სომხეთში ისევ ჰიმნის შეცვლაზე მსჯელობენ
სომხეთის ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერი ალენ სიმონიანი ჰიმნის შეცვლის ინიცირებას აპირებს. ეს საკითხი ქვეყანაში პირველად არ განიხილება და სომხეთის მაცხოვრებლები ისევ მწვავე დისკუსიაში ჩაერთვნენ.
რატომ უნდა შეიცვალოს ჰიმნი
ვიცე-სპიკერი საკუთარ ინიციატივას იმით ხსნის, რომ ახლანდელი ჰიმნი, მისი აზრით, ქვეყნის მაცხოვრებელთა უმეტესობას არ მოსწონს.
„დღეს თუ არა, მომავალში ჰიმნი უნდა შეიცვალოს“, – მიაჩნია ალენ სიმონიანს.
• კანადის ჰიმნი გენდერულად ნეიტრალური გახდება
• აფხაზეთის ჰიმნის ავტორი პედოფილიაზე ეჭვის გამო დაპატიმრებულია
სომხეთის ახლანდელი ჰიმნი
სომხეთის ახლანდელი ჰიმნი „ჩვენი სამშობლო“ 1991 წელს დამტკიცდა. მას საფუძვლად დაედო მიკაელ ნალბანდიანის ლექსი „იტალიელი გოგონას სიმღერა“. მუსიკის ავტორია ბარსეგ კანაჩიანი.
კონკურსი ახალ ჰიმნზე საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ
ჰიმნის შეცვლის საკითხი 2005 წელსაც ოფიციალურად განიხილებოდა. მაშინ სომხეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ეროვნულ საკრებულოს ერთი წლის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნი კანონით უნდა დაედგინა. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა კონკურსი, რომელზეც 85 განაცხადი წარადგინეს.
მეორე შესარჩევ ტურში ხუთი ვარიანტი გავიდა. ეს იყო – კომპოზიტორ ტიგრან მანსურიანის მელოდია ეგიშე ჩარენცის ლექსზე, რობერტ ამირხანიანის – ლუდვიგ დურიანის ტექსტზე, ერვანდ ერნზკიანის მიერ არარატ ბ-ს ფსევდონიმის მქონე პოეტის ლექსზე შექმნილი მუსიკა, და ედგარ ოვანესიანის მელოდია ვააგნ დავტიანის ლექსზე. განიხილებოდა ასევე საბჭოთა დროის, არამ ხაჩატურიანის მიერ არმენ სოგომონიანის ტექსტზე შექმნილი სომხეთის ჰიმნის დაბრუნების ვარიანტიც.
საბოლოოდ გაიმარჯვა ჰიმნმა „ჩვენი სამშობლო“, ანუ მეორე რესპუბლიკის ჰიმნმა, რომელიც 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიიღეს.
ჰიმნი შარლ აზნავურისგან
2017 წელს ისევ ჰიმნის შეცვლის საკითხზე მსჯელობდნენ. მაშინ ამ წინადადებით მსოფლიოში სახელგანთქმული შანსონიე შარლ აზნავური გამოვიდა. მან სომხეთს ქვეყნისთვის ახალ ჰიმნად საკუთარი სიმღერა „შენთვის, სომხეთო“ შესთავაზა.
აზნავური თავად არის სიმღერის Pour toi Arménie ტექსტის ავტორი. ამ ლექსზე მუსიკა კი ჟორჟ კარვარენცმა შექმნა. სიმღერა 1988 წელს – სომხეთში 7 დეკემბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე დღეში, დაზარალებულების დასახმარებლად დაიწერა. ეს სიმღერა პირველად საფრანგეთის ტელევიზიის ეთერით 87-მა ცნობილმა ფრანგმა მომღერალმა შეასრულა.
შანსონიეს წინადადებას, მისდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად, სომხეთში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, და ის არ მიიღეს.
არამ ხაჩატურიანის ჰიმნი
2018 წელს ჰიმნის საკითხი ისევ დადგა. ისევ დაიწყო კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანის მიერ შექმნილი საბჭოთა სომხეთის ჰიმნის დაბრუნების შეთავაზება. ამჯერად ინიციატორი იყო არამ ხაჩატურიანის სახლ-მუზეუმი. თუმცა, მაშინ სომხეთის მოსახლეობამ არსებული ჰიმნის ხაჩატურიანისეული ჰიმნით შეცვლის თაობაზე პეტიციას მხარი არ დაუჭირა.
ასე რომ, მცირეა იმის ალბათობა, რომ ვიცე-სპიკერის ინიციატივას ადამიანები მხარს დაუჭერენ.
როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალურ ქსელებში
ალენ სიმონიანის ინიციატივას სოციალური ქსელებში მწვავე მსჯელობა მოჰყვა. ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰიმნი – სულაც არ წარმოადგენს სომხეთისთვის არსებით პრობლემას.
აი, სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა რამდენიმე ჩანაწერი:
„თვითდამკვიდრების ბევრად უფრო წარმატებული გზები არსებობს. საქმით დაკავდით და არა ჰიმნის შეცვლით. ჯერ ამის უფლება უნდა მოიპოვოთ“.
„ეს არ არის სამსჯელო საკითხი. რა საჭიროა ადამიანების ყურადღების არსებითი პრობლემებიდან სხვა რამეზე გადატანა“.
„მოდით, გამოკითხვა ჩავატაროთ და ადამიანების განწყობა გავიგოთ. ჰიმნის ასე უბრალოდ არ ცვლიან“.