"მაყურებლები" და ინტერნეტი საკნებში - სკანდალი სომხეთის ციხეებში
სომხეთის უშიშროების სამსახურმა ციხეები შეამოწმა და მრავალი დარღვევა აღმოაჩინა. ახლა მთელი სომხეთი აღმოჩენილ ფაქტებზე მსჯელობს.
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფაშინიანის გუნდსაც შეეხო
• სომხეთის ოპოზიცია ფაშინიანს ზედმეტი ძალაუფლების კონცენტრირებაში ადანაშაულებს
როგორ დაიწყო ყველაფერი
ყველაფერი ციხეებში არსებული დარღვევების თაობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ მიცემული იმ შენიშვნით დაიწყო, რომელიც მან იუსტიციის მინისტრის არტაკ ზეინალიანის მისამართით გამოთქვა. პრემიერმა თქვა, რომ ციხეებში ზოგიერთი პატიმარი ისევ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, მათი საკნები არ მოწმდება და მათ თავიანთი ტელეფონები აქვთ.
„როგორ გავიგოთ, რომ ზოგიერთი პატიმრის საკანი არ მოწმდება, და ამავდროულად სასჯელაღსრულების ამ დაწესებულების დირექტორი საკუთარ თანამდებობაზე რჩება. სომხეთში ბევრი დანაშაული ტელეფონის მეშვეობით ციხიდან არის ორგანიზებული“.
პასუხად, მინისტრმა თქვა, რომ პერიოდულად ყველა საკანი მოწმდება, და ფაქტების წარმოდგენა მოითხოვა.
ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ეროვნული უშიშროების საბჭომ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პატიმრების მიერ რეჟიმის სხვადასხვაგვარი დარღვევაა ასახული – კერძოდ მოჩანს სამალავები Wi-Fi-ის მოწყობილობებით, პლანშეტები, სატელეფონო ბარათები და მობილური ტელეფონები.
ზოგიერთ საკანში ღიაა ეგრეთ წოდებული „ვოლჩოკები“, რომლებიდანაც პატიმრებს საკვები მიეწოდებათ. ერთ-ერთი „მაყურებლის“ საკნის კარი კი მთლიანად ღია იყო.
სამინისტროს რეაქცია ვიდეორგოლზე
სომხეთის იუსტიციის მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ფაქტების შემოწმების მიზნით, დანიშნულია სამსახურებრივი გამოძიება:
„ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა – ის, რაც სიმართლეს შეესაბამება, რა არის გაზვიადებული, და რა არა“.
მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი საკნის კარი ღია იყო. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია შემოწმდეს, იმყოფებოდა თუ არა ამ კონკრეტულ საკანში ვინმე. ზეინალიანის თქმით, იმის მიზეზი, რომ საკნების კარი ღიაა, შესაძლოა, ყოფითი პირობებიც იყოს. ზოგიერთ ციხეში ვენტილაციის სისტემა არ არსებობს, რის გამოც, სისხლის სამართლის დაწესებულებების თანამშრომლები იძულებულები არიან, რომ შენობის გასანიავებლად ფანჯრები გამოაღონ.
„თუკი საკანი ცარიელია, რა განსხვავებაა კარი ღია იქნება თუ არა? თუ სავენტილაციო სისტემა არ არის, საკანში კი სინესტეა, მაგალითად, წყალგაყვანილობის სისტემაში მომხდარი ავარიის გამო, შეიძლება თუ არა კარის სარკმელი გამოღებული იყოს? ან თუკი მთელი საკნის დათვალიერება შეუძლებელია, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დაწესებულებებში სტანდარტები დაცული არ არის. ბევრი შეკითხვა არსებობს“.
ექსპერტის მიერ სიტუაციის შეფასება
საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანება“ ხელმძღვანელი დანიელ იოანისიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული უშიშროების სამსახურს ციხის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება არ გააჩნია:
„ეროვნული უშიშროების სამსახური იმ სფეროში შეიჭრა, რომელიც მისი კომპეტენციის მიღმაა. იმიტომ, რომ იმის განსაზღვრა, არიან თუ არა ციხეებში „მაყურებლები“, ეს ეროვნული უშიშროების სამსახურის საქმე არ არის. იმას არ ვამბობ, რომ მსგავს დაწესებულებებში ყველაფერი კარგადაა, და არც იმას ვამტკიცებ, რომ იუსტიციის სამინისტრო საუკეთესოდ მუშაობს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნული უშიშროების სამსახურმა სამინისტრო უნდა აკონტროლოს.“