადგენლობისა და მისი თავმჯდომარის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენს.
მმართველი ბლოკის ინიციატივის შესახებ
მმართველმა ფრაქციამ „ჩემი ნაბიჯი“ ეროვნულ საკრებულოს თავისი პროექტი 19 სექტემბერს წარუდგინა.
დოკუმენტში თითქმის 100 ფურცელია. მასში, სომხეთის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ოთხი საფუძველია წარმოდგენილი.
• სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კოჩარიანის პირადი თავისუფლების უფლების დარღვევა აღიარა
როგორც მმართველი პარტიის პროექტშია ნათქვამი, ერთ-ერთი საფუძველია – არსებითი დარღვევები, რომლებიც ტოვმასიანმა ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის განცხადებების განხილვისას იმ მუხლების კონსტიტუციურობის თაობაზე დაუშვა, რის საფუძველზეც კოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპი. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრობის შესახებ. ამ პარტიის მმართველობის წლებში ტოვმასიანი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2010 წელს ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 2014 წელს კი – ეროვნული საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელად.
ტოვმასიანის მიუკერძოებლობის თაობაზე ეჭვის საფუძვლად იქცა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის სერჟ სარგსიანის და რობერტ კოჩარიანის ინტერსების დამთხვევა „1 მარტის“ სისხლის სამართლის საქმის განაჩენთან დაკავშირებით. ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი სწორედ ამ საქმის მთავარი ბრალდებულია. საუბარია 2008 წლის მოვლენებზე, როდესაც დემონსტრაციის დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სერჟ სარგსიანი აირჩიეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ამიტომ მას სამხედრო იარაღის გამოყენებით სასტიკი დარბევა, და ადამიანების დაღუპვა ედება ბრალად.
მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ ხელმძღვანელი ლილიტ მაკუნცი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი – სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკმარისი საფუძველია:
„ჩვენი შეფასებით, ჩვენი იურისტების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძველი საკმაოდ ძლიერია“.
ამას არ ეთანხმება ოპოზიციური ფრაქცია „აყვავებული სომხეთი“. მისმა წევრმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, მათ განმარტეს , რომ ეს გადაწყვეტილება არა გრაირ ტოვმასიანის პიროვნებით, არამედ სწორედ დოკუმენტის არასრულყოფილებით არის ნაკარნახევი:
„ჩვენი იურისტები გაეცნენ ქაღალდებს, რომლებშიც ვადების დარღვევა და პუნქტობრივი ხარვეზებია. მთავარი თეზისები იურიდიულად დადასტურებული არ არის, არგუმენტები ძალიან სუსტია. და იმ დასკვნამდე მივედით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ… და პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, გრაირ ტოვმასიანი უნდა დარჩეს თუ წავიდეს“, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა, ოლიგარქმა გაგიკ ცარუკიანმა.
პროექტის მისაღებად საჭირო იყო მხოლოდ 80 ხმა, რომლებიც მმართველ ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“ ისედაც ჰქონდა. თუმცა, მაკუნცის თქმით, „სასამართლო სისტემის რეფორმები, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მისდამი ნდობა სხვა პოლიტიკური ძალების, როგორც მანდატების მფლობელების, პასუხისმგებლობაც არის“.
თავად ტოვმასიანი განხილვაზე არ გამოცხადდა, თუმცა ის მიწვეული იყო.
132 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 101-მა მიიღო. 98 დეპუტატი ტოვმასიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე თანახმა იყო და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. ორი ბიულეტენი გაუქმებულად მიიჩნიეს.
• სასამართლომ სომხეთის ექს-პრეზიდენტი ციხეში დატოვა
რით არის ცნობილი გრაირ ტოვმასიანი
სომხეთში გრაირ ტოვმასიანი არამხოლოდ მმართველი პარტიისთვის ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან, არამედ – ბევრი რიგითი მოქალაქისთვისაც.
ტოვმასიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო და რიგ საკვანძო თანამდებობას იკავებდა.
ის იმით არის ცნობილი, რომ 2015 წელს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ავტორი გახდა. დეკემბერში კი ჩატარდა რეფერენდუმი, რომელის შედეგადაც სომხეთი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა.
მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში მაღალი თანამდებობების დაკავებას აღარ აპირებდა. მაგრამ უკვე 2018 წლის აპრილში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ თავის ლიდერი სერჟ სარგსიანი ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია, სარგსიანის ხელისუფლებაში ისევ დარჩენის სურვილი დადასტურდა.
კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებამდე ის უკვე ორი ვადით იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას და მესამე ვადის იმედი ვეღარ ექნებოდა. ამ ცვლილებით მისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მოხდა – ახლა უკვე პრემიერის რანგში, ანუ ისევ უმაღლეს თანამდებობაზე.
ის 2018 წელს, „ხავრდოვანი“ რევოლუციის დღეებში ქუჩაში გამოსული ადამიანების ზეწოლით, არჩევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.
რევოლუციის ლიდერის ფაშინიანის თქმით, ტოვმასიანმა კონსტიტუციის ტექსტი „სერჟ სარგსიანთან შეთანხმებით დაწერა…, რათა 2035 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლად დარჩენილიყო“.
„ჩვენ სხვა საკონსტიტუციო სასამართლო გვჭირდება. გამოდის, რომ… გრაირ ტოვმასიანმა, სერჟ სარგსიანისა და გაგიკ არუთიუნიანის [საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – JAMnews] დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრივატიზება მოახდინა, ისე, როგორც მაგალითად – სანოტარო ბიუროს პრივატიზებაა შესაძლებელი, და დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც 2019 წლის სომხეთში … 1995 წლის საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.