სომხეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭადრაკის საერთაშირისო ღია ტურნირმა International Sivas Buruciye Open Chess Tournament-A, რომელიც თურქეთში 19 აგვისტოს დაიწყო, აზერბაიჯანელი სპორტსმენების მოთხოვნით, უარი განაცხადა სახელოვანი სომეხი მოჭადრაკე ქალის, მარია გევორგიანის მონაწილეობის დაფინანსებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავად გამოაცხადებდნენ მონაწილეობაზე უარს.
ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის საკუთარი გვერდზე სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ მხითარ აირაპეტიანმა გაავრცელა.
ტურნირის ორგანიზატორებს ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გმოუქვეყნებიათ. ასევე, განხილვაში თურქეთისა და აზერბაიჯანის მედია არანაირად არ მონაწილეობს.
ინფორმაცია სომხეთიდან
დეპუტატმა მხითარ აირაპეტინმა დაწერა, რომ ეს ინფორმაცია „ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორისგან მუსტაფა ეროღლუსგან“ მიიღო.
მან განაცხადა, რომ საერთაშორისო ოსტატს და ჭადრაკში სომხეთის სამგზის ჩემპიონს მარია გევორგიანს შეხვდა და მას აჩვენა ოფიციალური მოთხოვნა, რომელიც უკვე გაგზავნილია ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ფიდე).
წერილში აირაპეტიანი სომხეთის ნაკრების წევრის თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირიდან ჩამოშორების დასაბუთებას მოითხოვს:
„აზერბაიჯანული მხარე ფაქტობრივად ზეწოლას ახდენს, და რასისტული რიტორიკით ხელმძღვანელობს“, – წერს აირაპეტიანი და მოითხოვს, რომ ფიდემ „სპორტულ საზოგადოებას პასუხი გასცეს“.
დეპუტატი წერილში იუწყება, რომ სომეხმა ფეხბურთელმა გენრიხ მხითარიანმა ბაქოში 2019 წლის 29 მაისს გამართულ ევროპის ლიგის ფინალში ინგლისური კლუბის „არსენალის“ შემადგენლობაში მონაწილეობა ვერ მიიღო. დეპუტატმა აზერბაიჯანი იმაში დაადანაშაულა, რომ სომეხ სპორტსმენს „უსაფრთხოების საკმარისი გარანტია ვერ მისცეს“.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გენრიხ მხითარიანის მიერ ბაქოში გამართულ ევროპის ლიგის ფინალში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა. კერძოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლება და უეფა მაშინ ოფიციალურად იძლეოდნენ გარანტიას, რომ ლონდონური კლუბის „არსენალის“ მოთამაშეს გენრიხ მხითარიანს ბაქოში პრობლემები არ შეექმნებოდა“. მაგრამ თავად სპორტსმენმა და კლუბმა გადაწყვიტეს, რომ არ გაერისკათ.
ინფორმაცია აზერბაიჯანიდან
აზერბაიჯანში ამ ტურნირზე სომეხ და აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებს შორის რაიმე ინციდენტის თაობაზე არავინ არაფერი იცის. სომეხი მოჭადრაკეები ბაქოში ტურნირებზე ჩადიოდნენ, და მათმა ლიდერმა ლევონ არონიანმა ქალწულის კოშკის ფონზე ფოტოც კი გადაიღო. სომეხ მოჭადრაკეებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ.